სენ-ჟერმენი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენ–ჟერმენი

სენ-ჟერმენი(Saint Germain blance, Louise bonne, Louise bonne ancienne, Wahre Gute Louise, Çute Louise, Duhamel՚ s Gute Louise).ქართული სინონიმი: „ზამთრის გულაბი. “ მსხლის ჯიში სენ-ჟერმენი გერმანიაში ცნობილია Erlauer Birne-ს და Virgouleuse von Ungarn-ის სახელწოდებით. წარმოშობით სენ-ჟერმენი საფრანგეთიდანაა, სადაც 1672 წ. უკვე ფართოდ იყო ცნობილი. სენ-ჟერმენს სამრეწველო მნიშვნელობით უმთავრესად უნგრეთში აშენებენ.

საქართველოში შემოდგომის სენ-ჟერმენი საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ჯიშია ქართლის მეხილეობის რაიონებში; იგი გვხვდება აგრეთვე კახეთშიაც მცირე რაოდენობით; შედარებით მეტად – ახალციხეში. დასავლეთ საქართველოში გვხვდება, როგორც გამონაკლისი, თითო ოროლა ხის სახით – კოლმეურნეთა კარმიდამოებზე; აფხაზეთში კი უფრო ხშირია სენ-ჟერმენის ხეები ბაღჩებში და მთლიან ნაკვეთებადაც.

ახალ ნარგავებში სენ-ჟერმენს ზოგ ადგილში 5–10% ფართობი დაეთმო.

ნაყოფი მოგრძო კვერცხისებრი ან ნამდვილი მსხლისებრია, საშუალო სიმსხოსი; უხვი მოსავლის შემთხვევაში ნაყოფი მეტად წვრილდება. ახალგაზრდა ხე საშუალოზე უფრო მსხვილ ნაყოფს იძლევა. ყუნწი საკმაოდ მაგარი აქვს, ამიტომ ნაყოფი მტკიცედ ზის სანაყოფე ტოტებზე, რის გამოც მცირე ნაქარს იძლევა. ნაყოფი საწყობში არ ჭკნება, კარგად იტანს ტრანსპორტს.

ჯამი ღიაა და ზის არაღრმა და საკმაოდ განიერ, მონაოჭებულ, ბორცვიან ღრუში; ჯამის ფოთლები მსხვილი, გრძელი და გადახრილი აქვს.

სენ–ჟერმენის ყვავილი

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, ხან მოკლე, უფრო ხშირად წაწოლილია. ყუნწის ძირი გასქელებულია და ხორციანი და ზევიდან შემაღლებულად ზის ნაყოფზე.

ნაყოფის კანი თხელია, მკვრივი; მოკრეფისას მკრთალი მომწვანო ფერისაა და მკრთალი მუქი ნაცრისფერი წერტილებითაა დაფარული; ჯამის ღრუში და ზოგჯერ ნაყოფზედაც ჟანგაროს ხალები და ზოლები გვხვდება. სრული სიმწიფისას კი ნაყოფის კანი ნამჯისფერ-ყვითელ ფერს ღებულობს, მზის მხარეზე ხშირად უჩნდება მკრთალი წითელი ფერის ლოყა.

ნაყოფის ხორცი მომწვანო-მოთეთროა, ნაზი, ძლიერ წვნიანი, მდნარი, სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო და საერთოდ განსაკუთრებული შეხამებული გემოთი და სურნელებით.

ჭარბტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობებში ნაყოფის ხორცი მეტად წყლიანი, მცირე შაქრიანი და ნაკლებ სურნელოვანი გამოდის. საკონსერვო ქარხნებში გადამუშავებისას არ ჰკარგავს თავის მაღალ ღირსებას. სენ-ჟერმენის ნაყოფი საუცხოო საკონსერვო პროდუქტს იძლევა. კონსერვაციის დროს ნაყოფის ხორცი არ მუქდება, არამედ თეთრი რჩება და ხარშვისას არ ქაშდება. ხორცში არ აქვს გრანულაციები (კენჭები) ანუ გამერქნებული უჯრედები.

ხე იზრდება ძლიერად, ინვითარებს განიერ პირამიდულ ვარჯს, ცოცხლობს დიდხანს. ხე გამძლეა ყინვების მიმართ, დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს გარემო პირობებს. კარგად გვარობს როგორც ძლიერ საძირეზე, ისე კომშზედაც. ყვავილობა საშუალო პერიოდის აქვს; ყვავილები თვითსტერილია, მის კარგ გამანაყოფიერებლად ითვლება შემდეგი მსხლის ჯიშები: „ბერგამოტ ესპერენის“ და „პას-კრასანი“.

ყვავილი ყინვამგრძნობიარე არ არის. ადრე შედის მოსავლიანობაში, იძლევა უხვსა და სხვა უხვმოსავლიან მსხლის ჯიშებთან შედარებით რეგულარულ მოსავალს. იშვიათი არაა 4–5 ცენტნერი მოსავალი თითო გაზრდილი ხიდან. ნაყოფი იჩითება მხოლოდ ჭარბტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობებში. მოკრეფის დრო სექტემბრის ბოლო რიცხვებში უდგება და საწყობში დეკემბრის გასვლამდე სძლებს. ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტს. მოკრეფისას ნაყოფი დაოფვლას სულ არ უნდა განიცდიდეს, არამედ უმალვე ცივ სარდაფში უნდა ინახებოდეს.

ხე კარგად გვარობს და უხვ მოსავალს იძლევა თბილი ჰავის პირობებში, კირიან და ნახევრადმძიმე ნიადაგებზე, ნორმალური რწყვისა და ნორმალური ტენიანობის პირობებში. მშრალ გრუნტში და მწირ ნიადაგებზე მოსავალს მცირეს იძლევა, ხის სიცოცხლის ხანგრძლივობაც მოკლეა და ნაყოფის ხარისხიც მეტად მდარე.

სერ-ჟერმენი საუცხოვო სამრეწველო სუფრის საკონსერვო და საოჯახო ჯიშია. მისი გაშენება ფართო მასივებად ყოველმხრივ მიზანშეწონილია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები