ბაკურაძე სვიმონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სვიმონ ბაკურაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მღვდელი სვიმონ ბაკურაძე

ბაკურაძე სვიმონი – (1862, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფ. ჯვარისა – 13.12.1937), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელი. დაიბადა მღვდელ ვასილ ბაკურაძის ოჯახში. წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჭელიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში შეისწავლა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი.

1888 წლის 21 ივლისს დაინიშნა სოფ. ქედისუბნის მთავარანგელოზთა ტაძრის მედავითნედ. 1888 წლის 19 დეკემბერს გადაიყვანეს სოფ. მოტყიარის წმ. გიორგის ტაძარში. 1892 წლის 22 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა, წმ. გაბრიელმა (ქიქოძე), დიაკვნად აკურთხა. 1892 წლის 8 ივლისს მისივე ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა და სოფ. ქედისუბნის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1896 წლის 2 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 7 მარტს გადაიყვანეს სოფ. ჯვარისას წმ. გიორგის ტაძარში. ბაკურაძე ორჯერ იყო დაჯილდოებული რუსეთის იმპერიის ნიკოლოზ II-ის საპატიო სიგელებით.

ბაკურაძეს დღესაც დიდი მოწიწებით იხსენებენ რაჭის სხვადასხვა სოფელში. მისი ყველა მოქმედება ღვთისმოშიშებითა და უფლის სიყვარულით იყო გამსჭვალული. ხშირად პურით, ღვინით, სიმინდით, ლობიოთი, საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული ურმები მისი ეზოდან სხვადასხვა სოფელში გადიოდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ყველას უყვარდა სოფლის კეთილი მოძღვარი, მადლიერ ადამიანებს პირზე ეკერათ მისი სახელი. მოძღვრის სიტყვას, ქადაგებასა და რჩევა-დარიგებებს დიდი გულისყურით ისმენდნენ და პატივით ეკიდებოდნენ.

XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა სოფ. ჯვარისას ტაძარი და ბაკურაძეს აუკრძალა მშობლიურ სოფელში ცხოვრება. მოძღვარი იძულებული გახდა, დროებით საცხოვრებლად ტყიბულის მაზრაში გადასულიყო და სოფ. ძმუისში დასახლებულიყო. ძმუისელებმა მალე შეიყვარეს კეთილშობილი მოძღვარი. მისმა ავტორიტეტმა მტრულად განაწყო ათეისტი მეზობლები, პარტმუშაკები და ამჯერად არათუ სოფლიდან, საკუთარი ოჯახიდანაც აიძულეს წასულიყო, აუკრძალეს ხალხთან ურთიერთობაც. ბაკურაძეს საკუთარ ეზოში მოუზომეს პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ ფიცრულ საბძელში მიუჩინეს საცხოვრებელი.

მამა სვიმონის ბედი გაიზიარეს მისმა შვილებმა. მათ დევნიდნენ, როგორც მღვდლის შვილებს, მისი ერთ-ერთი ვაჟი ალექსანდრე კი დაიჭირეს, რადგანაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

ცხოვრების ქარტეხილმა ვერ გატეხა განაწამები მოძღვარი. მიუხედავად აკრძალვისა, იგი უშიშრად აღავლენდა წირვა-ლოცვას, ატარებდა ნათლობებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს. 1937 წლის „ურჩი მოძღვარი“ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. 1937 წლის 13 დეკემბერს ბაკურაძე, რომელიც წმ. იობის მსგავსად, ითმენდა ხორციელ სატანჯველს, უფლის წინაშე ღირსეულად წარდგა. სამეულის გადაწყვეტილებით მას დახვრეტა მიესაჯა.

ბაკურაძის ბედი გაიზიარეს მისმა შვილებმა. სამივე – ალექსანდრე, ვასილი და მიხეილი – დააპატიმრეს (მიხეილი ციხეში გარდაიცვალა).

გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფონდი №489, აღწერა 1, საქმე №47970, საქმე №47986.
  • „კარიბჭე“, 2009, №22.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები