სიორა ჟორჟ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ სიორა. შუადღე გრან ჟატის კუნძულზე კვირა დღეს, 1884-1886

ჟორჟ სიორა – (Georges Seurat, 1859-1891) პარიზში დაიბადა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. იგი ცდილობდა „შეესწორებინა“ იმპრესიონიზმი, რომელსაც ზედმეტად ზედაპირულად და იმპროვიზაციულად მიიჩნევდა. სიორა კლასიკური რელიეფის მკაფიო სტრუქტურას და ოპტიკისა და ფერთა თეორიით ნაკარნახევ, ერთი შეხედვით, სისტემურ, სინამდვილეში კი, ფერთა საკმაოდ ემოციურ გამოყენებას ანიჭებდა უპირატესობას. იგი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული მიშელ ეჟენ შევრელის 1820-იან წლებში აღმოჩენილი „ფერთა სიმულტანური კონტრასტის კანონით“. შევრელის დაკვირვებით, მომიჯნავე საგნები არა მარტო ირეკლავდნენ ერთმანეთის ფერს, არამედ, ე.წ. დამატებითი ფერის ეფექტსაც წარმოქმნიდნენ. ამდენად, თუკი ყვითელი საგნის გვერდით ლურჯი იყო მოთავსებული, მაშინ, ლურჯში, თვალი იისფრის, ანუ ყვითლის დამატებითი ფერის კვალს შეამჩნევდა, ხოლო ყვითელში - ლურჯის დამატებითი ფერისას, ანუ ნარინჯისფერს.

სიორას მიზანი სხვადასხვა მიმართულებით დადებული, სუფთა ფერის ცალკეული მოკლე მონასმებით ისეთი მხედველობითი ვიბრაციების შექმნა იყო, რომლებიც გააცოცხლებდა სურათის ზედაპირს; ამ ხერხს მოგვიანებით, „დივიზიონიზმი“ ან „პუანტილიზმი“ ეწოდა. თეორიულად, გვერდიგვერდ დადებული ეს პატარა სხვადასხვა ფერის მონასმები გაერთიანდებოდა რა მაყურებლის თვალში, სხვა ფერის შთაბეჭდილებას წარმოქმნიდა. გარკვეული მანძილიდან ეს ახლად წარმოქმნილი ფერი, უფრო შუქმნათი და ინტენსიური იქნებოდა, ვიდრე ცალკე აღებული იგივე ტონალობა, ახლოდან კი სიორას მონასმები და ფერები ისევ განსხვავებული და განცალკევებული გამოჩნდებოდა. სიორას დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი „შუადღე გრან ჟატის კუნძულზე კვირა დღეს“ პირველად 1886 წელს, იმპრესიონისტების მერვე ანუ ბოლო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. დასვენება და გართობა კვირა დღეს ტიპური თემაა იმპრესიონიზმისათვის, მაგრამ შესრულების მკაფიო მანერა, ფიგურათა მკვეთრი, გახევებული პოზები და კომპოზიციის კარგად გათვლილი გეომეტრიულობა, რაც ერთგვარ საზეიმო ეფექტს ქმნის, საკმაოდ განსხვავდება იმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი „ნატურალისტური შემთხვევითობისაგან“. სიორა მხოლოდ თერთმეტ ფერს იყენებს და თითოეულის სამ ტონს ხმარობს. როდესაც სურათს სამი მეტრის დისტანციიდან ვუყურებთ, მრავალი ფერითა და სხვადასხვა ტონალობით შესრულებულ პარკში მყოფ ფიგურებს ვხედავთ, სურათთან მიახლოებისას კი (დაახლოებით ერთი მეტრის მანძილიდან) მკაფიოდ აღვიქვამთ სხვადასხვა ფერის ცალკეულ ლოკალურ წერტილებს, ფორმები კი ჩვენს თვალწინ თითქოს იშლება, კარგავს კონკრეტულობას და აბსტრაქციად იქცევა.

პირველი გამოჩენისთანავე სურათმა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები დაიმსახურა. თანამედროვეთა წარმოდგენით, კუნძული ჟატი კვირაობით (ოფიციოზის მიერ ფრანგი მუშების ოჯახებისათვის ახლად დაწესებულ უქმე დღეს) ხმაურიანი, დანაგვიანებული და ქაოსით მოცული ადგილი იყო. სიორა კი ამის საპირისპირო შთაბეჭდილებას ქმნის სურათზე, რადგან მუშათა და საშუალო კლასის ერთ სივრცეში დასვენების შესაძლო იდეალურ სურათს წარმოგვიდგენს; მას უნდოდა ეჩვენებინა, თუ როგორი მშვიდი იქნებოდა ცხოვრება კუნძულზე ამ ორი კლასის ჰარმონიული თანაარსებობის შემთხვევაში. ზოგი ხელოვნების ისტორიკოსი აქ უაზრო ჩვეულებებისა და ხისტი დამოკიდებულებების მქონე პარიზის მზარდი საშუალო კლასის მიმართ სიორას დამცინავ დამოკიდებულებას ხედავს, ზოგი კი ამ სურათს მხოლოდ ფორმისა და ფერის თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად სიორას ინტელექტუალურ ვარჯიშად მიიჩნევს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები