სიხმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიხმა

სიხმა − ქალის ზედა, გარეთა ჩასაცმელი, ატლასის ფერადი ქსოვილი იყო.

იგი ფაბრიკული ქსოვილისაგან − ხავერდისაგან, სატინასაგან, მაუდისა და ფარჩისაგან მზადდებოდა. მას აჭარაში ქალის ზედა ტანის ჩაცმულობაში ერთ- ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა. სიხმა განსაკუთრებული გემოვნებითა და სიფაქიზით, ხელსაქმის შესრულების მაღალი დონით გამოირჩეოდა. აჭარაში გავ რცელებული იყო ორი სახის სიხმა: გულამოჭრილი და გულდახურული. მისი ნაწილები იყო: გულისპირი, წინა კალთა, სახელო. გულისპირი ორნამენტებით იყო შემკული. გულამოჭრილი სიხმის მორთვა-მოკაზმვისათვის სხვადასხვა ფერის ძაფსა და ყაითანს იყენებდნენ. გულდახურული სიხმა ნაკერებით იყო გაფორმებული. მას „ნაკერებიან სიხმასაც” უწოდებდნენ. გულამოჭრილი სიხმა ძირითადად ბარში, მთიან ზოლში კი − გულდახურული სიხმა იყო გავრცელებული.

სიხმა

ახალგაზრდა ქალები სიხმის შემადგენელი ნაწილების შემკობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რაც ნაირნაირი სახეებით და დახვეწილი ქარგულობით ხასიათდებოდა. სიხმა ორნამენტებით გამოირჩეოდა. გვხვდებოდა შემოქმედებითი მიდგომის ბევრი ვარიანტი, რომელშიც მცენარეული, გეომეტრიული, ასევე, ზოომორფული სახეებისა და მოტივების ფართო ნაირგვარობა იყო წარმოდგენილი. მათი ხალხური სახელწოდებები იყო სამურა, ნაძვტოტა, ზვინა, კუკულები, ვარდი, აგრეთვე, ხურხკბილა, ნამგალი, კავები... გეომეტრიული ორნამენტებიდან ცნობილი იყო სამკუთხედები, ოთკუთხედები, ტეხილი ხაზები. მასში მნიშვნელოვანი იყო მზის სიმბოლოსა და ჯვრის შენიღბული გამოსახულებანი. ახალგაზრდები წითელს, მწვანეს, ხოლო ხანდაზმული ქალბატონები შავ სიხმას ამჯობინებდნენ. ამდენად, ფერს ასაკისა და გემოვნების მიხედვით არჩევდნენ.

სიხმის სატანე რვა მეტრი თეთრი ქსოვილით იყო დასარჩულებული. სატანე ქალის ტანზე მჭიდროდ იყო მორგებული. სიხმის შესაბნევი მკერდს ქვემოთ იწყებოდა და წელამდე გრძელდებოდა. ღილებად კოპჭებს იყენებდნენ. სიხმის შესამკობ მასალად სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ყაითნებს, ფერად ძაფებს და ღილებს ხმარობდნენ. ერთმანეთთან შეხამებული იყო წითელი და შავი, ყვითელი და მწვანე, შავი და მწვანე ფერები. მრავალფეროვნებით სიხმაზე გამოყენებული ორნამენტი გამოირჩეოდა.

აჭარელმა ქალებმა სათუთად შემოინახეს ჯვრით გამოსახული ჩასაცმელი და იგი ჩვენს დრომდე მოიტანეს. ამ ჩასაცმელში ნათლად იგრძნობა ქართული ეროვნული ჩაცმულობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. სიხმის მსგავსება ქართველი ქალის ჩაცმულობასთან განსაკუთრებული სიცხადით მის ქარგულობაში მოჩანდა. ჯვარსახოვანი გამოსახულებები აჭარელი ქალის ჩაცმულობაში ორნამენტის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს წარმოადგენდა, რომელიც აჭარაში ქართული ტრადიციული ორნამენტის შემონახულობაზე მიუთითებდა. ჯვრის გამოსახვა ქართულ ტანსაცმელზე საქართველოს სხვა კუთხეშიც დასტურდება. მაგალითად, ჯვრის გამოსახულებით უხვადაა შემკული ხევსურული ტანსაცმელი. მართალია, სიხმა თავისი ძირითადი თარგით საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთა ყოფაში არ დასტურდება, მიუხედავად ამისა მათზე გამოსახული ჯვარი, ქართული სამოსელის შემკულობასთან გარკვეულ მსგავსებას ავლენს.

თარგის მიხედვით სიხმის მსგავსი სამოსელი ანატოლიელ გლეხებში „ჩეპკენის” სახელწოდებას ატარებდა, თუმცა, განსხვავებაც შეიმჩნეოდა: სიხმა უფრო მოკლე და ტანზე უფრო მჭიდროდ იყო მორგებული. ამავე დროს ამ ჩასაცმელში ქართული ეროვნული ჩაცმულობისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნათლად იგრძნობოდა, მაგალითად, წელზე მორგების წესი და განსაკუთრებით მისი ქარგულობა. როგორც სიხმაზე, ისე ტანსაცმლის სხვა ელემენტებზე – წინდებზე, ხელთათმანებზე, თორებზე, ხშირად, ჯვრის შენიღბულ გამოსახულებას ვხვდებოდით. იგივე შეინიშნებოდა მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებზეც.

სიხმის უკეთ წარმოდგენისათვის ერთ კონკრეტულ არტეფაქტს − შუახევის რაიონის სოფელ ჭვანიდან ცნობილი ხავერდის სიხმას განვიხილავთ. ამ სიხმაზე, მკერდს ქვემოთ წვრილი ნაკერებით შედგენილი საკალთე იყო ჩადგმული, რომელიც მუქი ვარდისფერი აბრეშუმის ყაითნით იყო შემკული. მკერდს ქვემოთ მოქცეულ წვრილ ნაკერებს აგურისფერი აბრეშუმის ქსოვილის 1,5 სმ სიგანის ზოლი კვეთდა, რომლის ზედაპირზე იისფერი აბრეშუმის ძაფით გამოყვანილი გრეხილი − აქაურად ხუწუწა ორნამენტი მიუყვებოდა. კალთის აღნიშნული ნაწილი ყვითელი და შავი აბრეშუმის მინაოჭებული ყაითნით იყო შემკული, შემკული იყო სიხმას გულისპირიც. ერთი სიტყვით, იგი მთლიანად უხვად იყო შემკული. სიხმა ხშირად გამხდარა ხალხური ლექსების ობიექტი: „ჩაბრასტი, რანწკი, რანწკი,/გოგოებო, დამწვი, დამწვი” ანდა „მე რომ სიხმა შევიკერე,/გული, პირი, ალსიტანი,/მთელმა სულერმა მიყურეთ,/არის ზოჰრუას დესტანი“.


ლიტერატურა

სამსონია, 2005:63; სამსონია, 1977; ვარშალომიძე,1979; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:395.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები