სკანდარნოვა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკანდარნოვა გიორგი − (1850-1917), გიორგი ივანეს ძე სკანდარიანი. მომღერალი, მხატვარი (მღებავი), პოეტი. დაიბადა თბილისში. ლექსებს წერდა ქართულ ენაზე; საიათნოვას მიბაძვით დაირქვა სკანდარნოვა; იყო დავით გივიშვილის თანამედროვე და ლიტერატურული მეტოქე. გამოცემულია მისი 30 პოეტური კრებული. იგი, ასე ვთქვათ, გაურანდავი სტილის პოეტია, ვერსიფიკაციული ოსტატობაც აკლია, მის ლექსებში ხანდახან ყურს გვჭრის არმენიზმები. მისი უამრავი ლექსი საფუძვლად დაედო მუსიკალურ ნაწარმოებებს და ქალაქურ სიმღერებად იქცა, მათ შორისაა: „ორთავ თვალის სინათლევ”, „ახ, თვალებო, თვალებო” .


* * *
ქვეყანა ჩალად არა ღირს,
სიცოცხლე ძალად არა ღირს,
თუნდ გქონდეს ქვეყნის სიმდიდრე,
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს.
მდიდარნო, უბრალოდ სცდებით,
ფულების გროვითა კვდებით,
ბოროტის მეტს, არას შვრებით,
სიმდიდრე ვალად არა ღირს.
ვერ ვხედავ კეთილ დროებას,
ვერც სიმშვიდითა ზნეობას,
ცდილობენ ფულის გროვებას,
რომელიც სალად არა ღირს.
სოფელი − წუთი ხმა არის,,
სიცოცხლე − ვითარ თმა არის,
ლოთისაც მარტო სმა არის,
სილხინე მთვრალად არა ღირს.
ქვეყანა ვით სიზმარია,
ცეცხლისა მომდებარია.
რისთვის ვართ?.. საოცარია!
ჭმუნვა-სატირლად არა ღირს.
სკანდარნოვ, არა მაქვს ბედი,
სოფლითაც ნუ მაქვს იმედი.
ნურა გსურს, სახლისა მეტი,
ცხოვრება მართლაც არა ღირს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები