საიათნოვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

საიათნოვა (1722–1801) — აშუღი, მგოსანი, საზანდარ–მომღერალი მეფე ერეკლე მეორის კარზე, ტომით სომეხი. წერდა და მღეროდა სამ ენაზე — ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. იყო კლასიკური ტიპის აშუღი — თავად მთხზველი, თავადვე დამკვრელი, თვითვე მღერალი და ჰანგისაც თავად შემწყობელი. საიათნოვა ის აშუღია, რომელმაც პირველად იმღერა „სპარსულ ხმებზედ“ ქართული სიტყვით და ამით სათავე დაუდო ჩვენში აშუღური პოეზიის ქართულენოვან შტოს (და არა ქართულს, რადგან ქართული აშუღური პოეზია, როგორც ერის მიერ სისხლხორცეულად მიღებული კულტურული ფაქტი, როგორც ტრადიციით შემტკიცებული სპეციფიკური ცნება, ქართულ სინამდვილეში არც მანამდე და არც შემდეგ არასდროს არსებულა). ამ შტომ რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი საიათნოვასავით სამ ენაზეც კი მღეროდა, ძველი აშუღური პოეზიის კლასიკური ნიშნებისგან დაცლილმა და შინაგანად დაშლილმა თითქმის ჩვენი საუკუნის ოციან წლებამდე მოატანა, რათა აქ საბოლოოდ ჩაჰბარებოდა ისტორიას.

საიათნოვას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მეტად მწირი წყაროები მოიპოვება. ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ ცნობას ისევ მისსავე ლექსებში და ლექსებზე მინაწერებში ვხვდებით. აშუღის გვარი არ ვიცით, საიათნოვა აშუღური ტრადიციისამებრ შერჩეული ფსევდონიმია, სახელად კი არუთინა რქმევია. ყოფილა თბილისელი. „ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე საქართველოსი, დედა ავლაბრელი მყავს, მამა კი ალეპოელი“, — თავად გვამცნობს ერთ აზერბაიჯანულ ლექსში. იყო საბატონიშვილო ყმა შემდგომში საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეცამეტისა, მაგრამ უფრო ხშირად ერეკლეს ახლდა. ერეკლეს კარზე დიდი აშუღური სახელისთვის მიუღწევია და მეფის დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა თურმე მალე რაღაც მიზეზის გამო ერეკლე აშუღს შემოსწყრა და სასახლიდან დაითხოვა. შემდგომში საიათნოვა საინგილოში, კახში, მღვდლად გაამწესეს და მეუღლის სიკვდილის შემდეგ ბერად აღკვეცეს ახპატში. სასახლიდან დათხოვნისა და სალდატანებით სასულიერო წოდებაში გადაყვანის სიმწარე აშუღის ამ ისრიოდის ლექსებში დიდი გულისტკივილით არის ასახული.

საიათნოვას დაბადება-გარდაცვალების თარიღი ზუსტად არ არის (ცნობილი. სტატიის თავში მოტანილი თარიღი კომპეტენტურ მეცნიერთა წრეში უფრო მისაღებად არის მიჩნეული.

საიათნოვა ძველი, ტრადიციული ტიპის აშუღია, სისხლხორცეული წარმომადგენელი აღმოსავლური აშუღური პოეზიისა. იგი ერთგულად იცავს და მიჰყვება ამ პოეზიისთვის დამახასიათებელ კანონიკურ სალექსო ზომებს, ფორმებს, პოეტურ სახეებსა და იდეურ მიმართულებას. მისი ლექსები სავსეა აღმოსავლური კლასიკური პოეზიის გავლენით აშუღური პოეზიაში შეჭრილი ტრადიციული, საიმდროოდ უკვე ათასთაგან ნახმარ-ნაცვეთი პოეტური სახეებითა და შედარება–გამოთქმებით. მაგრამ დიდი პოეტური ნიჭის მეოხებით საიათნოვა ისეთი შინაგანი მადლითა და ლაზათით ამბობს სათქმელს, ისეთი უშუალო გულითადობით მიდის მკითხველ-მსმენელთან, რომ სულ არ გეძალებათ აშუღური სალექსო-სააზროვნო ხერხების ის ნაცნობი ტრაფარეტი, რომელსაც შემდგომში თავი ვერ დააღწია მისთა უნიჭო მიმბაძველთა ლაშქარმა.

საიათნოვამ იცის პოეტური სიტყვის ყადრი, თუ „ზოგი კაცი ღვინის სმას ეხვეწებ…, ჩემი ენა გამოთქმას ეხვეწება“, — ამბობს ერთ ლექსში. მან იცის აგრეთვე თავისი — როგორც ოსტატისა და მოლექსე-გამომთქმელის ყადრიც და ამიტომ უთქვამს თელავში ვინმე მოპაექრესთვის:

მას ნუ იტყვი - საზანდარი ვინა ვარ!
ანა-ბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ.
საიათნოვა მქვიან, არუთინა ვარ,
სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!

საიათნოვას, როგორც თბილისური ბოჰემის ნაღდ წარმომადგენელს, ასეთი შემართებაც ახასიათებს და ძალიც შესწევს ქადილისა. მსგავსი მაგალითები მგოსნის სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებშიც მრავლად არის გაბნეული.

საიათნოვას პოეზია ძირითადად სატრფიალო თემას დასტრიალებს თავს, თუმცა მისთვის უცხო არ არის მოქალაქეობრივ–სოციალური და რელიგიური მოტივებიც. ამას გარდა, სამსავე ენაზე მრავლად მოეპოვება დიდაქტიკური ლირიკის ნიმუშებიც. მან, როგორც სიტყვის ოსტატმა და ნიჭიერმა ხელოვანმა, დიდი გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელ თბილისელ (და არა მარტო თბილისელ) აშუღთა პოეზიაზე. მგოსანს თავისებური დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშეც; იგი ითვლება მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად ქართულ პოეზიაში.

საიათნოვა ინტერნაციონალური მგოსანი იყო ამიერკავკასიის მასშტაბით, სამი ხალხის მეგობრობის მომღერალი. კოლორიტული პიროვნება იყო ცხოვრება-მოღვაწეობითაც და შემოქმედებითაც. მას დიდად აფასებდნენ მომდევნო ხანის ქართველი მოღვაწენი და პოეტები. მისი პირველი შემსწავლელი იყო თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც ასე აფასებს საიათნოვას: „…ლექსებსა სთხზვიდა სხვათა და სხვათ შემთხვევათ ჟამსა. თვითეულის შემთხვეულობის შესაბამისი სტიხები საკვირველად უთქომს აზრიანი და შესაბამიერი. თუმცა ლიტონი სტიხებია მდაბიურს გვარზედ, მაგრამ დიდად მოსაწონი“. პლატონ იოსელიანის ცნობითაც, საიათნოვა იყო „ცნობილი გვამი, გამოჩენილი მოლექსე. მოკვდა 1801 წელსა. იყო მწერალი მარტივითა საუბარისა ენითა, გარნა ჰაზრთა მკვეთრთა მექონი. იყო მომღერალიცა“. მსგავსი შეფასებები კიდევ გამოთქმულა.

საიათნოვას ცხოვრება მონოგრაფიულად პირველად შეისწავლა ი. გრიშაშვილმა და თავისი გამოკვლევა საიათნოვას ლექსებთან ერთად გამოსცა 1918 წ. საიათნოვას მონოგრაფიები უძღვნეს გ. ლეონიძემ, ლ. მელიქსეთ-ბეგმა. შრომები აქვთ დაწერილი აგრეთვე კ. კეკელიძეს, მ. ჩიქოვანს, ა. ბარამიძეს, ლ. მენაბდეს, გ. შაყულაშვილს, მ. რაფავას…... საიათნოვას სომხური ლექსები პირველად (1935) თარგმნა და მეცნიერული აპარატითურთ გამოსცა ლ. მელიქსეთ-ბეგმა, მეორედ (1972) — გ. შაჰნაზარმა. სომხურ ლექსთა უმეტესი ნაწილი თარგმნილი და დაბეჭდილი აქვს (ჟურნალ-გაზეთებში) აგრეთვე ზ. მედულაშვილს. მანვე პირველად თარგმნა საიათნოვას აზერბაიჯანული ლექსები.


ტექსტი

  • საიათნოვა, ქართული ლექსები, 1963.

ლიტერატურა

  • ი. გრიშაშვილი, თხზულებათა კრებული 5 ტომად: ტ. III, საიათნოვა, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, 1963;
  • გ. ლეონიძე, მგოსანი საათნავა, წიგნში: ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1949.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები