სკრიბი ოგიუსტენ ეჟენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოგიუსტენ ეჟენ სკრიბი

ოგიუსტენ ეჟენ სკრიბი − (ფრანგ. Augustin Eugène Scrib, 1791-1861), ფრანგი დრამატურგი. მისი შემოქმედება დაკავშირებულია საფრანგეთში მსუბუქი, დამაინტრიგებელი, სასაცილო გაუგებრობებით აღსავსე კომედიის განვითარებასთან.

1815-1830 წლებში ვოდევილი ითვლებოდა ყველაზე წამყვან და საყვარელ ჟანრად პარიზელებისათვის: მსუბუქი კომედია, რომელიც აგებულია მწვავე ინტრიგაზე, სასიმღერო კუპლეტების თანხლებით. საფრანგეთში ამ ჟანრის კლასიკოსებად მიჩნეული არიან ეჟენ სკრიბი და ეჟენ ლაბიში.

სკრიბი ნაყოფიერი დრამატურგი იყო. ხელმძღვანელობდა რა „კარგად გაკეთებული პიესის“ პრინციპით, უდავო ნიჭით გამორჩეულმა, შრომისმოყვარე სკრიბმა ოთხასამდე დრამატული ნაწარმოები დაწერა, მათ შორის 150-მდე ვოდევილი. სკრიბმა მოახდინა რეფორმა ვოდევილის ჟანრში. მისთვის მთავარი დევიზი იყო: „მაყურებელი სულ უნდა იცინოდეს“, რადგან სიცილი მძლავრი საშუალებაა კათარზისისთვის. მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს განეკუთვნება: „ბერტრანი და რატონი“ (1833), „დიდების კიბე“ (1837), „ჭიქა წყალი“ 91840), „ანდრიენა ლეკუვრერი“ (1849). მისი პიესების უმრავლესობა განუხრელი წარმატებით გადიოდა ფრანგული თეატრის სცენაზე. იგი ხშირად იყენებდა კლოუნადას, ექსცენტრიკას. იგი ძირითადად მსუბუქი ჟანრის ვოდევილისტია. ეჟენ სკრიბი ამავდროულად ცნობილი ლიბრეტისტი იყო. სკრიბის დრამატურგია საფრანგეთის საზღვრებს მიღმაც გახდა ცნობილი.

სკრიბმა 30-იან წლებში ვოდევილებით დაიწყო, მოგვიანებით კი თავისი დროის უნარიანად დამუშავებული ინტრიგების და მახვილი თვალით დანახული სოციალური და ყოფითი ნიშნების შემცველ კომედიებსა და ვოდევილებზე გადავიდა. მისი კომედიების მარტივი ფილოსოფია იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი მატერიალურ კეთილდღეობას უნდა ესწრაფოდეს, სწორედ მასშია, ავტორის აზრით, ერთადერთი ბედნიერება. სკრიბის გმირები მხიარული, მოხერხებული ბურჟუები არიან, რომლებიც ზედმეტად არ იწუხებენ თავს ცხოვრების აზრსა და მოვალეობაზე, ეთიკასა და ზნეობაზე ფიქრით. მათ ფიქრისა და განსჯისთვის არ სცალიათ, მათ სწრაფად და მარჯვედ უნდა მოაგვარონ თავიანთი საქმეები: სარფიანად დაქორწინდნენ, გაიკეთონ თავბრუდამხვევი კარიერა, უთვალთვალონ სხვებს. მთავარია, იმოქმედონ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ.

სკრიბის ერთ-ერთი საუკეთესო პიესაა „ჭიქა წყალი ანუ მიზეზები და შედეგები“(1840), რომელმაც მსოფლიოს ყველა სცენა მოიარა. ეს ისტორიული პიესაა, თუმცა ისტორია ავტორს მხოლოდ სახელებისთვის, თარიღებისთვის, პიკანტური დეტალებისთვის სჭირდება და არა ისტორიულ კანონზომიერებათა წარმოჩენისთვის. პიესის ინტრიგა ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგის - ლორდ ბოლინგბროკისა და დედოფალ ანას ფავორიტის, ჰერცოგინია მალბოროს ბრძოლაზეა აგებული. ისტორიის თავისეულ „ფილოსოფიას“ სკრიბი ბოლინგბროკის მეშვეობით გადმოგვცემს: „ალბათ თქვენ, ისევე, როგორც ადამიანთა უმრავლესობას, მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკურ კატასტროფებს, რევოლუციებს, იმპერიათა დამხობას სერიოზული, ღრმა და მნიშვნელოვანი მიზეზები იწვევს. ცდებით! გმირები, დიდი ადამიანები იმორჩილებენ სახელმწიფოებს და მართავენ მათ; მაგრამ თავად ისინი, ეს დიდი ადამიანები, საკუთარი ვნებების, საკუთარი ახირებების, საკუთარი პატივმოყვარეობის, ანუ ყველაზე მდაბალი და ყველაზე უსუსური ადამიანური გრძნობების მონები არიან“. მის პიესებში ხშირად გატარებულია ის აზრი, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა ინტრიგების ქსელია.

ბურჟუაზიულ მაყურებელს ძალიან აწყობდა ისტორიის ბრწყინვალედ აგებულ ანეკდოტად გადაქცევა. ინგლისის დედოფლის კაბაზე გადასხმულმა ჭიქა წყალმა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ზავის დადებამდე მიიყვანა საქმე. ბოლინგბროკი იმიტომ გახდა მინისტრი, რომ კარგად ცეკვავდა სარაბანდას, ხოლო დაკავებული პოსტი მან სურდოს გამო დაკარგა. მთელი ეს უაზრობა ბრწყინვალე თეატრალურ ფორმაშია მოქცეული, საოცრად გადამდებ, ხალისიან, სხარტ რიტმშია წარმოდგენილი, ამიტომაცაა, რომ სკრიბის ეს პიესა დღესაც ხშირად იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენაზე.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები