სმენის დაქვეითების მკურნალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმენის დაქვეითების მკურნალობა − სმენის დაქვეითება ყურის სხვადასხვა პათოლოგიის ნიშანია. მედიკამენტოზური მკურნალობა ხშირად გვაძლევს სმენის ნაწილობრივი ან სრული აღდგენის საშუალებას. თუმცა, უმეტესწილად, ოტოლოგიური დანიშნულების მიზანი მაინც არსებული სმენის შენარჩუნება არის. ამისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა Tebokan Forte 120 ან Betaserc 24.

შესაძლებელია სმენის დაქვეითების მიღმა იმალებოდეს ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ვეგენერის დაავადება, ტუბერკულოზი, სიფილისი.

მედიკამენტოზული მკურნალობის უშედეგობის მიზეზი, უმეტესწილად, არის ან ოტიტის გამო შეცვლილი ანატომია, ან ამ დაავადების ქირურგიული მკურნალობის საჭიროება.

მედიკამენტოზური მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ქირურგიული მკურნალობა ან სასმენი აპარატის შერჩევის პროტოკოლი.

სარჩევი

ქირურგია

კონდუქციური (გამტარებლობითი) სმენის დაქვეითების აღდგე- ნა, როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობით არის შესაძლებელი. ოპერაციის დროს ხდება:

— დაფის აპკის აღდგენა (ტიმპანოპლასტიკა);
— სასმენი ძვლების ჯაჭვის მთლიანობის აღდგენა (ოსიკულოპლასტიკა);
— ფიქსირებული უზანგის პლასტიკა (სტაპედოპლასტიკა);

ამ ოპერაციების წარმატება დამოკიდებულია ოპერატორის გამოცდილებაზე, შუა ყურის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ევსტაქის მილის გამტარებლობაზე და შუა ყურის ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე. ბოლო ორის ფუნქციონირება ძალიან ძნელი საკონტროლოა.

პაციენტს უნდა ავუხსნათ, რომ ყურის ნებისმიერი ოპერაციის რისკი არის სმენის დაქვეითება და მეტიც, სრული სიყრუე. არ არსებობს წარმატების გარანტია და ვინც მას იძლევა, ის არ არის კარგი ექიმი!

როდესაც საქმე გვაქვს ერთადერთ ფუნქციონირებად ყურთან, ყოველთვის უნდა ვეცადოთ სმენის აღდგენას მივაღწიოთ სასმენი აპარატის მეშვეობით, რაც კოფოზის რისკებს არ შეიცავს.

სმენის აღდგენითი ოპერაცია უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც შუა ყურში ანთებითი ან სიმსივნური პროცესი აღარ არსებობს, მაგალითად, ქოლესტეატომის დროს. სმენის აღდგენითი ოპერაციის მეორე ეტაპი ხორციელდება ერთი წლის შემდეგ. ამით ჩვენ ვზრდით ოპერაციის წარმატების შანსს.

გვახსოვდეს, რომ სმენის აღდგენა შესაძლებელია როგორც ოპერაციულად, ასევე სასმენი აპარატის მეშვეობით. ამიტომ, როდესაც არის საშუალება, პაციენტს ინდივიდუალურად უნდა შევთავაზოთ აპარატის გამოყენება. თუ ის ამაზე უარს გვეტყვის და არჩევს ქირურგიულ გზას, მაშინ ჩვენი ჩარევა უკვე გამართლებულია.

სასმენი აპარატები

სასმენი აპარატი, მარტივად რომ ავხსნათ, არის დაპატარავებული და ყურს მორგებული ხმის გამაძლიერებელი. არსებობს მრავალი გარეგანი, ინტრაკანალური და იმპლანტირებადი სასმენი აპარატები. სასმენი აპარატების შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის და მკურნალი ექიმის ერთობლივი ძალისხმევით. სასმენის აპარატების შერჩევა დამოკიდებულია არა მარტო ფასზე, არამედ ვიზუალზე და, რაც მთავარია, სმენის დაქვეითების ტიპზე და ხარისხზე.

არსებობს ჰაეროვანი, ძვლოვანი და ასევე, იმპლანტირებადი და არაიმპლანტირებადი სასმენი აპარატები.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კონდუქციური სმენის დაქვეითება, მარტივია ძვლოვანი, გარეგანი ან იმპლანტირებადი აპარატების გამოყენება, როგორიცაა (ADHEAR, BONE BRIDGE, BAHA) თუმცა, ეს სასმენი აპარატები ძვირადღირებულია და ბევრი პაციენტი მას ვერ იყიდის. მათი უპირატესობაა მცირე ზომა, იმპლანტირებული ნაწილის გამო ისინი არ საჭიროებენ წყლისგან დაცვას და რაც მთავარია, მაღალი ხარისხი.

უფრო მარტივი და იაფიანი აპარატები ნაკლებად ძლიერია. თუმცა, ისინიც კარგად მუშაობენ და სათვალის მატარებელი პაციენტებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგანაც სათვალის ყურებზე მაგრდება და ამის გამო ძალიან კომფორტულია.

ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების დროს, უფრო ჰაეროვანი ციფრული სმენის აპარატებია უპრიანი. არსებობს ინტრაკანალური და რეტროაურიკულარული აპარატები. მათ, ზომის მიხედვით, სხვადასხვა ფასი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ყველა გარეგანი ციფრული აპარატი 30-40 დეციბელით ახერხებს სმენის გაძლიერებას. როდესაც სიყრუე უფრო ძლიერია, მაშინ საქმეში უნდა ჩავრთოთ იმპლანტირებადი აპარატები (SOUNDBRIDGE) ან კოხლეარული იმპლანტები, რომლებსაც პირდაპირ ლოკოკინაში ვათავსებთ. (MEDEL-ის და COCHLEA-ს ფირმის იმპლანტები). ეს იმპლანტები გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სმენის 90 დეციბელიანი ან სრული სიყრუე.

ნებისმიერი სასმენი აპარატის რეგულირება და მოდელის საბოლოო არჩევა აუდიოპროთეზისტის მიერ ხდება. პაციენტის პირველად დიაგნოზს და ფსიქოლოგიურ მომზადებას, რასაკვირველია, ახორციელებს ოტოლარინგოლოგი. ის უხსნის თუ რატომ და როგორ უნდა მოხდეს აპარატის ამა თუ იმ მოდელის მოხმარება და შემდეგ საქმეს აუდიოლოგებს გადაულოცავს.

აუდიოპროთეზის მორგება და რეგულირება საკმაოდ რთული საქმეა და მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას და გამოცდილებას. სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე აპარატის ყიდვა და მოხმარება შედეგს არ იძლევა და ხშირად ისე უცრუებს გულს პაციენტს, რომ ის უკვე აღარც თანხმდება აპარატის ტარებას.

მცირეწლოვან ბავშვებში სასმენი აპარატის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, რათა მივაჩვიოთ პაციენტი აპარატის ტარებას და რაც ყველაზე მთავარია, მივცეთ პაციენტს საშუალება აპარატის მეშვეობით მიეჩვიოს ხმოვან გაღიზიანებას და არ ჩარჩეს სიჩუმის წყვდიადში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტაციის შემდეგ, მეტყველების დასაწყებად.

აპარატის ხმარება ბავშვმა უნდა დაიწყოს 1-2 წლის ასაკში. ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტის მშობლების დიდი გულმოდგინება და აუდიოლოგის მიერ წინასწარი კვლევების ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ამ აპარატს კარგად მოიხმარს.

აუცილებელია სმენის ნაკლოვანების ზუსტი გამოკვლევა, რათა სმენის აპარატის რეგულირება სწორად მოხდეს და პაციენტი არ შეშინდეს ზედმეტად მაღალი ხმით.

აზრი, რომ სმენის აპარატის მოხმარების დაწყება მაშინვე, როცა პრობლემა გამოიკვეთება, აზიანებს ნარჩენ სმენას და უშლის ხელს სმენის რეაბილიტაციის დაწყებას პატარა პაციენტებში, არასწორია.

ყველა ამ გარემოებიდან გამომდინარე, აპარატი უნდა შეარჩიოს დიდი გამოცდილების მქონე პენტრის სპეციალისტმა (მაგ. „აუდი- ოლოგიის ეროვნული ცენტრი“).


კოხლეარული იმპლანტაცია

კოხლეარული იმპლანტაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პრელინგვალ (მეტყველების დაწყებამდე) ასევე პოსტლინგვალ (მეტყველების დაწყების შემდეგ) განვითარებული სიყრუის მქონე პაციენტებში.

შედეგი უფრო ეფექტურია პოსტლინგვალ პაციენტებში, რადგანაც მათი რეაბილიტაცია უფრო ადვილია. თუმცა, ადრეულ ასაკში (2-5 წლამდე) ჩატარებული კოხლეარული იმპლანტაცია, რეაბილიტაციის შემდეგ იძლევა კარგ შედეგებს. საქართველოში კოხლეარული იმპლანტაციის დაწყება აკადემიკოს შოთა ჯაფარიძის და მის გუნდის დაუღალავი შრომის შედეგი გახლავთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სულ რაღაც 20-25 წლის წინ დაწყებული ეს საქმე უკვე რამდენიმე ასეული პაციენტისთვის წარმატებული და სრულყოფილი ცხოვრების საფუძველი გახდა.


NOTA BENE
  • ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა გულისხმობს გარკვეულ რისკებს. ამიტომ, ქირურგიული ჩარევის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის სურვილები;
  • სასმენი აპარატის, იქნება ეს იმპლანტირებადი თუ გარეგანი, ადაპტაცია მით უფრო ადვილია, რაც უფრო ადრე იქნება ის გამოყენებული სმენის დაკარგვიდან. ეს ეხება როგორც თანდაყოლილ, ასევე შეძენილ სმენის დაქვეითებას;



წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები