სმენის ნერვის სიმსივნეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმენის ნერვის სიმსივნეები — მათ, ასევე, ეწოდებათ ნევრინომები. ისინი წარმოიქმნებიან ვესტიბულარული ნერვის შვანის გარსიდან.

ეს სიმსივნეები, როგორც წესი, ცალმხრივი სპორადიული სიმსივნეებია, თუმცა აღწერილია მათი ორმხრივი ხასიათიც. ასეთ დროს, მათ მიაკუთვნებენ ნეიროფიბრომატოზის მე-2 ტიპის სიმსივნეებს.

ეს დაავადება, ძირითადად, ბავშვობის ასაკში წყება, თუმცა, ახალგაზრდებშიც შესაძლებელია შეგვხვდეს.

ამ სიმსივნეების წარმომავლობა კეთილთვისებიანია. ეს ტუმორები შიგნითა სასმენ მილში ვითარდება და იზრდება. პატარა ზომის ახალწარმონაქმნების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ, სახის და სმენის ნერვის ფუნქციის შენარჩუნება, უმეტესწილად, შესაძლებელია. რასაც ვერ ვიტყვით დიდი ზომის ექსტრაკანალური ნევრინომების შემთხვევაში, როდესაც ოპერაციული ჩარევა რისკია არა მარტო ნერვის დაზიანების კუთხით, არამედ სიცოცხლისთვისაც. აქედან გამომდინარე, ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის.

სიმპტომების არსებობაზე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ექიმმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, შემდეგ კი – ოტოლოგმა.

პონტო-ცერებელუმის მიდამოში შესაძლებელია სხვა ახალწარმონაქმნების არსებობა, მაგრამ ეს უკვე სხვა დარგის კომპეტენციაა.

სარჩევი

დიაგნოსტიკა

VIII კრანიალური ნერვის (სმენის ნერვის) სემიოლოგია არ არის ცალსახა და შესაძლოა გადაფაროს სხვა დაავადების სიმპტომებმა.

როგორც აღვნიშნეთ, ნევრინომა თავის ზრდას იწყებს შიგნითა სასმენ მილში და პირველ ეტაპზე შესაძლოა სახეზე იყოს მხოლოდ ცალმხრივი, პროგრესირებადი ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება.

ჰიპოაკუზიის პროგრესირება ინდივიდუალურია. ახალწარმონაქმნი პონტო-ცერებელურ მიდამოში იზრდება და ახდენს ზეწოლას V წყვილ ნერვზე და ტვინის ღეროზე. რაც იძლევა ცენტრალურ-ვესტიბულარულ სიმპტომატიკას.

შესაძლოა, არტერიული კომპრესიის გამო, მოგვცეს მწვავე ვერტიგოს და უეცარი სიყრუის კლინიკაც.

ასევე, მისი ექსტრაკანალური ზრდის შემთხვევაში, არაა გამორიცხული ღეროზე ზეწოლით ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის ნიშნებიც გამოვლინდეს, ოტოლოგიური ნიშნები კი საერთოდ არ იყოს.

ტუმორის (ნევრინომის) ორმხრივი ვარიანტიც გასათვალისწინებელია.

ნევრინომის არსებობა შეიძლება იმალებოდეს სხვა ქრონიკული პათოლოგიის ქვეშ, რაც საგრძნობლად ართულებს დიფერენციალურ დიაგნოსტიკას.

საბოლოო დიაგნოსტიკა

წარსულში, ნევრინომების დიაგნოსტიკა კონტრასტული CT-სმეშვეობით იყო შესაძლებელი. თუმცა, კვლევისას, ალერგიულ პაციენტებში მაღალი იყო ალერგიის რისკი. კვლევა (სგპ) გამოწვეული პოტენციალებით უფრო უსაფრთხოა.

დღეს ეს დიაგნოზი მაგნიტური რეზონანსის მეშვეობით ისმება 100%-იანი შედეგით. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა იძლევა საშუალებას, გადოლინის (კონტრასტული ნივთიერება) გარეშეც, T 2 რეჟიმში, არა მარტო ვნახოთ ნევრინომის ზომები, არამედ დავადგინოთ ახალწარმონაქმნის მდებარეობა გვერდით სტრუქტურებთან მიმართებაში.

რასაკვირველია, ამ კვლევის ჩატარება აუცილებლობის გარეშე, არ არის მიზანშეწონილი. კლინიკური ნიშნები და დაკვირვება გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ პაციენტების სელექცია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – აუცილებელია მაგნიტური რეზონანსის სწორად ჩატარება და წაკითხვა, რადგანაც, შესაძლებელია, არასწორად გადაღებულმა და გაშიფრულმა სურათმა მცდარი ინფორმაცია მოგვცეს.

ნევრინომის არსებობის დამადასტურებელი საეჭვო ნიშნები

კოხლეო-ვესტიბულარული სინდრომის მქონე პაციენტი არ ნიშნავს ნევრინომის მქონე პაციენტს. რასაკვირველია, როდესაც პაციენტს გააჩნია კოფოზი, V წყვილი ნერვის დისფუნქციის ნიშნები და ამას თან ახლავს ცენტრალურ-ვესტიბულარული ნიშნები, ეჭვი ნევრინომაზე გამართლებულია, მაგრამ ეს უკვე შორს წასული სტადიაა. უფრო მნიშვნელოვანია ადრეული სტადიის დიაგნოსტიკა.

ნიშნები, როდესაც უნდა ვიეჭვოთ ნევრინომის არსებობა:

— ნეიროსენსორული, სმენის ცალმხრივი დაქვეითება ან დაკარგვა (უეცარი სიყრუე);
— ნეიროსენსორული, ორმხრივი ასიმეტრიული სმენის დაქვეითება სწრაფი განვითარებით;
— დადგენილი ლაბირინთიზაციის ნიშნები შუა ყურში, ქრონკული დაავადების ფონზე ანუ, ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება;
— უეცარი და იდიოპათური ტინიტუსის დროს, როდესაც სმენა ნორმის ფარგლებშია;
— ვერტიგოს უეცარი გაჩენა;

სიმპტომები, როდესაც ნევრინომის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა

— ორმხრივი ნეიროსენსორული, ნელა მიმავალი სმენის დაქვეითება (თუმცა, აქ გასათვალისწინებლია მე-2 ტიპის ნეიროფიბრომატოზის არსებობა);
— არაპროგრესირებადი, დიდი ხნის ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება (თუმცა, თუ ეს დაქვეითება უეცარი სიყრუის სიმპტომებში ჯდება, აუცილებლად გასაკეთებელია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა);
— ქრონიკული ტინიტუსები;
— ქრონიკული ვერტიგოები (მენიერის სინდრომი) ან პოზიციური პაროქსიზმული კეთილთვისებიანი ვერტიგო;

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ამ ნიშნის მქონე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს, როგორც მინიმუმ, (სგპ) გამოწვეული პოტენციალების კვლევა. უკეთესია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რათა არ გამოგვეპაროს ასეთი სერიოზული დაავადება.

კოხლეო-ვესტიბულური კვლევები

არცერთი კვლევა და არცერთი ანალიზი არ არის 100%-ით სანდო. აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკი გვაქვს ამა თუ იმ კვლევის გამოყენებაზე, აუცილებელია განვსაზღვროთ ამ კვლევის შედეგის ეფექტურობა, მისი რისკები და ღირებულება.

გამოწვეული პოტენციალებით კვლევა ფინანსურად და ინვაზიურად ძალიან ხელსაყრელია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კვლევა გამოწვეული პოტენციალებით ძალიან მცირე ზომის ნევრინომაზე, ნორმალურია. ამიტომ სასურველია, ეს კვლევა 6-10 თვეში განმეორებით ჩატარდეს. კიდევ ერთი ნაკლი – პაციენტებს 60 დეციბელზე მეტი სმენის დაქვეითებით, ამ კვლევას ვერ ვუტარებთ.

სხვა პარამეტრებით, ეს კვლევა გვაძლევს კარგ საშუალებას განვსაზღვროთ ნევრინომის არსებობა.

ისრით ნაჩვენებია ნევრინომის სხვადასხვა სტადია

კიდევ ერთი კვლევაა კალორიული ტესტი. ამ კვლევისას გამოვლენილი ცალმხრივი ჰიპოგაღიზიანება უკვე ცუდი ნიშანია და ამყარებს ეჭვს ნევრინომაზე.

თუკი ნევრინომას არსებობას ბევრი ეჭვი განაპირობებს, უმჯობესია ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მაგნიტური რეზონანსი – დადებითი და უარყოფითი მხარეები

საბოლოო ჯამში, მაგნიტური რეზონანსი მაინც რჩება ნევრინომის დიაგნოსტიკის საუკეთესო კვლევად. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი და კვლევის პროცესში კლაუსტროფობიის გამწვავება ითვლება სერიოზულ ნაკლად, მაინც გირჩევთ, მცირედი ეჭვის დროსაც კი დაიზღვიოთ თავი და პაციენტს ურჩიოთ მაგნიტური რეზონანსის გაკეთება.

ეს კვლევა ნევრინომის ყველა სტადიის ფიქსირებას ახერხებს.

მკურნალობა

თუ ზომა იძლევა საშუალებას, მკურნალობა, უმეტესწილად, ქირურგიულია. არსებობს ტრანსლაბირინთული, რეტროსიგმოიდური და სუსპეტროზული მიდგომები. მიდგომა ქირურგის მიერ უნდა იყოს არჩეული. ეს არჩევანი დამოკიდებულია ტუმორის ლოკალიზაციაზე, ზომაზე და ქირურგის გამოცდილებაზე.

ნევრინომისას, ოპერაციული ჩარევის დროს, სასურველია შენარჩუნებული იყოს სახის ნერვის, უმეტესწილად კი, სმენის ნერვის ფუნქცია. თუმცა, დიდი ზომის ნევრინომების დროს ეს ვერ ხერხდება.

როდესაც საქმე გვაქვს ასაკოვან ან ძალიან დასუსტებულ პაციენტთან ან როდესაც ნევრინომა ძალიან პატარა ზომისაა, ქირურგიას სხივურ თერაპიას ვამჯობინებთ. ის ნაკლებად რადიკალური, მაგრამ, ამავდროულად, არაინვაზიური ჩარევაა.

ადრეული დიაგნოსტიკა, ისევე როგორც სხვა დაავადების შემთხვევაში, ნევრინომის დროსაც მნიშვნელოვნად ცვლის მისი მკურნალობის ტაქტიკას და მის შემდგომ განვითარებას. ამიტომ ოჯახის ექიმები და ამბულატორიის ოტოლოგები ვალდებული არიან იცოდნენ ამ საშიში სენის ნიშნების ამოცნობა და დიფერენციალური დიაგნოზის დასადგენად საჭირო კვლევების დანიშვნა.

კოხლეო-ვესტიბულარული დაავადების არცერთი ნიშანი არ უნდა განვიხილოთ როგორც ბანალური და ყოველი მათგანი უნდა გამოვიკვლიოთ, თუ არა რეზონანსული კვლევით, გამოწვეული პოტენციალების შემოწმებით მაინც.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები