სომხოს წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხოს წმინდა გიორგი − არდოტის (ხევსურეთი) ჯვარი. მისი დაარსება არდოტში, სომხოს გორაზე, ამგვარად მომხდარა:

ჯვარი გამოფრენილა სომხეთიდან და წამოსულა აქეთ, მიღმახევისკენ, თან კოჭლი მკადრე გამოჰყოლია. მოფრინავს გზაზე ჯვარი მტრედის სახით და მოჰყვება ეს კოჭლი მკადრეც. როცა დაიღლება, ან დაეძინება, მტრედიც უცდის: როცა ადგება მკადრე, გამოუძღვება მტრედი და მოსდევს კაცი უკან. ბოლოს მოვიდნენ არდოტში და კოჭლ მკადრეს ჯვარი თვალიდან გაუქრა. დაინახეს ეს კაცი არდოტელებმა და ჰკითხეს ვინაობა და სადაურობა, მაგრამ მან ქართული არ იცოდა და ხმა ვერ გასცა. მხოლოდ ხელით ანიშნა იმ ადგილისკენ, სადაც მტრედი დაეკარგა და ტირილი დაიწყო. საჭმელი მიუტანეს და არაფერს ხელი არ ახლო, ბოლოს მოვიდა და იმ გორზე, სომხოს გორზე, დაჯდა, სადაც მტრედი გაუჩინარდა, და იყო იქ სამი დღე და სამი ღამე. არდოტელები მიხვდნენ, რომ აქ რაღაც ამბავი იყო და მეოთხე დღეს საკლავი მიიყვანეს იმ ადგილას, და ვინც საკლავი დაკლა, ის არდოტელი კაცი გაქადაგებულა. ჯვარი მისი პირით ალაპარაკებულა, ბოლოს, ის მკადრეც ამეტყველებულა ქართულად და ყველაფერი უთქვამს: ამ ჯვარს გიორგი ჰქვია. მთელი სომხეთი ემორჩილებოდა და ბევრ დახმარებასაც უწევდა ხალხსო. ერთ დღეობაში განარისხეს. წესი დროზე ვერ შეუსრულეს და გამწყრალი გამოფრინდა და მეც თან გამოვყევიო. ბოლოს, აქ ისურვა დაარსება და უკან დაბრუნებას არ აპირებს, სამუდამოდ აქ რჩებაო, მე კი გულნაკლული ვბრუნდებიო. თქვა თურმე და დაიწყო ტირილი. არდოტელებმა ანუგეშეს: რას იზამ, ღვთიშვილთა ნება ყოფილაო. თუ ჩვენც ვერ შევუფერებთ, აქედანაც წავაო. ამის შემდეგ წავიდა კოჭლი მკადრე. ჯვარი – წმ. გიორგი კი – არდოტში დარჩა. ერთი კაცი მაშინვე აუყვანია მეენედ და, რაც საჭირო ყოფილა ახალდაარსებული ჯვრისთვის, ყველაფერი ულაპარაკნია მეენეს. წმ. გიორგი ჯვარის ხელკაცებს ქისტურ თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ეჩვენებოდა. ხშირად იტყოდნენ: წუხელ გიორგი ვნახე. ქისტურად ჩაცმული, და ესა და ეს დარიგება მომცაო. წუხელი გიორგი ვნახე, გამწყრალი იყო და მიჯავრდებოდაო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები