სტრელერი ჯორჯო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯო სტრელერი

ჯორჯო სტრელერი − (იტალ. Giorgio Strehler, 1921-1997), იტალიელი რეჟისორი და მსახიობი.

1940 წელს დაამთავრა დრამატული ხელოვნების მოყვარულთა აკადემია (მილანი). შვეიცარიაში ემიგრაციის დროს შექმნა დასი და განახორციელა დადგმები ელიოტის „მკვლელობა ტაძარში“ და კამიუს „კალიგულა“ (პირველად სცენაზე). იტალიაში დაბრუნების შემდეგ (1945), შექმნა პირველი სტაციონარული თეატრი – „პიკოლო-ტეატრო“ (მილანი), რომელიც გაიხსნა 1947 წელს. კლასიკურ დრამატურგიასთან ერთად (გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, შექსპირის „მეფე ლირი“) იგი დიდ ყურადღებას უთმობდა თანამედროვე დრამატურგთა შემოქმედებას. განახორციელა ბრწყინვალე დადგმები პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“, ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, „სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, „შვეიკი მეორე მსოფლიო ომში“. მან შემოქმედებითად აითვისა „ეპიკური თეატრის“ პრინციპები და ისინი მოარგო იტალიური თეატრის ტრადიციებს. გარკვეულ პერიოდში იგი დაინტერესდა ექსპრესიონიზმითაც და განახორციელა დადგმები – ბიუხნერის „დანტონის სიკვდილი“ და ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“. ლომბარდიელი დრამატურგის კ. ბერტოლაცის პიესის დადგმით („ჩვენი მილანი“, 1955), მან ახალი დრამატურგი შესძინა იტალიურ თეატრალურ კულტურას. მთელი მისი შემოქმედება ტრადიციული და თანამედროვე თეატრალური ფორმების ურთიერთშეხამების ბრწყინვალე ნიმუშია.

1982 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ მიანიჭა ჯილდო თეატრალური მოღვაწეობისათვის და დანიშნა პარიზის „ევროპის თეატრის“ დირექტორად.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები