სუმბათაშვილ-იუჟინი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი

ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი – (რუს. Южин, Александр Иванович, ნადმვილი გვარი სუმბათაშვილი, რუს. Сумбатов 1857-1927), რუსეთში მოღვაწე მსახიობი, დრამატურგი.

პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს (ტფილისი, საზაფხულო თეატრი). 1882 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში. 1877 წელს დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო პიესით „ცხოვრების უფლებანი“. 1881 წ. მცირე თეატრში დაიდგა მისი პიესა „ფოთლები შრიალებენ“. ამას მოჰყვა „შევარდენები და ყვავები“, „არკაზანოვები“, „ჯაჭვები“. 1890-იან წლებში იგი წერს კომედიებს: „ჯენტლმენი“, „მზის ჩასვლა“, „ბადე“. პატრიოტულ თემაზეა აგებული პიესა „ძველი წრთობა“ და რომანტიკული ლეგენდა „ღალატი“. მორალურ-ეთიკურ პრობლემებს ეძღვნება პიესა „ღამის ნისლი“.

იგი თვლიდა, რომ თეატრში მთავარი ადგილი ეკუთვნის მსახიობს, რომელიც უნდა იყოს ღრმად მოაზროვნე, სინამდვილის შემმეცნებელი, მუდმივად განვითარებადი პიროვნულ და პროფესიულ ასპარეზზე. თავად იყო რომანტიკული მიმართულების მსახიობი, თავისი საუკეთესო როლები შექმნა შილერის და ჰიუგოს პიესებში. იგი გამოირჩეოდა ამაღლებული სულისკვეთებით, კეთილშობილი პათოსით, ეფექტურობით, ემოციურობით. ამავე დროს მის თამაშში იგრძნობოდა როლის ღრმა გააზრება, მხატვრული სახის მნიშვნელობის შეგნება. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სიტყვის წარმოთქმის ხელოვნებას. მის სცენურ მეტყველებას ახლდა მოულოდნელი ინტონაციები, მრავალფეროვნება, მელოდიურობა. მისი ტრაგედიული ნიჭი მთელი ძალით გამოვლინდა შექსპირის გმირების შესრულების დროს. მისი თამაში აღბეჭდილი იყო სიდიადით, მონუმენტურობით. 90-იან წლებში იგი ავლენს თავისი მონაცემების ახალ წახნაგს, დიდი წარმატებით თამაშობს კომედიურ, სახასიათო როლებს. ყოველივე ამასთან ერთად, იგი იყო ბრწყინვალე ორგანიზატორი, ათეული წლების განმავლობაში სათავეში ედგა მცირე თეატრს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები