ტერენციუსი პუბლიუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პუბლიუს ტერენციუსი

პუბლიუს ტერენციუსი − (ლათ. Publius Terentius Afer, დაახლ. 195-159 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი.

ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, პუბლიუს ტერენციუსი წარმომავლობით კართაგენელი იყო, რის გამოც მიიღო ზედწოდება აფრი (აფრიკელი). კართაგენიდან რომში გასაყიდად ჩამოყვანილი ყმაწვილი სენატორ ტერენციუს ლუკანუსის მონა აღმოჩნდა. სენატორმა მასში ნიჭიერი ახალგაზრდა ამოიცნო, კარგი განათლება მისცა და შემდგომში, თავისუფლებაც უბოძა. თავისუფლება მინიჭებულმა ყმაწვილმა კი თავისი პატრონის სახელი მიიღო. ტერენციუსის ნიჭის დამფასებლები მაღალი წრის სხვა წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. მწერალი მეგობრობდა კართაგენის დამპყრობლობით სახელმოხვეჭილ უმცროს სტიპიონთან და კონსულ გაიუს ლელიუსთან. სტიპიონ ემალიანუსის ლიტერატურული წრე კულტურის, ენისა და განათლების განვითარებაზე, გავრცელებაპოპულარიზაციაზე ზრუნავდა. მწერლის არაკეთილმოსურნეებმა ჭორები გაუვრცელეს, თითქოს მისი პიესების ნამდვილი ავტორები უმცროსი სტიპიონი და გაიუს ლელიუსი იყვნენ, რომელთა მეტად წარმოჩინებული სოციალური მდგომარეობა თითქოს საჩოთიროს ხდიდა მათთვის კომედიების ავტორობის აღიარებას. ტერენციუსის მფარველებისთვის ამგვარი ჭორები მაამებლური აღმოჩნდა და ტერენციუსიც აქტიურად არ აპროტესტებდა მისი ავტორობის უარმყოფელ სიცრუეს. მწერლის ლიტერატურული მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მან სულ ექვსი პიესის დაწერა მოასწრო. ყოველმა მათგანმა ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. გადმოცემით, მენანდროსის კომედიების თარგმანის მოსაპოვებლად მოგზაურობისას ზღვაში დაიხრჩო. მისი დაღუპვის ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, დაღუპვისას ტერენციუსი 35 წელს არ აღემატებოდა, – შესაძლოა, ბევრად უფრო ახალგაზრდაც ყოფილიყო.

ტერენციუსის კომედიები მის სიცოცხლეშივე დადგმულია, მაგრამ, უმეტესწილად, დიდი წარმატება არ მოუპოვებია. პლავტუსის მსგავსად, ტერენციუსიც პალიატას ჟანრში მოღვაწეობს და კონტამინაციის ხერხს მიმართავს. მისი პიესების სიუჟეტურ წყაროს მენანდროსის დრამატურგია წარმოადგენს. პლავტუსისგან განსხვავებით, ტერენციუსის კომედიებში არ ხდება ბერძნულ-რომაული ყოფისა და კოლორიტის შეჯერება. მისი შემოქმედება უფრო ბერძნულ ნიადაგზე „დამყნობადაა“ აღიარებული. პლავტუსის კომედიებისგან გამორჩეულ, ტერენციუსის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ თვისებებად მიიჩნევა – როგორც სიუჟეტური, ასევე ენობრივი სისადავე, ნაკლებ სკაბრეზული იუმორი, ნაკლებად გესლიანი ხუმრობები, – ასევე სიმღერის, ცეკვის, კალამბურების, კანტიკების, ბუფონადებისა და ფარსის ელემენტების სიმწირე. სიუჟეტური ინტრიგისა და დიალოგის სისადავის პარალელურად იზრდება გმირის ხასიათის სირღმისეულად წარმოჩენის ტენდენცია. მართალია, ტერენციუსი ანტიკურ დრამატურგიაში კარგად ცნობილ ნიღბებს მიმართავს (იქნება ეს შეყვარებულთა წყვილი, მოხერხებული მსახური, ბაქია მეომარი, ხარბი მაჭანკალი თუ მკაცრი მამა), მაგრამ ამ ტიპიური ნიღბებისგან ძალზე არასტანდარტულ, არაერთგვაროვან ხასიათებს ქმნის. მაია გოშაძე

ტერენციუსის კომედიები

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები