ტერნერი თედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თედ ტერნერი

თედ ტერნერი - (Robert Edward (Ted) Turner, 19 ნოემბერი 1938), ამერიკელი ბიზნესმენი, ტელეკომპანია „თი-ბი-ეს“-ის (TBS) და სადღეღამისო ახალი ამბების პროგრამა „CNN“-ის დამფუძნებელი,

ბიოგრაფია

რობერტ ედვარდ ტერნერი 1938 წელს დაიბადა. მან თავისი ცხოვრების პირველი წლები ჯორჯიის შტატში, ქ. სავანაში გაატარა. ბავშვობაში გატაცებით კითხულობდა წიგნებს გმირების შესახებ, გამოჩენილი მეწარმეებიდან დაწყებული ალექსანდრე მაკედონელით დამთავრებული. ტედს ფიზიკური მონაცემები არ უწყობდა ხელს სპორტის ჩვეულებრივ სახეობაში ჩაბმულიყო, ამიტომ მან ისეთი პროფესია აირჩია, რომლისთვისაც საჭირო არ იყო განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები, მაგრამ საჭირო იყო ფიქრის, რისკისა და გამარჯვების დიდი სურვილი. ასეთი გატაცება ტედისთვის იალქნიანი ნავი აღმოჩნდა და იგი მთელი მონდომებით ჩაება სპორტის ამ სახეობაში. მართალია, თავიდან აქაც იყო სიძნელეები, მაგრამ 1977 წელს აშშ-ის თასი მოიპოვა ამ სახეობაში. მას ყველაზე მეტად იტაცებდა აზარტული შეჯიბრებები.

ტერნერმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა (პირველი სასწავლებლიდან იგი გამოაგდეს და მეორეში მოუწია გადასვლა) და განცხადება გვარდიის უნივერსიტეტში შეიტანა, მაგრამ უარი უთხრეს. ტედის მამა ოცნებობდა შვილი რომელიმე პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტი გამხდარიყო. მამის მოთხოვნით ტედმა საბუთები ბრაუნის უნივერსიტეტში გაგზავნა, სადაც ანტიკური (ბერძნული) ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. ტედის მამა ამითაც უკმაყოფილოიყო და შვილს ურჩია, ეკონომიკის ფაკულტეტზე გადასულიყო. ასეც მოხდა, მაგრამ ტედმა ესეც ვერ დაამთავრა, ვინაიდან დისციპლინის დარღვევისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ტერნერმა ხელი მიჰყო საოჯახო საქმეებს. მამამისი, ედვარდი სარეკლამო ფირმა „ატლანტა“-ს (Atlanta) დამაარსებელი და მფლობელი, მსხვილი მეწარმე იყო. ფირმის წლიური ბრუნვა 1 მლნ დოლარს აღწევდა. მაგრამ მალე ოჯახს თავს დაატყდა დიდი უბედურება – ტედის და, მერი ჯეინი გარდაიცვალა, მშობლები გაიყარნენ, მამამ თავი მოიკლა.

ანდერძით ფირმა „ატლანტა“ ტედს ეკუთვნოდა, მაგრამ სიკვდილის წინ მამამ მოასწრო ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის მისი გაყიდვის შესახებ. გამოავლინა რა ბრწყინვალე საქმიანი უნარი, ახალგაზრდა ტერნერმა დაარწმუნა მყიდველები, რომ მიეცათ შენობის იჯარით აღების უფლება მეორე ფირმისთვის, რომელიც, ასევე მემკვიდრეობით მასზე გადმოდიოდა. ამით მან შეძლო ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე შეეწყვიტა „ატლანტა“-ს არსებობა. მყიდველები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ გარიგებაზე. ამით ტერნერმა პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა თავის კარიერაში. ჩაუდგა თუ არა კომპანიას სათავეში, ტერნერმა მაშინვე დაიწყო მისი გაფართოება, იყიდა სარეკლამო სააგენტო და რადიო სადგური. ასეთი პოლიტიკა დიდ ხარჯებს მოითხოვდა, ამიტომ იძულებული გახდა ესწავლა ფულის კეთება, სხვაგვარად იგი უბრალოდ ვერ შეძლებდა ანგარიშის გადახდას.

თედ ტერნერი და ჯეინ ფონდა

მიუხედავად ამისა, ტერნერს საკუთარი სახსრები არ აღმოაჩნდა საკმარისი და 1969 წელს მისი ფირმა აქციონერულ საზოგადოებად გადაკეთდა. ამის საბაბი გახდა ის, რომ ტერნერმა რამდენიმე ფირმა იყიდა. მათ შორის პატარა სატელევიზიო სადგური, რომელიც „თი-ბი-ეს“-ის სახელითაა ცნობილი. 1976 წელს „თი-ბი-ეს“-ი საკაბელო ტელევიზიის პირველი სადგური გახდა, რომელიც თავისი გადაცემის ტრანსლირებას თანამგზავრის მეშვეობით ახდენდა. 1986 წლისთვის „თი-ბი-ეს“-ს აშშ-ში უკვე 36 მილიონიანი აუდიტორია გააჩნდა და ყველაზე მომგებიანი კომერციული საკაბელო ტელევიზიის სადგური გახდა.კ ომპანიის მიმდინარე ანგარიშის ბრუნვის ფულადმა ერთეულმა 1986 წელს 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მაგრამ ტერნერი ამით არ დაკმაყოფილდა. იგი მუდმივ ძიებაში იყო, ისწრაფოდა საქმის გაფართოებისკენ. ტელებიზნესში თავისი კოლეგების მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ტერნერი „თი-ბი-ეს“-ისგან მიღებულ მზარდ შემოსავალს თავისი ახალი კომპანიის, სახელგანთქმული „სი-ენ-ენ“-ის (CNN) დასაფინანსებლად იყენებდა, რომელიც 1980 წელს შეიქმნა. დღე-ღამის განმავლობაში მომუშავე ახალი ამბების პროგრამა, თანამგზავრის მეშვეობით მთელს მსოფლიოში იყო ტრანსლირებული და იშვიათი წარმატება ხვდა წილად, რომელსაც თვით პროფესიონალების მხრიდანაც აღიარება მოჰყვა. ამან უბიძგა ტერნერს კიდევ ერთი ახალი ამბების პროგრამა შეექმნა.

1986 წლისთვის ორივე პროგრამას ძალიან მაღალი მოგება მოჰქონდა. ტერნერის საოცარი წარმატება სრულიადაც არა რის შემთხვევითი. მოუსვენარი, დაუღალავი ტერნერი ღამეებს ათენებდა თავის სამსახურში. ხოლო სამუშაო დღე არცთუ იშვიათად 18 საათს გრძელდებოდა. 1986 წლამდე ტერნერი ფირმას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა. თვითონ იღებდა და აკონტროლებდა ყველა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, ხოლო 1986 წლის შემოდგომაზე ხუთი გამოცდილი მენეჯერისგან ჩამოაყალიბა ხელმძღვანელი ორგანო და თავისი ფირმის მართვის სადავეები მთლიანად მათ გადასცა. ესეც ძალიან არაორდინარული ნაბიჯიიყო, რომელმაც ბევრი გააკვირვა. ტერნერის ხელმძღვანელობის სტილის კარგად მცოდნემ ამ მოვლენას ასეთი კომენტარი გაუკეთა: – „ის (ტერნერი) მათ ლუდის დასალევადაც არ უშვებდა, ხოლო ახლა ფირმა გადასცა“.

ტედ ტერნერი, ჯეინ ფონდა, ოთარ ჭითანავა და ოთარ კვანტრიშვილი ზუგდიდში

ტერნერის ტალანტი სრულიადაც არ არის შეზღუდული დირექტორის სხდომათა დარბაზით. მან როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო სპორტულშ ეჯიბრებებში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. იგი თავის თავს იღბლიან ადამიანად თვლის. მისი სიტყვებია: – „მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არავის არასოდეს არ ჰქონია იმდენი მწვანე ქაღალდი, რამდენიც მე მაქვს…. ჯილდოებიც ყველაზე ბევრი მაქვს – თუ ავიღებთ ჩემი თაობის ადამიანებს. ალბათ, ვალიც ყველაზე მეტი მაქვს მსოფლიოში. ე. ი. რაღაცას მივაღწიე ცხოვრებაში, განა ასე არა რის?”

მაგრამ ტერნერის თვისება არ არის მიღწეულით დაკმაყოფილება. მისი ოცნება იყო თავისი გავლენა და სატელევიზიო გადაცემა გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად გამოეყენებინა, როგორიცაა ბირთვული განიარაღება, გარემოს დაცვა და სხვა. იგი სიამაყით ლაპარაკობდა „თი-ბი-ეს“-ის სპეციალურ გამოშვებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი, მარტინ ლუთერ კინგს მიეძღვნა. ერთხელ, როდესაც ტერნერს ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა ოდესმე გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი, მან უპასუხა: – „აშშ-ის მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტს, ხოლო მე უკვე დაკავებული ვარ მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკით.“

ტერნერი მასშტაბურად აზროვნებს და შორს იყურება. როგორც „სი-ენ-ენ“-ის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა მუშაკმა თქვა – „ტედი ყოველთვის ცხოვრობს სადღაც მომავალში, ჩვენზე 5-10 წლით წინ“.

როგორც ზემოთ ითქვა, ტედი რისკის მოყვარულია, მაგრამ მის რისკსაც ყოველთვის როდი მოჰქონდა წარმატებები. 1985 წელს მისი მცდელობა „სი-ბი-ეს“-ის (CBS) აქციების საკონტროლო პაკეტი მოეპოვებინა, ჩაიშალა და საბანკო და ადვოკატის მომსახურება 23 მლნ დოლარი დაუჯდა. მაგრამ ტერნერი ბუნებით ოპტიმისტი იყო და იგი ამ წარუმატებლობას უყურებდა, როგორც მორიგ გამარჯვებას. „სი-ბი-ეს“-ს რომ არ დაეთმო მისთვის საკონტროლო პაკეტი, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ტერნერის აზრით, ამ ორთაბრძოლაში კომპანია „სი-ბი-ეს“-მა ათი წლით უკან დაიწია.

2001 წლის მონაცემებით, იგი 8,8 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია და მილიარდერთა სიაში 35-ე ადგილზე იმყოფება.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები