უდ ზეხუესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უდ ზეხუეს-ი (ადიღ. Уд зэхуэс – „უდების შაბაში“) – ადიღური მითოლოგიის დემონური არსებების – ჯადოქარ-მაქციების („უდი“) ყოველწლიური შეკრება მათ საცხოვრისთან ახლომდებარე მთაზე ან იალბუზზე. აქ უდები ერთმანეთს სირბილში და დოღში ეჯიბრებიან. გამაჯვებულები ეუფლებიან პრიზს – „თაველს“ (Щхъэмыжыр къехь) – სავარაუდოდ, მოსავლის სიმბოლოს. მინდვრების ნაყოფიერება იმ სოფლების მოსახლეობისთვისაა უზრუნველყოფილი, რომელთა უდმაც მარულა მოიგო.

არსებობს აგრეთვე რწმენა, რომ მაქციები მიფრინავენ იალბუზზე და მისი მწვერვალიდან მოაქვთ სამი თაველი, რომელთა მარცვლებს სათეს მასალაში ყრიან, რის გამოც მოსავალი არაჩვეულებრივად მატულობს. სხვა წარმოდგენების თანახმად, შაბაშზე მიმავალ უდებს თან მიაქვთ გარკვეული რაოდენობის მარცვლეული კულტურების თესლი.

სირბილში ან დოღში გამარჯვებული ჯადოქარი იმ კულტურის მაღალ მოსავლიანობას „უზრუნველყოფდა“, რომლის თესლებიც ჰქონდა. მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვ მოსავალს ხალხი უდის „ღვაწლს“ მიაწერდა. ამასთან ერთად, ხალხური რწმენა-წარმოდგენები იმაზეც მიუთითებენ, რომ შაბაშიდან მობრუნებულ უდებს სხვადასხვაგვარი დაავადებები მოჰქონდათ. ამ მიზეზით, გაზაფხულ-ზაფხულში საღამოობით კარ-ფანჯრების გაღება რეკომენდირებული არ იყო, რათა უდებს დაავადებები არ შემოეგდოთ.

უდი ამბივალენტური ბუნების არსებაა. იგი, ერთი მხრივ, მიწის ნაყოფიერებას უწყობს ხელს, ეხმარება ადამიანს, პოზიტიური ფუნქციის მატარებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ავადმყოფობების გავრცელებით ადამიანებსა და ცხოველებს სპობს. როგორც ჩანს. მის სახეში სხვადასხვა დროის დანაშრევებს ვხვდებით. ადრეულ სტადიაზე იგი, როგორც მიწის ნაყოფიერებისა და კულტურული მიწათმოქმედების მფარველი, ნაყოფიერების ქალურ კულტთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. შემდეგ მისი ხატი იცვლებოდა და თანდათანობით უარყოფით ნიშნებს იღებდა, საბოლოოდ კი დემონურ პერსონაჟად იქცა.


ლიტერატურა

  • Хабекирова Х. А. Мифологический и исторический аспекты образа «уд» — ведьмы у адыгов // Вестник Кабардино-Балкарского университета. Вып. 6. Нальчик, 2001;
  • მისივე. Природа и характер некоторых мифологических персонажей в эпосе и бытовой культуре черкесов // Этнографическое обозрение. № 5, 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები