უზბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უზბაში - (თურქ. yuzbāşi - ასეულის მეთაური, ასისთავი. სამხედრო მოხელე). როსტომ მეფემ (1632-1658) ყიზილბაშთა წესისამებრ ასისთავს უზბაში უწოდა.

XVII-XVIII სს-ის წყაროების მიხედვით, ქართლსა და კახეთში უზბაში გავრცელებული სახელოა, თუმცა მის პარალელურად ვხვდებით ასისთავსაც. ისტორიულ საბუთებში იხსენიება თბილისის ციხის უზბაში, თუმცა, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სახელო ეთნიკურად ირანელს გულისხმობდა. სპარსული ფირმანების მიხედვით, XVII ს-ის ბოლოს უზბაშს თავისი მოადგილე ანუ ნაცვალი ჰყოლია. ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაში ყულარაღასს ემორჩილებოდა, ხოლო XVIII ს-ის მეორე ნახევარში - მინბაშს. ვახტანგ VI-ის (1716-1724) მიერ შექმნილ მეთოფეთა 120-კაციან რაზმს, რომელიც სამი წოდების - თავადიშვილების, აზნაურებისაგან და აზნაურ-მსახურებისაგან შემდგარ 40 მეთოფისაგან შემდგარ მცირე რაზმებად იყოფოდა, სათავეში უზბაშები ედგნენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი უზბაში თავის რეალურ შინაარსს აღარ შეესაბამებოდა, რადგან იგი უკვე იყო არა ასეულის, არამედ ორმოცი კაცის ხელმძღვანელი. უზბაში ისევე, როგორც მინბაში, ვალდებული იყო ეზრუნა თავისი ქვემდებარე დანაყოფის წესრიგზე.

უზბაშებს სამსახურის სანაცვლოდ გადაეცემოდათ მამულები, რომელთა შემოსავალი მათ გასამრჯელოს წარმოადგენდა. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაშთა სარგოს მკვეთრად გამოხატული წოდებრივი ხასიათი ჰქონდა. იგი სხვაობდა უზბაშისადმი დაქვემდებარებული რაზმელების სოციალური წარმომავლობის შესაბამისად. თავადიშვილების რაზმის უზბაშის ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზნაურთა რაზმის უზბაშისა, ხოლო მათზე გაცილებით ნაკლები ჯამაგირი ჰქონდა აზნაურ-მსახურთა რაზმის უზბაშს. საბუთებში უზბაშები ხშირად იხსენიებიან, მაგრამ სახელების გარეშე.


უზბაშები XVII-XVIII სს.

  • სარუხან-ბეგი - თბილისის ციხის უზბაში 1693 წ.
  • სეფიყული-ბეგი - უზბაში 1694 წ.
  • ჯავანმარდ-ბეგი - თბილისის ციხის უზბაში 1697 წ.
  • ქაიხოსრო თურქისტანიშვილი - უზბაში XVIII ს.
  • ყაფლან-ბეგ ბარათაშვილი - უზბაში 1744 წ.
  • ანტონ ბარათელი - უზბაში 1744 წ.


წყაროები და ლიტერატურა

  • სმსფჰ 1949: 30;
  • დასტურლამალი 1965: 243;
  • ვახუშტი 1973: 32;
  • ქსის 1955: 390;
  • ქსოის 1984: 9, 10;
  • ТКПФ I. 1995: 188;
  • სურგულაძე 1952: 296.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები