უფლისციხის ერთსვეტიანი დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის ერთსვეტიანი დარბაზი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხეში შიდა ქალაქის შუა უბნის დასავლეთ მონაკვეთში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე. თარიღდება XIII-XIV სს-ით. სავარაუდოა, რომ იგი ანტიკური ხანის ნაგებობიდან არის გადაკეთებული, რასაც მოწმობს აქ შემორჩენილი ზოგიერთი დეტალი.

აღწერილობა

ოთხკუთხა დარბაზი (შიდა ზომები ნიშის გარეშე 6,25X5 მ) ამოკვეთილია კლდეში. მისთვის დამახასიათებელია ინტერიერის გეგმის, გადახურვის; დეკორატ ელემენტების უსწორმასწორობა, კლდის ზედაპირის უხეში დამუშავება. განსხვავებულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ფასადები, ბანი და ინტერიერის გადახურვის ზოგიერთი ადგილი, რომელთაც სწორხაზოვნება და ზედაპირის გლუვი დამუშავება ახასიათებთ. ნაგებობა დაზიანებულია: დიდი ნიშის წინ ჩანგრეულია იატაკი; ღარ ბაზის სამხრეთი მონაკვეთი გამოფიტულია და დასერილია ნაპრალებით; არ შემორჩენილა ჩრდილო-დასავლეთი კუთხის პილასტრი, გათხელებულია (0,1-0,15 მ.-ით) ჭერის სამხრეთი მონაკვეთი. დარბაზს შესასვლელი აღმოსავლეთი კედლის ბოლოში აქვს. კარი სწორკუთხაა, შემოვლებული აქვს სადა არქივოლტი. შესასვლელთან, ჩრდილოეთ კედელში დიდი ზომის გულდასმით დამუშავებული ნიშია, რომელიც აფართოებს დარბაზს. ნიშს აქვს ბრტყელი გადახურვა, რომელიც შეწყვილებული ფესტონებით გადადის გვერდით კედლებზე. დარბაზის ინტერიერი გაფორმებულია რთულად – ქვის კონსტრუქციულ-დეკორატიული ელემენტების იმიტაციით, შენობის შიგნით აღმართულ ერთადერთ სვეტზე გადაყვანილი თაღები დარბაზის სივრცეს ოთხ არათანაბარ ნაწილად ყოფს სვეტიდან ოთხივე კედელზე თაღები, რომლებიც პილასტრებს ეყრდნობიან. მხოლოდ აღმოსავლეთი თაღი ეყრდნობა პილასტრის ზემოთ მოთავსებულ კონსოლს. შუა პილასტრიდან კუთხეების პილასტრებზე გადაყვანილია კედლის მოსართავი თაღები. სვეტისა და პილასტრების კვეთი შეესაბამება მათზე დაყრდნობილი თაღების კვეთს. კაპიტელების პროფილს შეადგენს ლილვი და ჩაკვეთილი თარო. კუთხეების პილასტრების კაპიტელები გამარტივებულია. იგი სწორკედლიანო, დაუდევრად ამოყვანილი თაროა. დარბაზის სამხრეთ კედელში ამოკვეთილია ორი სარკმელი. სარკმლები შიგნით ოთხკუთხაა, გარეთ ვიწროვდება და გადახურულია კამარით.

დარბაზი ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება მცირე ზომის (1X1,6 მ) ბნელ სათავსს, რომლის იატაკში ამოჭრილია გაურკვეველი დანიშნულების მცირე ბაქნები და ღარები. დარბაზს აქვს აღმოსავლეთი და სამხრეთი ფასადები და ბანი, მთავარი (აღმ.) ფასადის ცენტრში ფაქიზად ამოკვეთილი თახჩაა, რომელსაც უჭირავს ფასადის ერთი მესამედი. თახჩა კლდის ვერტიკალური ტიხრით ორად იყოფა. დარბაზს ოთხივე ნაწილში ამოკვეთილი სხვადასხვა სახის გადახურვა აქვს. წინა ორ ნაწილში ბრტყელი კამარაა, ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში – შეკრული აფრების მსგავსი. სამხრეთ-დასავლეთის ნაწილი სახეშეცვლილია ბუხრით, რომე;იც მოგვიანებით გადაკეთების დროს გამოუჭრიათ.

დარბაზი მოგვიანებით გამოუყენებიათ საცხოვრებლად. საუკუნეთა მანძილზე კედლებში ამოუჭრიათ უსწორო ფორმის თახჩბი, იატაკში თონეებისა და საქსოვი დაზგების ჩასადგმელი ორმოები. სამხრეთი კედლის ბოლოში გაუმართავთ ბუხარი, ჭერში ამოკვეთილი საკვამლე მილით. აღმოსავლეთი ფასადის პარაპეტში ამოუჭრიათ კოჭების ბუდეები. სავარაუდოა, რომ დარბაზის წინ ხისგადახურვიანი აივანი იყო.

დარბაზის აღმოსავლეთი ფასადის წინ მოზრდილი ეზოა (6,25X10,75 მ), რომელსაც აღმოსავლეთით კლდის სწორხაზოვანი, გლუვი კედელი საზღვრავს, ჩრდილოეთით, 3,5 მ.-ით დაბლა, ემიჯნება მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, სამხრეთიით შემორჩენილია განვითარებული ფეოდალური ხანის ქვით ნაგები კედლის ფრაგმენტი, რომლის ქვეშაც ჩანს ანტიკყრი ხანაში დამუშავებული კლდის ნაწილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები