ქობერის ეპიტაფია-ლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქობერის ეპიტაფია-ლექსი – XIII ს. 60-იანი წლების ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი 10 სტრიქონად ქობერის მონასტრის (სომხეთი, იჯევანის რ-ნი, სომხური გამოთქმით ქობაირ) ერთ-ერთი საფლავის ქვაზე. იგი დაგებულია მონასტრის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ მინაშენის (მხარგრძელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელთა სამარხავის) იატაკზე. წარწერის ტექსტი ასეთია:

„გამოვედით სოფლისაგან
ცუდქმნილნი და გამომკრთალნი,
გულსა ცეცხლი მომდებია,
ამომდიან პირით ალნი“;
დიდთა ჩემთა შუებათაგან
დამრჩეს ჩოჴის ნაფერთალნი.

და კურთხეულ ხარ, ქრისტე ღმერთო, შენ და შენნი სამართალნი.

[სულსა შ]აჰანშეს და ხუაშასა, შეუნდვენ ღმერთმან“.

ტექსტის ბოლოს დასახელებული შაჰანშე და ხუაშა, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი, რომელთა საფლავის ეპიტაფიაც არის ეს ლექსი. XIII ს. II ნახ. ისტორიული პირებია. XIII ს. სომეხი ისტორიკოსის კირაკოს განძაკეცის ცნობით, საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი დიდმოხელის – შანშე (შაჰანშე) მანდატურთუხუცესის ცოლს ქობერის (ქობაირის) მონასტერი უყიდია სომხებისაგან. მისივე ცნობით, 1261 ოძუნში გარდაცელილი შაჰანშე ქობერის მონასტერში დაკრძალეს. ამრიგად, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ ეს წარწერა შაჰანშე მანდატურთუხუცესისა და მისი მეუღლის ეპიტაფიაა და შეიძლება, XIII ს. 60-იანი წლებით დათარიღდეს. მეტიც, გამოთქმულია ვარაუდი, რომ შანშეს ცოლი და, შესაძლოა, თვით შანშეც არიან გამოსახულნი ქობერის მონასტრის მთავარი ტაძრისათვის მიშენებული სამლოცველოს XIII ს. დაზიანებულ მოხატულობაში.

ქობერის ეპიტაფია-ლექსი შედგენილია მაღალი შაირით, თექესმეტმარცელიანი საზომით და თარიღით ახლოს დგას რუსთველის ეპოქასთან. იგი ლირიკული პოეზიის შესანიშნავი ნიმუშია. შინაარსით, თითქოს, მონაზვნად აღკვეცილი პირის აღსარებაა, რომელსაც დაუტოვებია ეს სოფელი, ყოფილ „დიდთა შუებათაგან“, ე. ი. მორჭმული ცხოვრების სანაცვლოდ დარჩენია „ჩოჴის“, ანუ სამონაზვნო სამოსლის „ნაფერთალნი“ და, ყოველივე ამის გამო „გულსა ცეცხლი მოსდებია, ხოლო პირით ამოსდის ალნი“. ლექსი შესანიშნავად გადმოსცემს მონღოლთა ბატონობის დროინდელი საზოგადოების შეჭირვებულ მდგომარეობას.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • მურადიანი პ., სომხეთის ქართული ეპიგრაფიკა, ერევანი, 1977 (სომხურ ენაზე კრ. „ვით მარგალიტი ობოლი“, ქუთაისი, 1978;
  • სილოგავა ვ., სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1980, №2;
  • მისივე, ეპიგრაფიკული ეტიუდები და შენიშვნები. – „მაცნე“ (ისტორიის…სერია), 1990, №4

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები