გურამიშვილი ქრისტეფორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქრისტეფორე გურამიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამიშვილი ქრისტეფორე, (ქაიხოსრო), (1697-04.03.1753), მესტამბე, რედაქტორ-გამომცემელი, მისიონერი, პოეტ დავით გურამიშვილის ძმა.

ქ. გურამიშვილის საქართველოში ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის მღვდლად მსახურობდა წილკნის ეპარქიაში, რომლის ეპისკოპოსი იყო იოსებ სამებელი (ქობულაშვილი). ქ. გურამიშვილი სწორედ მას გაჰყვა რუსეთში 1731 წ. მიწურულს. ისინი ერთად მოღვაწეობდნენ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნოვგოროდსა და ვსესვიატსკოეში.

ქ. გურამიშვილიმა სასტამბო საქმე სანქტ-პეტერბურგში შეისწავლა. 1737 წ. იოსებ სამებელის სახელით მან განცხადება შეიტანა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში რუსულ-ქართული ანბანის გამოცემის შესახებ, რაც განხორციელდა ქ. გურამიშვილის მონაწილეობით ჩამოსხმული ქართული შრიფტის მეშვეობით. 1736 წ. ქ. გურამიშვილმა ვსესვიატსკოეში ააშენა ქართული სტამბა, სადაც დაიბეჭდა მის მიერ რედაქტირებული მრავალი საინტერესო წიგნი: „დავითნი“ (1737), ბასილ მაკედონელის „დესტამენტი“ (1739), ბიბლია (1743), იოანე დამასკელის „გარდმოცემა უცილობელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“ (1744), სტეფანე იავორსკის დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულება „კლდე სარწმუნოებისა“ და სხვ. 1744 წ. ვსესვიატსკოეს სტამბა დაიხურა და ქ. გურამიშვილი ჩრდილო კავკასიაში გაემგზავრა ოს მოსახლეობას შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ოსეთში გაატარა. დაკრძალულია ასტრახანში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

ი. ამირხანაშვილი


ლიტერატურაა

  • კასრაძე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973;
  • ქართული საანბანო წიგნის ბიბლიოგრაფია (1629-1955), თბ., 1957.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები