ქრონიკული ლარინგიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული ლარინგიტი — ქრონიკული ლარინგიტის ეტიოგენეზი ხშირად ზედა სასუნთქი გზების და სინუსების პათოლოგიური პროცესებია. ისეთი, როგორიც არის: უკანა რინორეა, განსაკუთრებით ძილის დროს, როდესაც პათოლოგიური სეკრეტი აღიზიანებს ხორხის ლორწოვანს.

პოსტინტუბაციური გრანულომა. წერტილებით ნაჩვენებია ოპერაციული განაკვეთის სასურველი ტრაექტორია.

ამიტომ ქრონიკული ლარინგიტი, ისევე როგორც ფარინგიტი, მოითხოვს სინუსების და ცხვირის დეტალურ გამოკვლევას.

ბრონქო-პულმონალური პათოლოგიებისას უფრო ნაკლებად შეინიშნება ლარინგიტის კლინიკა.

თამბაქოს მოხმარება აორმაგებს ლარინგიტის რისკს გამაღიზიანებელი ეფექტის და მაღალი ტემპერატურის აირის ინჰალაციის გამო.

ქირურგიული ან რეანიმაციული მანიპულაციების დროს, ხშირია ინტუბაციის შემდგომი ხორხის ქრონიკული პათოლოგიები როგორიცაა: პოსტინტუბაციური გრანულომა ანუ იოგების ქსოვილის დეგენერაცია. ამის რისკი მეტია, როდესაც საქმე გვაქვს:

— გადამეტებულ ინტუბაციურ პერიოდთან (4-5 დღეზე მეტი);
— დიდი ზომის საინტუბაციო მილის გამოყენებასთან;

კლინიკური ნიშნები

ძირითადი კლინიკური ნიშანია – დისფონია. ხანგრძლივი დისფონია ყოველთვის მოითხოვს ლარინგოსკოპიას, განსაკუთრებით მწეველებში.

დღეს ფიბროსკოპიული გამოკვლევა აადვილებს დიაგნოსტიკას და ამიტომ იშვიათია დიაგნოსტიკური მანიპულაციის მიზნით პირდაპირი ლარინგოსკოპიის საჭიროება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როდესაც ექსპოზიცია – გამოჩენა ვერ ხერხდება, პირდაპირი ლარინგოსკოპია აუცილებელი ხდება. ამავდროულად, ეს მანიპულაცია საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მიკროქირურგიული ოპერაციული ჩარევით, იქვე მოვახდინოთ ამა თუ იმ პათოლოგიის კორექცია-მკურნალობა.

ვარჩევთ შემდეგი ტიპის ლარინგიტებს:

კატარალური ლარინგიტი, როდესაც ხორხი მთლიანად ჰიპერემიულია და ხმოვანი იოგებიც ჩათრეულია პროცესში.
მიქსომატოზური ლარინგიტი (Reinke-ს შეშუპება) ჰიპერპლასტიური ლარინგიტი, როდესაც ხმოვანი იოგების ლორწოვანი გასქელებული და შესიებულია.
ჰიპერტროფიული ლარინგიტი, როდესაც ხმოვანი იოგები წითელი ფერისაა და ძალიან შესიებულია.
— პაქიდერმია, იგივე ლეიკოკერატოზი, როდესაც ანთებითი პროცესის ფონზე, ხმოვან იოგებზე თეთრი ნადები ჩანს. ასეთი დაზიანება პრეკანცერულ დაზიანებად ითვლება და აუცილებელია მისი ბიოფსია.

მკურნალობა

ხორხის მიკროინსტრუმენტები და ლაზერის ხელსაწყო

ფუნქციური დისფონიის მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს ფონიატრიულ მკურნალობას. მხოლოდ ამ კურსის უშედეგობის შემთხვევაში უნდა განვიხილოთ ქირურგიული ჩარევის საკითხი. ამ დროს კარგია დავახმაროთ ისეთი ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატები, როგორიცაა Isla Mint და Isla Moos, ასევე, ანტიბაქტერიული საშუალებები – Hexaspray, Hexatoux, Trachisan და სხვა.

როგორც წესი, ლარინგიტების (გარდა Reinke-ს შეშუპებისა) და მცირე ზომის ანგიოფიბრომების კვალიფიციური ფონიატრიული რეაბილიტაცია ძალიან კარგ შედეგებს იძლევა და ქირურგიული ჩარევა არ ხდება საჭირო.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია პოსტოპერაციული რეციდივების პრევენციაც გახლავთ.

ხორხის მიკროქირურგია ნარკოზის ქვეშ, პირდაპირი ლარინგოსკოპით და მიკროსკოპის კონტროლქვეშ, ლაზერული დანით მიმდინარეობს. ასევე, ხშირია „ცივი“ მიკროინსტრუმენტების – სხვადასხვა მაკრატლის და მომჭერების გამოყენება.

ოპერაციული ჩარევის შემდეგ, აუცილებელია მასალის ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება. ნებისმიერი არასაეჭვო ახალწარმონაქმნი, შესაძლოა იყოს მალიგნიზირებული (ავთვისებიანი) და პირიქით, აშკარა „კიბო“ კეთილთვისებიანი აღმოჩნდეს.

NOTA BENE
  • ნებისმიერი ქრონიკული ლარინგიტი შესაძლოა გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ;
  • ნებისმიერი ქრონიკული ლარინგიტი მოითხოვს მუდმივ კონტროლს (2 ჯერ წელიწადში);
  • ნებისმიერი ქრონიკული ლარინგიტით დაავადებული პაციენტის ხმის შეცვლა სასწრაფო დათვალიერების მიზეზი უნდა გახდეს;
  • ხორხიდან აღებული ნებისმიერი მასალა, თუნდაც ანათალი, უნდა გაიგზავნოს ჰისტოლოგიურ კვლევაზე;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები