ყურის შუილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტინიტუსიყურის ან, ზოგადად, თავის მიდამოს ნებისმიერი სუბიექტური ხმაურია. მსგავსი ხმები არაერთხელ გვიგრძნია თითოეულ ჩვენთაგანს. თუმცა, როდესაც ეს შუილები რეგულარულ ხასიათს იღებს და ძალიან შემაწუხებელი ხდება პაციენტისთვის, ექიმი საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე დგება, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის კუთხით.

ეს პათოლოგია მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 10-15%-ში გვხვდება.

როგორც წესი, ყურის ხმაურები სუბიექტურია და არ ისმინება ექიმის მიერ. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ხმაური ობიექტურია და მისი მოსმენა რეალურადაა შესაძლებელი. მათ ობიექტური, პულსაციური შუილები ეწოდება. მათ ინტრაკრანიალური, სისხლძარღვოვანი პათოლოგიის ეტიოლოგია აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ხმები სუბიექტურია და მათი დახასიათება მხოლოდ პაციენტს შეუძლია. სმენის აპარატის ნებისმიერ დაზიანებას შესაძლოა მოჰყვეს ტინიტუსი. აღსანიშნავია, რომ ყურის შუილები შესაძლოა სმენის ნერვის (VIII წყვილი ნერვის) ნევრინომის პირველი სიმპტომი იყოს.

ნებისმიერი ცალმხრივი, ხანგრძლივი ტინიტუსი საჭიროებს რეტროკოხლეარული პათოლოგიის გამორიცხვას.

ყურის შუილების ხასიათის და ლოკალიზაციის ზუსტი დახასიათება პაციენტს ხშირად უჭირს და ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად შემაწუხებელია პაციენტისთვის ესა თუ ის ხმაური. ზოგიერთი მათგანი იმდენად აუტანელია, რომ იწვევს პაციენტის სოციალური ცხოვრების სრულ პარალიზებას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ტინიტუსის მიზეზი შესაძლოა გახდეს ოტოსკლეროზი ან მენიერის დაავადება. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ამ პათოლოგიური სიმპტომის მიზეზი გაურკვეველი რჩება. ასეთი ზოგადი შუილები, სავარაუდოდ, კოხლეარული და ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის გამო ვითარდება. ამის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში, ტინიტუსი არ ქრება სმენის ნერვის ან თვითონ ლოკოკინას (კოხლეას) ქირურგიული ამოკვეთისას.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიზეზი ნაპოვნია, მკურნალობა ხშირად არ იძლევა საკმარის ეფექტს და ტინიტუსი არ ქრება.

ნებისმიერი ტინიტუსი, რომელიც ნაკლებად შემაწუხებელია პაციენტისათვის, მოითხოვს მხოლოდ მსუბუქ თერაპიულ მკურნალობას. ზოგიერთ შემთხვევაში, გატოლებულს პლაცებოსთან.

სამაგიეროდ, ნებისმიერი ტინიტუსი, რომელიც იწვევს პაციენტის სერიოზულ დისკომფორტს, საჭიროებს თერაპიულ მკურნალობას. თუმცა, მისი შედეგიანობაც არ არის დამტკიცებული. საჭიროა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სქემა, რათა შევუმსუბუქოთ პაციენტს ეს ტანჯვა.

მხედველობაში გვაქვს ვაზოდილატატორების, ანტიკონვულსანტების და, თუნდაც, აუდიოპროთეზის გამოყენება. თუკი ყველა ეს საშუალება უშედეგოა, მივმართავთ ფსიქოთერაპევტის დახმარებას.

NOTA BENE
  • თუკი ჰიპერაკუზია მტკივნეულია და მცირედი ხმაურიც კი იწვევს პაციენტის ყურის ტკივილს, უნდა ვივარაუდოთ შიდა ყურის დაზიანება და შესაძლოა, სრული სიყრუის შემთხვევაც შეგვხვდეს;
  • ასეთივე სიმპტომები შესაძლოა ჰქონდეს პრაქტიკულად ჯანმრთელი სმენის მქონე პაციენტსაც;
  • ნებისმიერი ტინიტუსი საჭიროებს სრულ ოტოლოგიურ გამოკვლევას. ეს სიმპტომი შესაძლოა ყურის მრავალი პათოლოგიის ნიშანი იყოს. მათ შორისაა სმენის ნერვის ნევრინომაც;
  • ტინიტუსის ყველა შემთხვევისას, აუცილებელია ქალას აუსკულტაცია, რადგანაც პულსაციის შეგრძნება ზოგჯერ არ ახასიათებს ინტრაკრანიალურ-სისხლძარღვოვან პათოლოგიებს;
  • ხმაურის აუტანლობა შესაძლოა ჰქონდეთ სრულიად ყრუ, კოფოზურ პაციენტებსაც;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები