ჩრდილოური ორჭიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფელიქს გოტვალდი (ავსტრია)

ჩრდილოური ორჭიდი – (სათხილამურო კომბინაცია). ზამთრის სპორტის სახეობა, მოიცავს ტრამპლინიდან ხტომას და თხილამურებით რბოლას. მონაწილეობენ მხოლოდ კაცები.

სარჩევი

ისტორია

ჩრდილოურ ორჭიდში პირველი შეჯიბრებები გაიმართა XIX საუკუნის დამლევს ნორვეგიაში. იქიდან გავრცელდა ეს სახეობა შვედეთსა და ფინეთში, აგრეთვე ჩრდილოეთის სხვა ქვეყნებში. XX საუკუნის დამდეგიდან შეიტანეს ჩრდილოეთის თამაშების პროგრამაში. 1952 წლამდე ორჭიდში შედიოდა ხტომა 60-მეტრიანი ტრამპლინიდან და რბოლა 18 კმ-ზე. შემდეგ შემოიღეს 70-მეტრიანი ტრამპლინი და რბოლა 15 კმ-ზე. 1988 წლიდან ორჭიდელები 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ასპარეზობდნენ, 1999-დან კი პროგრამაშია ხტომა 120-მეტრიანი ტრამპლინიდან.

1924 წელს ორჭიდელთა პირველ ოლიმპიურ ტურნირში (შამონი) 9 ქვეყნის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა. გაიმარჯვა ნორვეგიელმა ტორლეიფ ჰაუგმა, რომელმაც მანამდე 2 ოქროს მედალი მოიგო 18 და 50 კმ-ზე რბოლაში. მომდევნო 3 თამაშებშიც ამ ქვეყნის მოთხილამურეები პირველობდნენ – ყველა საპრიზო ადგილი მათ დაიკავეს. შემდეგ ნორვეგიელებს მეტ-ნაკლებ კონკურენციას უწევდნენ ფინელები და გერმანელები, მაგრამ ორჭიდის ფუძემდებელთა საერთო უპირატესობა აშკარაა. 1988 წლიდან პროგრამაში შეიტანეს გუნდური ორჭიდი (90-მეტრიანი ტრამპლინი და ესტაფეტა 3X10 კმ), 2002 წელს – კიდევ ერთი ინდივიდუალური ორჭიდი (120-მეტრიანი ტრამპლინი და სპრინტი 7,5 კმ).

ჩრდილოური ორჭიდი საქართველოში

საქართველოში სათხილამურო ორჭიდს მიმდევრები გამოუჩდნენ 1960-იანი წლების დასაწყისში. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანელი ჯუდუ წაქაძე, რომელმაც რამდენიმე საკავშირო შეჯიბრებაში საპრიზო ადგილები დაიკავა. საქართველოს წარმომადგენლები სსრკ ზამთრის სპარტაკიადაშიც გამოდიოდნენ, მაგრამ მაღალი შედეგები არ მოუპოვებიათ.

წესები

ჩრდილოურ ორჭიდში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. ინდივიდუალური შეჯიბრება ორ დღეს გრძელდება: ჯერ ტარდება 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომა (1 ცდა), მეორე დღეს კი – 10 კმ-ზე თხილამურებით რბოლა. ტრასა ტექნიკურად თხილამურებით რბოლის სტანდარტულ მარშრუტზე მარტივი უნდა იყოს. მეორე დისციპლინაში – სპრინტში – 120-მეტრიან ტრამპლინზე სპორტსმენს ეძლევა მხოლოდ 1 ცდის გამოყენების უფლება, ხოლო თხილამურებით რბოლის დისტანციაა 7,5 კმ.

სპორტული ფორმა და თხილამურები ისეთივეა, როგორიც ტრამპლინიდან ხტომასა და თხილამურებით რბოლაში. ნახტომი ფასდება იმავე კრიტერიუმებით, რომელსაც ჩვეულებრივ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში იყენებენ. სათხილამურო რბოლისას დისტანციის გავლა ნებადართულია ნებისმიერი სტილით. გუნდურ ორჭიდში (120-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომა და სათხილამურო ესტაფეტა 4X5 კმ) მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი. თხილამურებით რბოლის სტარტზე გამოსვლის რიგითობა ასევე გუნდერსენის სისტემით განისაზღვრება. საბოლოო გამარჯვებული ვლინდება ორივე დისციპლინაში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები