ცულისპირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცულისპირა – Lathyrus sativusL.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

ცულისპირა(Lathyrus sativus L. culispiras (Lathyrus sativus L.)) პარკოსანთა ოჯახის მცენარე. მეორე სახელია „უკადრისა“. ძველი ქართული სამედიცინო წყაროების მიხედვით, მას კიდევ „მარფაშთას“, „ფურჩაყს“ და „მურდუმაქს“ უწოდებდნენ (წუწუნავა, 1960; ჯავახიშვილი, 1986).

ცულისპირას ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევის (ძვ.წ. VI-V სს.) არქეოლოგიურ მასალებში (Bokeria et al., 2009).

გ. ვასილევის ცნობით, ცულისპირა საქართველოში გავრცელებული იყო ამერიკის აღმოჩენამდე (Васильев, 1953).

XX ს.-ის 20-იანი წლების მონაცემებით, რაჭაში ცულისპირა გვხვდებოდა 800-1200 მ ზღ. დ.-დან (Декапрелевич, Менабде, 1929).

ცულისპირა ერთწლოვანი მცენარეა, ითესება ადრე გაზაფხულზე. აქვს სუსტი ღერო, რომელიც ადვილად წვება. ცულისპირა, ბარდასთან შედარებით, უფრო მოსავლიანია. კარგ მოსავალს იძლევა შავმიწა, თიხნარ, ყავისფერ და ალუვიურ მიწებზე. არ არის სითბოსადმი მომთხოვნი. ის კარგი წინამორბედია თავთავიანი და სათოხნი კულტურებისათვის.

ცულისპირას ნათესი
ახალციხე, სოფ. წნისი

მთხრობელთა გადმოცემით, „...ცულისპირას ვენახებში თესავდნენ. იგი ტრადიციულ თესლბრუნვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ცულისპირასგან აკეთებდნენ შეჭამანდს: მოხარშული ცულისპირა შეზავდება დანაყილი ნიგვზით, დაჭრილი ხახვით და ქინძით; მარილი, პიმპილი – გემოვნებით; სიმჟავის დასამატებლად დაემატება ტყემალი ან ტყლაპი; ცულისპირას განსაკუთრებული გამოყენება კი რაჭაში „სართვიანების“ გამოცხობის დროს ჰქონდა“. ცულისპირას და ჭვავის ან ხორბლის ნარევისაგან ამზადებენ ნოყიერ პურს (ძველი ქართული კერძები, 2006; მაისაია, 2013).

ცულისპირას სამკურნალო მიზნითაც იყენებდნენ, მაგალითად, კუჭის შეკრულობის შემთხვევაში, აგრეთვე ხველების, გაციებისა და სურავანდის საწინააღმდეგოდ (წუწუნავა, 1960).

სხვადასხვა ჯიშის მარცვალში ცილის შემცველობა მერყეობს 23%-დან 35%-მდე

ცულისპირას კულტურის აღდგენა ხელს შეუწყობს მოსახლეობის კვების რაციონის გამდიდრებას ცილოვანი პროდუქტებით.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები