ცხვარიჭამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვარიჭამია – სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თეზამი, კევლიანი, მშრალხევი, ლელუბანი, მამკოდა). გაშენებულია საბადურის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. სოფლის ძველთაძველი სახელი ზვარეთი ყოფილა.

ადგილობრივ საკმაოდ პოპულარულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფლის სახელწოდება ხშირ ლეიანობასთან ყოფილა დაკავშირებული; „აქ გადმოდენილა ლეკი. ვეძახით სალეკო გორას, იქიდანა სცოდნიათ მოსვლა. არბევდენ სოფლებს. ეგენი გადენილან არაგვგაღმაც, არაგვგამოღმა ხო იმათი ლუკმა იყო. ართმევდენ ხალხს პირუტყვს, რაც რამეს დაითავისებდენ, მიჰქონებიათ. ხოლოთ ბანაკი აქა ჰქონიათ, ამ ჩვენ სოფელში; ახლოშივე მდგარან. დატაცებული ცხვარ-ძროხა აქ მაჰყოლებიათ გამოულეველათ ჰქონიათ ცხვრის ხორცი, ერთავათ ცხვარსა შჭამდენ, დაჰკლამდენ და იყვნენ ერთ ამბავში. მაუქვივნებიათ ცხვარიჭამია“ (ივ. წოწკურაშვილი, 1974 წ.)

არანაკლებ პოპულარულია მეორე გადმოცემა, რომლის მიხედვით ცხვარიჭამია ადამიანის პიროვნული სახელი ყოფილა: „ეს სოფელი სუ პირველათ გაუშენებია ერთ მწყემს; იმისათვი სახელათ უძახნია ცხვარიჭამია, ჯერზე წლის თოხლი თურმე არა ჰკმაობდა და ცხვარიჭამია მაუქვივნებიათ. ის რო აღარა ყოფილა, ახლა სოფლისათვი დაურვმევიათ იმისი სახელი“ (მ. ჩოხელი, 1974 წ.)

ქართულ ენაში მართლაც გვაქვს ანალოგიური წარმოშობის ანთროპონიმები (ზაქიჭამია, ბატკნიჭამია…), მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე ცხვარიჭამია სოფელს უნდა შერქმეოდა არა პიროვნული სახელის, არამედ ადგილის სახელის მიხედვით. ცხვარიჭამია, ჩვენი აზრით, ისევეა წარმოქმნილი, როგორც ხარიკალია (ბორჯომის რ.), კაციჭამია და სხვა მისთ. ცხვარიჭამია, ამრიგად, უნდა გაგიზიაროთ ადგილად. სადაც მგელი ან სხვა მტაცებელი ნადირი ხშირად ჭამს (იტაცებს) ცხვარს; „სა–მგლე ადგილები“.

აქვე გვინდა წარმოვადგინოთ სხვაგვარი ახსნაც. მთიულურ დიალექტში დაცულია ტერმინი ბატკნიჭამია − სახელია ერთგვარი თეთრბუსუსებიანი ბალახისა, რომელიც ბატკნებს აბრუებს და ხოცავს (იხ. ლია კაიშაური, მთიულურის დარგობრივი ლექსიკა, თბ. 1967, გვ.185). როგორც ჩანს, ძველ ზვარეთშიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ამგვარი შხამა ბალახი, რომელიც ცხვარს (ბატკანს) ხოცავდა და ადგილსაც მიტომ შერქმევია ცხვარიჭამია. ამ ახსნათაგან უპირატესობა, ჩვენი ფიქრით, პირველ ვერსიას უნდა მივაკუთვნოთ.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები