წერნაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წერნაქი

წერნაქი (ქართ., კახ.) წარნაქი (ზ. იმერ.), წანაქო (ლეჩხ.) - ერთგვარი მიწა, გამოიყენება თიხის ჭურჭლის მოსახატად. აღმოსავლეთ საქართველოში წერნაქის საბადოებად მიჩნეულია კასპის რ-ნში ფაშიანის გორა, რომელსაც ახალქალაქელი მეჭურჭლეები იყენებდნენ, ქიზიყელი მეჭურჭლეები კი კარდენახის მთაში მოიპოვებდნენ. შიდა კახეთის ოსტატები გარე კახეთიდან - მარტყოფ-ლილო-პატარძეულის მიდამოებიდან ეზიდებოდნენ. მცხეთელებისათვის წერნაქის ბუდედ ბებრისციხის შემოგარენი ითვლებოდა. შროშელ (იმერელ) მეჭურჭლეებს იგი ზესტაფონის რ-ნის სოფ. კვალითიდან მოჰქონდათ.

წერნაქი ბუნებაში სამი სახითაა წარმოდგენილი: კლდეშია, საიდანაც ხელით გამოიღებენ. მინდორშია მიმობნეული და ფიქალ ქვებს შორისაა მოქცეული.

იგი არსებობს ფხვნილის ან „კაკლისტოლა კორხების“ სახით. მეჭურჭლეთა გადმოცემით, წერნაქის გამოჩენა ახალ მთვარეს უკავშირდება - „წერნაქს ზაფხულში გამოყრის, სიცივეში არა“. ცნობილია, რომ ახალი მთვარის გამოჩენას ახლავს ამიდნის ცვლა, წვიმები. მიწის ჟანგი,, ანუ წერნაქი კი მნიშვნელოვანი ტენიანობის პირობებში წარმოიქმნება. წერნაქის მომზადებისას გარკვეული რაოდენობის მიწას თიხის ჯამში ყრიდნენ, დაასხამდნენ წყალს ისე, რომ „მასა არც თხელი ყოფილიყო და არც სქელი“. წერნაქი შემშრალ ჭურჭელს გამოწვის წინ ესმევა. დასაწყისში იგი მიწის ფერისაა, გამოწვის შედეგად წითლდება. შიდა კახეთის მეჭურჭლეები ჩარხზე მდგომ ყურშეუბმელ ნედლ ჭურჭელს ფუნჯით აჭრელებენ. შემშრალი ჭურჭელი ოსტატს ხელში უჭირავს და წერნაქის ხსნარში ამოვლებული ფუნჯით აჭრელებს.

წერნაქის გამოყენებას ქართულ კერამიკაში უძველესი ტრადიციები აქვს. ამის დადასტურებაა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებული მოწერნაქებული ჭურჭელი თრიალეთის ყორღანებიდან.

ძველ საქართველოში, წერნაქს, სახლის ნაწილების მოსახატავადაც იყენებდნენ. დასავლეთ საქართველოში გასულ საუკუნეში ამ საღებავს ზანდუკების დასაჭრელებლად ხმარობდნენ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები