წერტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერტილი (.) – სასვენი ნიშანი, რომელიც დაისმის:

1. თხრობითი წინადადების ბოლოს, რომელიც შეიცავს დეფინიციას, ფაქტის კონსტატაციას და წარმოადგენს სტილისტიკური შეფერილობის მიხედვით ნეიტრალურ მტკიცებას. სალიტერატურო ენაში, როგორც წესი, წერტილით ფორმდება წინადადებები სამეცნიერო ხასიათის ნარკვევების, ოფიციალური დოკუმენტებისა და საინფორმაციო საშუალებების (მედიის) ენაში. მაგ.: ენათმეცნიერება არის მეცნიერება ენის შესახებ. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

2. წერტილი იხმარება სიტყვების შესამოკლებლად:

ა) ენაში არსებული ზოგი მზა ფორმულის შემოკლებისას: ე. ი. (ესე იგი); ე. წ. (ეგრეთ- წოდებული), და ა. შ. (და ასე შემდეგ), იხ. (იხილე), შდრ. (შეადარე), ჩვ. წ. (ჩვენი წელთაღრიცხვით), მაგ. (მაგალითად)…
ბ) ადამიანის სახელის ან სახელგვარის ინიციალების (საწყისი ასოების) შემდეგ. მაგ.: ი. ჭ. (ილია ჭავჭავაძე)
გ) დასახელებული პუნქტების ან ზოგი სხვა გეოგრაფიული სახელის წინამავალი ნომენკლატურული ტერმინის შესამოკლებლად: ქ. თბილისი, მდ. მტკვარი, სოფ. მარტყოფი…

3. რისამე ჰუნქტობრივ ჩამოთვლისას რომაული ან არაბული რიცხვებისა თუ საკლასიფიკაციო ასოების შემდეგ. მაგ.:

1. ა.
2. ბ.
3. გ.
და ა. შ.

4. წერტილი იხმარება აგრეთვე თარიღის მონაცემთა (რიცხვი, თვე, წელი) გასამიჯნავად: 6. VII. 2000.

ადრე (უპირატესად – ოქტომბრის რევოლუციამდე) წერტილი იწერებოდა წიგნის, საგაზეთო თუ სამეცნიერო სტატიისა და ა. შ. სათაურის ან ცალკეული თავების სათაურების შემდეგაც, მაგრამ თანამედროვე ქართულში ყველა ამგვარ შემთხვევაში წერტილი აღარ იხმარება: გამოსაყოფი ერთეულები სხვადასხვა ვიზუალური ხერხით (შრიფტი, განლაგება…) იმიჯნება დანარჩენი ტექსტისაგან.

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები