თხრობითი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თხრობითი წინადადება – წინადადება, რომლითაც გადმოიცემა რაიმე ცნობა ამა თუ იმ ფაქტის ან მოვლენის დადასტურების ან უარყოფის სახით. თხრობით წინადადებაში შემასმენელი, ჩვეულებრივ, გადმოცემულია ზმნის თხრობითი კილოს ფორმით („მზე წითლად-ყვითლად ელვარე ღუოდა!“ ი. ჭავჭავაძე). თხრობითი შინაარსის რთული ქვეწყობილი წინადადების დამოკიდებულ კომპონენტში. ზმნა (შემასმენელი) შეიძლება იყოს კავშირებითი კილოს ფორმითაც („ქვეყნად რომ ერთიც დარჩეს ქართველი, აკვნებს გამართავს, ვაზს გაახარებს“, გ. აბაშვილი). თხრობითი წინადადება, სხვა ტიპის წინადადებებისაგან განსხვავებით (კითხვითი, ბრძანებითი.), თითქმის არ ავლენს მთქმელის დამოკიდებულებას და მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას ახდენს. მტკიცების მიხედვით თხრობითი წინადადება არის წართქმითი („არსენამ როსტომს ტყეში დარჩენილთა ამბავი გამოჰკითხა“, მ. ჯავახიშვილი) და უკუთქმითი („ახალმოსულ თოვლს, ყინვადაკრულს, არსად არ აჩნდა ნაფეხური ადამიანისა“, ი. ჭავჭავაძე). აგებულების, ანუ სტრუქტურის მიხედვით თხრობითი წინადადება შეიძლება იყოს მარტივი („განდევნილმა მეფემ უცხოობაში დალია სული“, ნ. ლორთქიფანიძე), შერწყმული („არჩვთა, შუნთა და ხარ-ჯიხვთა რქა გადუდვიათ რქაზედა“, ვაჟა-ფშაველა) და რთული („ესმის დღეიდან ყოველი, რასაც ფრინველნი გალობენ“, ვაჟა-ფშაველა).

საერთოდ, თხრობითი წინადადებისთვის, მიუხედავად მისი აგებულებისა, დამახასიათებელია დამავალი ინტონაცია. მარტივ წინადადებაში წინადადების თავიდან ბოლოსაკენ ტონი თანდათან დაბლდება. რაც უფრო ვრცელია წინადადება, მით უფრო რთულია ტონის მოდულაცია. რთულ წინადადებაში ტონი მაღლდება პირველი შემადგენელი წინადადების ბოლოს, სულ ერთია, მთავარია იგი თუ დამოკიდებული (კარგი იქნება, თუ მოხვალ. შდრ. თუ მოხვალ, კარგი იქნება). ტონის ამაღლება ხდება შერწყმულ წინადადებაშიც ერთგვარი წევრების ჩამოთვლისას („ჩიტმა დიდი მადლობა შესწირა ღმერთს, ტყეს, ყველა მცენარეს, ფრინველთ და ნადირთაც კი“, ვაჟა-ფშაველა). თითოეული ერთგვარი წევრი, გარდა უკანასკნელისა, წარმოითქმის ამაღლებული ტონით, წყვეტილად (ე. ი. ხმა შეწყდება მომდევნო სიტყვის დაბალი ტონით დაწყებამდე); ტონის ამგვარი ამაღლება არის ე. წ მოლოდინის ინტონაცია (გ. ახვლედიანი). შედარებით მშვიდი, დამავალი ინტონაცია განასხვავებს თხრობითი წინადადებას სხვა სახის მოდალური წინადადებებისაგან. სიტყვათა განლაგება მარტივ თხრობით წინადადებაში თავისუფალია, მაგრამ უპირატესობა მაინც ენიჭება ზმნის წინადადების ბოლოს მოთავსებას, ჩვეულებრივ, წინადადება იწყება ქვემდებარით („დღემ დაიხურა პირბადე“, ვაჟა-ფშაველა). ლოგიკური მახვილის მქონე სიტყვა, წესისამებრ, ზმნის (შემასმენლის) წინ დგას.

ლ. კვანტალიანი

ლიტერატურა

  • გორგაძე ს. ქართული სადასიტყვაობა, ტფ. 1915;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ. 1963;
  • დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., 1973;
  • ბასილაია ნ. წინადადების ტიპები მტკიცებისა და შინაარს-ინტონაციის ანუ მოდალობის მიხედვით, თბ., 1983;
  • აფრიდონიძე შ., სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში, თბ. 1986;
  • კიზირია ნ., სალიტერატურო ქართულის ინტონაციის საკითხები, თბ. 1987;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები