მარტივი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარტივი წინადადება – წინადადება, რომელიც აგებულია ზმნასთან სხვა სრულმნიშვნელოვანი სიტყვების (სახელების, ზმნისართის) დაქვემდებარებითი შეკავშირებით. მარტივი წინადადების ცენტრი ზმნაა, რომლითაც არის გადმოცემული წინადადების ძირითადი წევრი – შემასმენელი (პრედიკატი). მარტივ წინადადებაში მხოლოდ ერთი შემასმენელია, რომელთანაც ცალმხრივი დაქვემდებარებით (სუბორდინაციით) ან საურთიერთო დაქვემდებარებით (კოორდინაციით) დაკავშირებულია წინადადების სხვა წევრები. მაგ. „გახარებული უფალი კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა“ (ვაჟა-ფშაველა). ამ მარტივ წინადადებაში ძირითადი წევრი – ზმნა-შემასმენელი, „სწერდეს“ მართავს სახელებს ბრუნვაში (უფალი – ქვემდებარე, ყმას – ირიბი დამატება, ჯვარს – პირდაპირი დამატება. თავის მხრივ, სახელები მართავენ ზმნას სუბიექტურ-ობიექტურ პირებში (უფალი სწერდეს; ყმას სწერდეს; ჯვარს სწერდეს – მართვა პოტენციური), ე. ი. მარტივი წინადადების მთავარ წევრთა შორის არის საურთიერთო დაქვემდებარება. მთავარ წევრებს ახლავს დამოკიდებული წევრები (გახარებული უფალი, კარგს ყმას, სწერდეს ზენითა). სახელები (უფალი, ყმას) ითანხმებენ არამთავარ წევრებს – განსაზღვრებებს ბრუნვაში; ადგილის გარემოება („ზენითა“) მიერთვის ძირითად წევრს – შემასმენელს. სქემატურად ეს ასე შეიძლება გამოვსახოთ:

Winadadebis sqema.JPG


მარტივი წინადადება მოდალობის მიხედვით არის თხრობითი. კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა: მთავარ წევრთა შედგენილობის მიხედვით – გავრცობილი და გაუვრცობელი, სრული და უსრული, უქვემდებარო, განუსაზღვრელპირიანი, განზოგადებულპირიანი. სახელდებითი წინადადება მხოლოდ პირობით თუ შეიძლება ჩაითვალოს წინადადებად, რადგან მასში შემასმენელი არ არის.

კ. გაბუნია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები