კითხვითი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კითხვითი წინადადება – წინადადება, რომელიც გამოხატავს კითხვას. წარმოითქმის კითხვითი ინტონაციით, რომელიც სხვადასხვაგვარია წინადადების შედგენილობის მიხედვით.

კითხვითი წინადადება არის ორი სახის: კითხვითსიტყვიანი და კითხვითი სიტყვის უქონელი. კითხვითი სიტყვებია:
1. კითხვითი ნაცვალსახელები (ვინ? რა? რომელი? როგორი?..),
2. კითხვითი ზმნისართები (სად? როდის? როგორ? რატომ?..),
3. კითხვითი ნაწილაკები (ხომ, განა, ნუთუ, თუ …).
კითხვითი ნაცვალსახელები და ზმნისართები წინადადების წევრებია. ისინი იწყებენ კითხვით წინადადებას და კითხვის მახვილიც მათზეა. კითხვით სიტყვაზე ტონი ძლიერდება და მაღლდება, წინადადების ბოლოს კი დაბლდება (ვინ არის? რამ შეგაშინა? რატომ შეკრთი? სად მიდიხარ?). თუმცა ამ ტიპის კითხვითი წინადადების ინტონაცია დაბალია. მაგრამ იგი მაინც უფრო მაღალია. ვიდრე თხრობითი წინადადებისა. თუ კითხვითი სიტყვა შუა წინადადებაშია, მაშინ ინტონაცია აღმავალ-დამავალია (მესტვირე რას ამბობს? სოფელში როდის აპირებს წასვლას? გამოსასყიდს რამდენს ითხოვს?..). ამ ტიპის კითხვითი წინადადებები ითხოვენ პასუხს, რომელიც ხშირად ერთი სიტყვით გადმოიცემა. თუ კითხვითი ნაცვალსახელები და კითხვითი ზმნისართები კითხვითი მნიშვნელობით არ არის ნახმარი და უარყოფას აღნიშნავენ, ასეთი კითხვითი სიტყვის შემცველი წინადადება არ მოითხოვს პასუხს და ექსპრესიულ-ემოციურ წინადადებად იქცევა („ბუნებას, უფლის ნაკურთხსა, რას უზამს ტურა-მელები?“, ვაჟა-ფშაველა), იგი შინაარსით კითხვით-რიტორიკული წინადადებაა. კითხვითი ნაწილაკები წინადადების წევრები არ არიან, მხოლოდ კითხვას გამოხატავენ და ამასთან ერთად ხშირად რაღაც ეჭვს, უნდობლობას, განცვიფრებას ან დასტურსაც აღნიშნავენ („განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი?“, ი. ჭავჭავაძე; „ნუთუ შენს მგოსანს მყისვე დამკარგავ?“, ი. გრიშაშვილი; „დღეს ხომ ხედავ ცისკრის ვარსკვლავს?“, ა. წერეთელი.

როცა კითხვითი წინადადება კითხვითი სიტყვის უქონელია, მაშინ კითხვა მხოლოდ ინტონაციით გამოიხატება. ასეთ წინადადებაში კითხვის მახვილი სხვადასხვაგვარია: აღმავალი (ზმნა წინადადების ბოლოსაა: „სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება?“, ი. ჭავჭავაძე), დამავალი (ზმნა წინადადების თავშია: „გაზრდის-ღა კიდევ მშობელი ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?“, ვაჟა-ფშაველა, აღმავალ-დამავალი (ზმნა წინადადებაშია: „მარტო სიამე მახსოვს თქვენგანა?, ვაჟა-ფშაველა. კითხვის მახვილიანი ზმნა ამაღლებული ტონით წარმოითქმის და ზმნის ბოლო მარცვლის ხმოვანიც გრძელდება („ყინული და ცეცხლი ერთი-ერთმანეთსა არ დალევენ?“, ი. ჭავჭავაძე).

შინაარსის მიხედვით კითხვითი წინადადება შეიძლება იყოს კითხვით-წართქმითი, კითხვით-უკუთქმითი, კითხვით-წაქეზებითი, კითხვით-რიტორიკული, ალტერნატიული და ა. შ. აგებულების მიხედვით კი – მარტივი („ვინ ააკვნესებს ლხენით ჩემს ლექსებს?“, ი. გრიშაშვილი), შერწყმული („არ ავუხსნა სიხარული, არ შევჩივლო უკმარობა?, გ. შატბერაშვილი). რთულ თანწყობილ წინადადებაში შეიძლება ან ერთ-ერთი კომპონენტი იყოს კითხვითი, ან – ყველა (შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა, მაგრამ იქ ვინმეს შევებრალები?“, გ. ტაბიძე; „ეს საბანია ასე ლამაზი თუ ანგელოზის ფრთები მახურავს?“, გ. ტაბიძე … ქვეწყობილი წინადადება კითხვითია, თუ მთავარი წინადადებაა კითხვითი („ნუთუ არ არის ეხლა დრო, ვმღერდეთ შეწყობილს ხმაზედა?“, ვაჟა-ფშაველა). დამოკიდებულმა წინადადებამ შეიძლება გამოხატოს ირიბი კითხვა („მე ვეკითხები კახეთს, თუ რაზე ფიქრობს ქართლი“, გ. ტაბიძე).

ლ. კვანტალიანი



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები