წითელი გვირილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი გვირილა

წითელი გვირილა - (Pyrethrum roseum = Tanacetum coccineum [Willd.] Grierson);
ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae).

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შიშველია ან ძალიან თხლად შებუსული. ღერო სწორია, მარტივი, სუსტად შეფოთლილი, სიმაღლე – 20-30 სმ. კალათა მარტოულია. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები ყუნწიანია. ფოთლის სეგმენტები კვერცხისებურია და ღრმადაა ორმაგფრთისებურად განკვეთილი ლანცეტა ნაკვთულებად. ზედა ფოთლები დაპატარავებულია და მჯდომარე. ენისებური ყვავილები კაშკაშა ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VII-VIII.

იზრდება ტყის ზედა და სუალპურ სარტყელში, ადის ზღ. დ. 2200-3000 მ სიმაღლემდე. უპირატესობას ანიჭებს ნოტიო ჩრდილოეთ ფერდობებს, მაგრამ ხარობს სამხრეთზეც. გვხვდება მეჩხერ ტყეებში, ველისა და ტყის მცენარეულობის საზღვარზე, უმთავრესად სუბალპურ მდელოებზე.

სამკურნალო ნედლეულია ყვავილები — კალათები, რომლებსაც აგროვებენ სრული ყვავილობის პერიოდში. გვარი პირეთრუმის სახეობები ინსექტიციდურ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნებიან. წითელი გვირილას ინსექტიციდურ საწყისს წარმოადგენს პირეთრინები და ცინერინები. შემდგომში პირეთრუმის ეთერთა ნარევიდან გამოჰყვეს სპირტი – პირეთროლინი და ორი მჟავა: ქრიზანთემმონოკარბონმჟავა და ქრიზანთემდიკარბონმჟავა. აღნიშნულის გარდა ნაპოვნია: ეთერზეთები, სტახიდრინი, ფიტოსტერინი, ფლავონოიდები, პალმიტინისა და აზულენის მჟავები.

პირეთრინი — კონტაქტური ნერვული შხამია, მოქმედებს უკვე 1:1000000და 1:50000 განზავებით ყველა ცივსისხლიანი ცხოველების ჯგუფებზე, როგორიცაა: რბილტანიანები, მატლები, მწერები, ობობასნაირები, თევზები, ამფიბიები, რეპტილიები და ა.შ. მოწამლვის ყველა შემთხვევაში აღინიშნება სწრაფი სიკვდილი, რაც ნერვული სისტემის დაზიანებითაა გამოწვეული. პირეთრინის პრეპარატები შესანიშნავი ჭიისმდენი საშუალებაა, რომელიც სპობს ყველა სახის ჭიას, დაწყებული ზოლისებრი და მრგვალი ჭიებით, დამთავრებული ღვიძლის ლამბლიებით. ამავე დროს ეს პრეპარატები მთლიანად უვნებელია ადამიანებისათვის და არ იძლევიან მავნე გადახრებს. პირეთრინის ხსნარი კარგი საშუალებაა მუნის საწინააღმდეგოდ /Атлас лекарств.раст. СССР, 1962; ბიძინაშვილი, 2011/.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები