ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება - ჭიათურაში შავი ქვის - მანგანუმის - მოპოვება 1879 წლიდან იღებს სათავეს. მისი მოპოვების ინიციატორი ცნობილი მწერალი აკაკი წერეთელი იყო. საბადოს ტერიტორია თავდაპირველად 10 სოფელს მოიცავდა. უტრანსპორტობისა და უგზოობის გამო, მოპოვებული მადანი დანიშნულების ადგილამდე ხშირად ვერ აღწევდა. მიუხედავად ამისა, ქართველ მეწარმეთა ნაწილმა 1894 წელს გაიყვანა ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის ვიწრო ლიანდაგი.

დაარსდა მანგანუმის მრეწველთა ყრილობა, რომლის თავმჯდომარეც სიცოცხლის ბოლომდე, ანუ 1917 წლამდე, გიორგი ზდანევიჩ-მაიაშვილი იყო. პირველმა მსოფლიო ომმა ძლიერ შეუშალა მწარმოებლებს ხელი მანგანუმის საზღვარგარეთ გატანაში, რადგანაც ჩაიკეტა დარდანელის სრუტე. 1918 წლისათვის მწარმოებლების უმეტესი ნაწილი ერთ სააქციო საზოგადოებაში გაერთიანდა. მათი კაპიტალი 30 მილიონ ოქროს მანეთს შეადგენდა და აერთიანებდა 165 დიდ თუ პატარა საწარმოს. ჭიათურაში არსებული 22 ფირმიდან 6 წარმოადგენდა ქართველთა საკუთრებას, მათ შორის იყო მანგანუმის მრეწველთა საზოგადოება. მრეწველთა საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ ნიკო ნიკოლაძე აირჩიეს.

სააქციო საზოგადოებას ფილიალები ჰქონდა:

ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ ქართული მანგანუმი უმსხვილესი საწარმო გახდა. 1919 ჭიათურის მანგანუმის ექსპორტზე მონოპოლია გამოცხადდა. ექსპორტის უფლება მიენიჭა საზოგადოება "ჩემოს". 1919 გაიტანეს 26 00000 ტონა მანგანუმი, ხოლო 1920 - 120 00000 ტონა. შავი ქვის მრეწველთა საზოგადოება აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, აფინანსებდა სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას. 1918 შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და წიგნსაცავი და ლაბორატორია აჩუქა ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ჩაერია ჭიათურის მანგანუმის მოპოვებაში. 1925 წელს შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ და ორგანიზაცია ჩემომაც არსებობა შეწყვიტა. საბჭოთა ხელისუფლებამ მანგანუმის მოპოვების უფლება 20 წლით გადასცა ამერიკულ კომპანია "ჰარიმანს", თუმცა ეს თანამშრომლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

  • ა. გავაშელი, ჭიათურის მარგანეცის მრეწველობის ისტორიიდან, თბ., 1967;
  • ლ. ბიწაძე, ჟამი შენებად, ქუთ., 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები