ჭინჭრის დედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭრის დედა - Lamium album L.

Lamium album L.ჭინჭრის დედა.

მეგრულად – მაჭუჭელაია, ოწოწია, ჭუჭელეშ დიდა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი 150 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა მხოხავი ფესურით. ღერო სწორმდგომია, ღრუ, დაუტოტავი, ფოთლებთან ერთად დაფარულია მეჩხერი თეთრი ბეწვით. ფოთლები მოპირისპირეა, ყუნწიანი, გულისებრ-ლანცეტა. ყვავილი თეთრი ან მოყვითალოა, რგოლებადაა შეკრებილი ზედა ფოთლების იღლიებში. ნაყოფი სამწახნაგოვანი, თავგადაკვეთილი კაკალია. ყვ. IV-VI; ნაყ. VI-VII.

იზრდება ტყის სარტყელში, ტყის ფანჯრებში, ბუჩქნარებში, როგორც სარეველა ბაღ-ბოსტნებში, რუდერალურ ადგილებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში.

ფოთლები არომატულია, მშრალი სახით იყენებენ სანელებლად; მცენარის ნორჩი ყლორტები სასალათად, ხოლო მცენარის მწვანე ნაწილები მთელი ზაფხულის განმავლობაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახის მწვანე წვნიანებისა და პიურეს დასამზადებლად.

ყვავილები და ბალახი შეიცავს ალკალოიდ ლამინს, ფლავონოიდებს (კვერციმეტრინი, რუტინი, პობინინი, ლამიოზიდი, ასტრაგალინი, კვერციტრინი, კემპფეროლი, იზოკვერციტრინი), კუმარინებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (ყავის, გალურს, ქლოროგენულს, ფერულის), კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ლორწოს, საპონინებს.

სამკურნალო მიზნით უმთავრესად ყვავილები იხმარება, აგროვებენ ახლად გაშლილს. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სპაზმოლიტური, მატონიზირებელი, შარდმდენი, სისხლის შემაჩერებელი, ჰიპოტენზიური მოქმედებით. ბალახის ნახარში გამოიყენება გულისა და თავის ტკივილების, ნერვული დაავადებების დროს. ბალახისა და ყვავილების წვენი – ნერვების დასამშვიდებლად, ისტერიისა და უძილობისას; შინაგანად და გარეგანად — სიყვითლის, ბავშვების დიათეზის, ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულების, გამონაყრების საწინააღმდეგოდ.

ყვავილების ნახარში და ნაყენი მიიღება როგორც შემკვრელი და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება ფილტვებისა და საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; გულის, მკერდისა და კისრის ტკივილების, ღვიძლისა და ელენთის დაავადებებისას; როგორც ამოსახველებელი — ზედა სასუნთქი გზების კატარის, შარდმდენი — ურეთრიტის,ნეფრიტის, ცისტიტის დროს. გარეგანად – ეგზემის, საყმაწვილოს, ჭინჭრის ციების, გამონაყრებისა და ფურუნკულების საწინააღმდეგოდ.

წვენი – საშვილოსნოდან, ფილტვებიდან და ჰემოროიდალური სისხლდენებისას, ბრონქიტის, ასთმის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები