ჭლოუს წარწერა 1445-52

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭლოუს წარწერა

ჭლოუს წარწერა 1445-52ქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, მოთავსებული დიდი ზომის (100X78X8 სმ) ქვის ფილაზე, რომელიც აღმოჩნდა 1955 სოფ. ჭლოუს (ოჩამჩირის რ-ნი) ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას. ინახებოდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში (სოხუმი). ფილას გვერდებიდან და ზემოდან შემოუყვება რელიეფური ჩარჩო, ხოლო მის ორსავე ზედა კუთხეში თითო რელიეფური პალმეტია გამოყვანილი. როგორც ფილის ქვემოთ ღია, შეუკრავი ჩარჩოდან ჩანს, მას ქვემოდან სხვა ფილა ჰქონია მიდგმული და, შესაძლოა, ორივე ერთად საფლავის ქვა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზედა ნახევარი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად, ჩამომტვრეულია მისი ქვედა მარჯვენა კუთხე. წარწერა შესრულებულია დიდი ზომის ასოებით (სიმაღლე – 13-14,5 სმ), მეორე სტრიქონის შუაში – ხვეული დამწერლობით. მისი ტექსტი ასეთია:

„ერისთავთა ერისთავი, მანდატურთუხუცესი დადიან ოზბეგს, შეუნდენ ღმერთმან“, წარწერაში დასახელებული ოზბეგ დადიანი ერთი სვანური ისტორიული საბუთის მიხედვით, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრე მეფის თანამედროვეა. მისი მეფობა 1445-52 განისაზღვრება და ჭლოუს წარწერაც ამ დროით უნდა დათარიღდეს. წარწერის მიხედვით, XV ს. შუა ხანებში აფხაზეთი ეკუთვნის დადიანს, ერთიანი საქართველოს მეფის ერთ-ერთ დიდმოხელეს (ერისთავთა ერისთავს და მანდატურთუხუცესს), ხოლო სოფ. ჭლოუს ეკლესია მისი სამარხიცაა. ენობრივად წარწერა გაუმართავია – მოხსენიებული პირის სახელი და მისი თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები სხეადასხვა ბრუნვაშია წარმოდგენილი,რაც დასავლეთ-ქართული წერილობითი ძეგლების გარკვეულ ნაწილში „მეგრელიზმების“ შემოჭრის ერთ-ერთ ადრინდელ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, ვ. სილოგავას გამოც. თბ, 1986

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები