ხარის შუბლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარის შუბლა

Senecio rhombifolius (Willd.) Sch. – ხარის შუბლა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი 50-70 სმ სიმაღლის მცენარე. კავკასიის ენდემური სახეობაა. ფესურა სქელია, ჰორიზონტალურად განწყობილი, უხვად შემოსილი კანაფისებრი ფესვებით. ღერო მარტოულია, სწორმდგომი, წახნაგოვანი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, მსხვილი 30 სმ-მდე სიგანის და 15-17 სმ-მდე სიგრძის, თირკმლისებრ-გულისებრი, ღეროსეული ფოთლები წვეროსკენ თანდათანობით ვიწროვდება; ზედა ფოთლები ლანცეტისებრია ან კვერცხისებრი. ყვავილები მილისებრია, კაშკაშა¬ყვითელი, შეკრებილია 10-15 ყვავილოვან კალათებად. ყვავილედები მსხვილია, ფარისებრ-საგველა. ნაყოფი მოგრძო მომწვანო-ყავისფერი თესლურაა, 4-5 მმ სიგრძის, მურა ქოჩრით. ყვ. VII-VIII; ნაყ.VIII-IX.

იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში, ტყის პირებზე, მაღალბალახეულობაში.

სამკურნალო ნედლეულს ბალახი და ფესურა წარმოადგენს. ფესურებს აგროვებენ ნაყოფმსხმოიარობის პერიოდში. ბალახი გროვდება კოკეიანობისა და ყვავილობის ფაზაში.

მცენარის ფოთლები შეიცავს 0,49-3,5% , ღეროები – 0,2-1,2%, ფესურები – 2-4%, კოკრები – 5%, ყვავილები – 3%-მდე, თესლები – 5%- მდე ალკალოიდებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პლატიფილინი, სენეციფილინი, რომლებიც ადვილად იხსნება ქლოროფორმში, რთულად – ეთერებში, ცხელ სპირტში; ნეოპლატიფილინი, სარაცინი, სენეციონინი და სხვ.

ხარის შუბლას პრეპარატები ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს საშვილოსნოს კუნთების შევიწროებას, იწვევს სპაზმურ მოქმედებას მუცლის გლუვ მუსკულატურაზე. იწვევს სპაზმურ მოქმედებას მუცლის გლუვ მუსკულატურაზე. ასევე იყენებენ პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის, კერძოდ ენდარტერიტის (განგრენის წინა პერიოდი) დროს, მათ შორის სკლეროტიკული ფორმებისა და მიოპატიის შემთხვევაში.

ალკალოიდები დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, პლატიფილინს იყენებენ როგორც სპაზმოლიტურ საშუალებას ტკივილების მოსახსნელად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პანკრეატიტის, თირკმელების ჭვლების, ქოლეცისტიტის დროს. ხოლო დიდი დოზები იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას, ტრემორს და კრუნჩხვებს. ალკალოიდი სენეციფილინი ტოქსიკურია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები