ხელსაფქვავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხელსაფქვავი

ხელსაფქვავი - მარცვლეულის დასამუშავებელი (დასაქუცმაცებელი, დასაფქვავი) ქვის იარაღი. მისი დამზადების წესების სიძველე და არქეოლოგიური მასალები - ადასტურებს, რომ მას დიდი ხნის ისტორია აქვს.

ცნობილია ხელსაფქვავის ორი ძირითადი ტიპი: 1) მრგვალი და ბრტყელი 2) მრგვალი და მაღალი, კონუსური ფორმის მძიმე ხელსაფქვავი. პირველი ტიპი, რომელიც ორი სახისაა: 1) მარგილიანი, ანუ უთოხო და 2) თოხიანი, გარეგნულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მარგილიანი, ანუ უთოხო ხელსაფქვავი წარმოადგენს ერთმანეთზე შედგმული თანაბარი დიამეტრისა და თითქმის ტოლი სიმაღლის ორ მრგვალ ბრტყელ ქვას. მამალი ქვა და დედალი ქვა. ზედა ქვას საბრუნებლად ჩასმული აქვს ხის ტარი. ხელსაფქვავის ქვები მოსაფქვავი ზედაპირით ერთმანეთს ემთხვევა. ქვედა ქვის მოსაფქვავი პირი კიდისკენ უფრო დაბალია, ცენტრისკენ კი ამაღლებული. თოხიანი ხელსაფქვავი გარეგნულად ისეთივეა, როგორც უთოხო. მისი არსებითი განმასხვავებელი ნიშანია ე.წ. თოხი // არქი, ეს არის რკინის დეტალი, მიმაგრებული ქვედა ქვაზე.

ხელსაფქვავის დამზადების ტრადიციები XX საუკუნის შუა წლებამდე ცოცხლად შემორჩა - ალგეთში (თეთრიწყაროს რ-ნი), ქაისხევი (დუშეთის რ-ნი), მოლითი (ხარაგაულის რ-ნი), ჟონეთი (წყალტუბოს რ-ნი), მუხურა (ტყიბულის რ-ნი), თრიალეთი, ჭერემი (გურჯაანის რ-ნი), იყალთო (თელავის რ-ნი), აკეთი (ლანჩხუთის რ-ნი), ზომლეთი, ვანი (ჩოხატაურის რ-ნი), გორისფერდი (ოზურგეთის რ-ნი). განსაკუთრებით სახელგანთქმული ყოფილა იმერეთის მუხურა და ჟონეთი, სადაც იყო საწისქვილე ქვის საბადოები.

ხელსაფქვავის წინამორბედად ითვლება ქვის სასრესები და სანაყები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხელსაფქვავები თარიღდება ძვ.წ.აღ.-ის I ათასწლეულით (ბრინჯაოს ხანა, XIII-IX სს.ფლავისმანი, გორის რ-ნი) და ადრეული რკინის ხანით VII-VI სს.

ხელსაფქვავები მოპოვებულია მცხეთის (ბაგინეთი, არმაზი), კოლხეთის, შიდა ქართლის, რუსთავის, უჯარმის, რაჭის ტერიტორიაზე.

ხელსაფქვავის ის ტიპი, რომელიც საქართველოშია ცნობილი, ითვლება დაწინაურებულ ტიპად, რომლის ბაზაზეც უძველესი მანქანა - წყლის წისქვილი განვითარდა.

ლიტერატურა

ს. ბედუკაძე, საფქველების განვითარების ისტორიისათვის. ხელწისქვილები. სსმმ., XIX-B, 1956. ა.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები