ჯობავა გვანცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვანცა ჯობავა

გვანცა ჯობავა - - დაიბადა 1986 წლის 20 ივნისს თბილისში. ქართველი გამომცემელი, პოეტი, მთარგმნელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობით საგამომცემლო-სარედაქციო საქმე. 2009 წელს კი, ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება. მისი ლიტერატურული დებიუტი 2009 წელს ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ შედგა, სადაც პირველად გამოქვეყნდა მისი ლექსები. მისი პირველი საავტორო წიგნი „5 ბავშვი 5 თბილისი“ „ელფის გამომცემლობამ“ საბავშვო ლიტერატურის ჟანრში გამოსცა. ამავე წელს გვანცა ჯობავას ლექსები გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ პოეტურ ანთოლოგიაში „ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსი“ გამოქვეყნდა. 2011 წელს კი, ილუსტრატორ სოფიო კინწურაშვილთან და შვედ მწერალ ვივიენ ედვალთან თანაავტორობით, გვანცა ჯობავას მორიგი საბავშვო წიგნი „კოლოფი“ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. 2012 წელს გამომცემლობა „ინტელექტში“ გამოვიდა მისი სადებიუტო პოეტური კრებული „კარდიოგრამა“ და სადებიუტო თარგმანი, ამერიკელი მწერლის სოლ ბელოუს „მისტერ სამლერის პლანეტა“. მას შემდეგ მან არაერთ თარგმანზე იმუშავა და 2015 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გვანცა ჯობავას თარგმანით გამოცემული ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2016 წლის საუკეთესო თარგმანების მოკლე სიაში მოხვდა. გვანცა ჯობავას თარგმანებს შორისაა ასევე ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთი“ და ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“. 2015 წელს გვანცა ჯობავას ლექსები ითარგმნა სომხურ ენაზე და სალომე ბენიძის, გიორგი არაბულის, ალექსანდრე ლორთქიფანიძისა და სხვათა გვერდით გამომცემლობა „ანტარესის“ მიერ გამოიცა პოეტურ ანთოლოგიაში „7 სახელი“. 2018 წელს ბესიკ ხარანულის „კარტოფილის ამოღების“ ინგლისურენოვანი თარგმანი გვანცა ჯობავასა და ამერიკელი მთარგმნელის ილან სტავანსის ავტორობით, ამერიკულ ონლაინ ჟურნალში THE COMMON გამოქვეყნდა.

გვანცა ჯობავა 2010 წლიდან დღემდე გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ რედაქტორი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერია. ასევე ითავსებს ლიტერატურული აგენტის ფუნქციასაც და ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის, ლონდონის, შარჯას და სხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე. მისი საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა დროს ბესიკ ხარანაულის, დიანა ანფიმიადის, ირაკლი ჩარკვიანის, ზურაბ რთველიაშვილის, ირაკლი სამსონაძის, თამაზ ჭილაძის, ზვიად კვარაცხელიას, ნინო სადღობელაშვილი, ზურაბ ქარუმიძის, ირაკლი კაკაბაძის, ნესტან ნენე კვინიკაძის, თეონა დოლენჯაშვილის, ბექა ქურხულის, გელა ჩარკვიანის და სხვათა წიგნები ითარგმნა და გამოიცა გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, არაბულ, ალბანურ, სომხურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, კორეულ, ბერძნულ და სხვა ენებზე. გვანცა ჯობავა ავტორია საგამომცემლო სერიების „აკრძალული წიგნების თარო“ და „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“. 2018 წელს ბრიტანულ გამომცემლობა „კომა პრესში“ გვანცა ჯობავასა და ბრიტანელი რედაქტორის ბეკა პარკინსონის რედაქტორობით გამოიცა ქართველი ავტორების მოთხრობების ანთოლოგია „წიგნი თბილისზე“, რომელიც 2021 წელს ბერძნულ ენაზეც ითარგმნა და გამოიცა. 2018 წელს მისივე რედაქტორობით ქართველი მწერლების ანთოლოგია „მექათმე გაბრიელის ბაღი“ გამოიცა კორეაშიც, კორეის ლიტერატურული თარგმანების ინსტიტუტის მიერ. 2018 წელს ის იყო ამერიკული ონლაინ ჟურნალის WORDS WITHOUT BORDERS სექტემბრის ნომრის მოწვეული რედაქტორი. ნომერი სრულად მიეძღვნა ქართულ ლიტერატურას. 2017 წელს გვანცა ჯობავას ინიციატივით, თბილისს ლიტერატურის დარგში 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეტი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვია და ქართველ მკითხველს შეხვდა.

2013 წლიდან დღემდე გვანცა ჯობავა იკავებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებს. ასოციაციაში საქმიანობის ფარგლებში, იგი არის ფრანკფურტისა და ლონდონის წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული სტენდის თანაორგანიზატორი. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კი, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტის საგამომცემლო პროგრამას ხელმძღვანელობდა. 2017-2018 წლებში მისი ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ორჯერ მოეწყო ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი STOP RUSSIA! 2013 წლიდან იგი გახლავთ ორგანიზატორი ყოველწლიური ლიტერატურული ღონისძიებების:თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი. 2016 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

2018 წელს გვანცა ჯობავა გახდა პირველი ქართველი გამომცემელი, რომელიც ჟენევაში დაფუძნებული, 125 წლიანი ისტორიის მქონე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) 15 კაციანი აღმასრულებელი ბორდის წევრად არჩევნების გზით აირჩიეს. მას შემდეგ იგი გახდა ამავე ასოციაციის სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმისა და გამოცემის თავისუფლების კომიტეტის წევრი. 2021 წლიდან კი, ის IPA-ს ინკლუზიური განათლებისა და წიგნიერების კომიტეტში წიგნიერების ქვეკომიტეტსაც ხელმძღვანელობს.

სამუშაო გამოცდილება

  • 2007-2008 წლებში „ელფის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერი
  • 2008-2011 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრი
  • 2008-2011 წლებში „მარკეტინგისა და კვლევის ინსტიტურის“ (IPM) მედია მონიტორინგის განყოფილების რედაქტორი
  • 2011-2012 წლებში აუდიტორული კომპანია „ჯიბი აუდიტის“ სასწავლო ცენტრის დირექტორი
  • 2016-2018 წლებში 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელი
  • 2018-2020 წლებში „კანტის აკადემიის“ სპიკერი
  • 2019 წელს „პრაიმ ტაიმის“ ვიდეო ბლოგერი
  • 2010 წლიდან დღემდე გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ რედაქტორი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
  • 2013 წლიდან დღემდე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე
  • 2013 წლიდან დღემდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისა და თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორი
  • 2018 წლიდან დღემდე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი ბორდის, სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმისა და გამოცემის თავისუფლების კომიტეტის წევრი; ინკლუზიური განათლებისა და წიგნიერების კომიტეტის წიგნიერების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი

საავტორო წიგნები

  • „5 ბავშვი 5 თბილისი“ (საბავშვო წიგნი), „ელფის გამომცემლობა“, 2010 წელი
  • „კოლოფი“ (საბავშვო წიგნი), ლილიან ედვალთან და სოფიო კინწურაშვილთან თანაავტორობით, „სულაკაურის გამომცემლობა“, 2011 წელი
  • „კარდიოგრამა“ (პოეტური კრებული), გამომცემლობა „ინტელექტი“, 2012 წელი
  • „Check-In“ (სამოგზაურო რომანი), გამომცემლობა „ინტელექტი“, 2014 წელი

თარგმანები

  • სოლ ბელოუს „მისტერ სამლერის პლანეტა“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2012 წელი
  • ჯონ ლენონის „როგორც მეწერება“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2012 წელი
  • ანიეტ კემპბელის „მოვუსმინოთ შვილებს“, გამომცემლობა „უსტარი“, 2012 წელი
  • ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2014 წელი
  • ირაკლი ჩარკვიანის „პირადი წერილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015 წელი
  • ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015 წელი
  • ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2018 წელი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები