ჰალ თიალჰნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალ თჲალჰნ-ი / ჰალ თჲადიგ სარ-ი (ყალ. hал тәәлhн / hал тəəдиг сар) – კერიის ცეცხლის კულტთან დაკავშირებული ყალმუხური დღესასწაული; აღნიშნავდნენ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში; სადღეობოდ აუცილებლად კლავდნენ ცხვარს, იწვევდნენ ნათესავებსა და თანასოფლელებს და სამსხვერპლო ცხოველის მოხარშულ ხორცს კოლექტიურად ჭამდნენ; „ცეცხლის წილს“ კერიას შემდეგი სახით სწირავდნენ: კარის წინ, კერასთან ახლოს სპეციალურად მომზადებული ჯოხებით ან წივით გააკეთებდნენ ჭის გვიმის მსგავს კვადრატული ფორმის მოწყობილობას, რომელზედაც გარკვეული წესით ხორცგაცლილ ათ ნეკნს დაალაგებდნენ, ზემოთ კი ხორცგაცლილ მკერდის ძვალს დაადებდნენ. ამ თერთმეტ გამოხარშულ ძვალს მატყლის ძაფით შეკრავდნენ და ზედ ცხოველის მუცლიდან გრძლად ამოჭრილი ხორცის ნაჭერს მოათავსებდნენ. ყოველივე ამას ცეცხლს წაუკიდებდნენ; ცეცხლზე დადებდნენ ცხოველის უკანა მარჯვენა ფეხის წვივის ძვალსა და თავის ქალას ქვედა ყბის გარეშე, მოკლე ქამრის ფორმით ამოჭრილ ზურგის ხორცს, დაასხამდნენ დუმის მდნარ ცხიმს, რძესა და კარაქს, შიგ ჩააგდებდნენ ვერცხლის ან სპილენძის მონეტას. ზემოაღნიშნული მოწყობილობის ოთხივე მხარეს ჭრაქებს დადგამდნენ და გაანათებდნენ. სამსხვერპლო ცხოველის ზურგის ნაწილს დუმითურთ, თირკმლებს, ფილტვებს, ღვიძლს, სწორ ნაწლავსა და მკერდის ხორცს საამისოდ განკუთვნილ ცხვრის ჩანთაში ან ქურქში ჩაალაგებდნენ და ნათესავთა შორის უხუცესს გადასცემდნენ. ამ საპატიო პერსონის გვერდით ჯდებოდა მასპინძელი ოჯახის ბიჭი. მას ხელში ეჭირა ცხვრის წინა მარჯვენა გამომშრალი ფეხი, რომელიც მანამდე ჭერზე ეკიდა. მოხუცი ჩანთას მაღლა აწევდა, სამსხვერპლოს გარშემო შემოატარებდა და წარმოთქვამდა: „ჰორე, ჰორე“, რასაც დამსწრენიც სამჯერ იმეორებდნენ ისე, რომ მარჯვენა ხელისგულზე ქონის ნაჭერი ედოთ. ამ დროს იქ მყოფი ბიჭები, ოჯახის ვაჟის პირველობით, ჩანთიდან ამოშვერილ ცხვრის გულს მცირეოდენს მოკვნეტდნენ. ჩანთაში ჩალაგებულ ყველა ხორცეულს დილამდე ასე დატოვებდნენ, დილით კი მხოლოდ ნათესავები შეექცეოდნენ.


ლიტერატურა

Эрдниев У. Э. Калмыки (конец XIX – начало XX вв.). Историко-этнографические очерки. Элиста, 1985.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები