ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ზოგადი წესები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ზოგადი წესები – უსაფრთხოების წესები ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას (შემდგომში – წესები) მოიცავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამუშაოთა შესრულებისას მოქმედი და სარეკონსტრუქციო ელექტროსადგურების ჰიდრომექანიკური მოწყობილობების, სადაწნეო მილსადენების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობილობების ექსპლუატაციის, შეკეთების, გაწყობის და გამოცდის დროს. იგი სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებიც დაკავებული არიან მოქმედი და სარეკონსტრუქციო ენერგოობიექტების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, რეკონსტრუქციით, შეკეთებით, გაწყობითა და გამოცდით. წესები წარმოადგენს დადგენილებებისა და დებულებების კრებულს, სადაც გაწერილია ჰიდროტექნიკურ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხო მუშაობის წესები და რეგულაციები. იგი მოიცავს შემდეგ მუხლებს:

1. ყველა საწარმოში (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური და ა.შ.) ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს ავარიის ლიკვიდაციისა და ევაკუაციის გეგმა და უზრუნველყოს მისი გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის პერიოდული ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის;
2. ყოველ ენერგო-მომმარაგებელ საწარმოში (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური და ა.შ.) ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები; საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნან საჭირო ძალები და საშუალებები, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყონ მათი მზადყოფნა; შეატყობინონ საგანგებო სიტუაციების საფრთხის შესახებ საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ამოცანების გადასაწყვეტად შესაბამის სპეციალურ უფლებამოსილ ორგანოს; აწარმოონ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების დეკლარაცია და უზრუნველყონ საწარმოს ფუნქციონირება ამ დეკლარაციით გათვალისწინებული ამოცანების გადასაჭრელად; უზრუნველყონ პერსონალისათვის გეგმური ტრენინგების ჩატარება შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის საკითხებზე; ასევე უზრუნველყონ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის პერიოდული ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის;
3. საწარმოების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ მოწყობილობების უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის, პერსონალის მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის და პერსონალის მიერ დამცავი სამარჯვების, სპეცტანსაცმლის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების სისტემატური კონტროლი;
4. გზები, ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი როგორც საწარმოს შენობებში, ასევე მის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა იყოს განათებული, თავისუფალი და უსაფრთხო მოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებებისათვის. საავტომობილო გზებზე დაყენებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სტანდარტის გოსტ 10708-78 „საგზაო ნიშნები. საერთო ტექნიკური პირობები“ შესაბამისად;
5. გადახურვები სართულებს შორის, იატაკები, არხები და ლიუკები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. იატაკზე ყველა ჭრილი უნდა იყოს შემოღობილი. ჭის სახურავები, კამერებისა და არხების გადახურვები შესრულებული უნდა იყოს მტკიცე და გადაადგილებისათვის უსაფრთხო ფოლადისაგან, იატაკის ან მიწის პირზე და მყარად უნდა იქნას დამაგრებული;
6. გადახურვების ჭრილები, ლუქებახდილი ჭები, თავღია არხები, ქვაბულები, თბური კამერები და სხვა სახიფათო ზონები შემოღობილი უნდა იქნას მთლიანად პერიმეტრის გარშემო. დროებითი შემოღობვის ელემენტები მჭიდროდ უნდა იქნას დამაგრებული. ღობეები უნდა იყოს მყარი და უძლებდეს ადამიანის მასის ზემოქმედებას. კარგად უნდა ჩანდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. შემოღობვებზე გაკრული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები;
7. სიღრმეში განთავსებული სათავსოების (დროსელური საკეტების, ამოსატუმბი ტუმბოების შენობები და სხვა) იატაკის ზედაპირიდან წყლის მოსაცი-ლებელი საწრეტები და არხები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს წყლის სრულ გაყვანას;
8. კლდეებში გაჭრილი გზის მონაკვეთები ან ადგილები, სადაც შესაძლებელია ქანების ჩამოშლა, დაცული უნდა იქნას სპეციალური შემოღობვებით. სატრანსპორტო გვირაბები უნდა იყოს საკმაოდ განათებული, აღჭურვილი საგზაო ნიშნებით სატრანსპორტო საშუალებათა დასაშვები გაბარიტების მითითებით და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი ხელოვნური ვენტილაციით;
9. სათავო კვანძის ყველა შემტბორ ნაგებობებზე, ელექტროსადგურის ტერიტორიის ფარგლებში წყალსაცავის ციცაბო ნაპირების, სალექარებისა და სადაწნეო აუზების გასწვრივ, ღია წყალსაგდების სათავე ნაგებობების უბნებზე, გვირაბების შესასვლელ და გამოსასვლელ პორტალებსა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სხვა უბნებზე, ასევე ტრანშეები და ქვაბულები, სადაც მუშაობს მორიგე ან სარემონტო პერსონალი, მოწყობილი უნდა იქნას შემოღობვა. შემოღობვა აუცილებლად უნდა აღიჭურვოს გამაფრთხილებელი წარწერებით, უსაფრთხოების ნიშნებით, ასევე სასიგნალო განათებებით, რომელიც უზრუნველყოფს დღე-ღამის ბნელ პერიოდში შემოღობვის კარგ ხილვადობას ავტოტრანსპორტისა და ადამიანების შესაძლო გადაადგილების მხრიდან;
10. ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობის უბანზე (სადაც ეს მოითხოვება სამუშაო პირობებიდან გამომდინარე) მანქანებსა და მექანიზმებთან და სხვა სახიფათო ადგილებში გამოკიდებული უნდა იქნას კარგად ხილვადი, ხოლო დღე-ღამის ბნელ პერიოდში განათებული გამაფრთხილებელი წარწერები, უსაფრთხოების ნიშნები და პლაკატები;
11. ნესტიან შენობებსა და სათავსებში – პატერნებში, შახტებში, კამერებში, ჭებში და სხვა, ელექტროგანათება უნდა შესრულდეს ელექტროდანადგარების მოწყობის წესების შესაბამისად. შენობის გასანათებლად, რომელშიც შესაძლებელია წვადი გაზების მოხვედრა, გამოყენებული უნდა იქნას აფეთქებასაშიში ზონის შესაბამისი აფეთქებადაცვითი დონის სანათი ხელსაწყოები;
12. სავენტილაციო სისტემები, ჰაერის კონდიცირება, ვენტილაცია, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების მოთხოვნებს;
13. ქიმიური მასალები, რომლებიც შეიცავს ადვილადაალებად, ფეთქებადსაშიშ და ტოქსიკურ კომპონენტებს, უნდა ინახებოდეს სხვა შენობებისაგან იზოლირებულ, სპეციალურ, შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საწყობებში;
14. საწარმოო შენობებში აკრძალულია ბენზინის, ნავთის, სპირტის, საღებავების, გამხსნელების და სხვა ადვილადაალებადი მასალების შენახვა. მასალები უნდა ინახებოდეს სპეციალურ საწყობებში, რომელთა კარებზე უნდა იყოს თამბაქოს მოწევისა და ღია ცეცხლის გამოყენების ამკრძალავი უსაფრთხოების ნიშნები;
15. მცირე რაოდენობის (2-3 ლიტრამდე) ტუტეები და მჟავები, (ფლუორმჟავას გარდა) აუცილებლად უნდა ინახებოდეს ვენტილირებულ ცალკე შენობებში, ფლუორმჟავა უნდა ინახებოდეს დაზიანებისაგან დაცულ ჭურჭელში;
16. ელექტროსადგურების საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროშედუღების დანადგარების დადგმისათვის ადგილები, ასევე უნდა იყოს განშტოებები ცენტრალიზებელი აირშედუღებითი სამუშაოების ჩასატარებლად.
17. საწარმო შენობებში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებს;
18. საკომპრესორო დანადგარებისა და ჰაერის მილსადენების ექსპლუატაცია და შეკეთება უნდა წარმოებდეს შესაბამისი წესების თანახმად;
19. საწარმოებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების მოთხოვნებს;
20. საწარმოს უნდა გააჩნდეს პირველადი დახმარების საშუალებები;
21. აკრძალულია გაუმართავი დანადგარების ექსპლუატაცია ან მათი ექსპლუატაცია გაუმართავი ავარიული გამორთვის მოწყობილობით, ასევე მოწყობილობების ექსპლუატაცია გაუმართავი სიგნალიზაციით, ბლოკირებისა და დაცვის მოწყობილობებით, რომლებიც შეიძლება გახდნენ უბედური შემთხვევის ან ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი;
22. საწარმოო მოწყობილობათა მბრუნავი ნაწილები, რომლებთანაც შეიძლება შეხება მოუწიოთ მომსახურე პერსონალს, აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის მექანიკური საშუალებებითა და შემოღობვებით. აუცილებლობის შემთხვევაში ისინი ბლოკირებული უნდა იყოს მანქანებისა და მექანიზმების ამძრავებთან (შემოღობვის მოხსნის და კარებისა და ხუფების გაღების შემთხვევაში);
23. მოწყობილობათა სარემონტო სამუშაოები, ასევე სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია მის დემონტაჟთან და მონტაჟთან, უნდა შესრულდეს სამუშაოთა წარმოების პროექტით ან ტექნოლოგიური დოკუმენტაციით (ტექნოლოგიური რუკებით და ინსტრუქციებით), რომელიც შეიცავს უსაფრთხოების კონკრეტულ მოთხოვნებს სამუშაოს მომზადებისა და მისი შესრულების პროცესში;
24. სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ტექნოლოგიური მოწყობილობებით, დეტალების გარეცხვისა და გაუცხიმოვნებისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხანძარუსაფრთხო სარეცხი საშუალებები;
25. გარეცხვისა და გაუცხიმოვნების დაწყებამდე, ტევადობებში და მათ შიგნით ანტიკოროზიული სამუშაოების დაწყებამდე, განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნას უსაფრთხო ძაბვის ან სხვა შესაბამისი აფეთქებაუსაფრთხო შესრულების სანათი ხელსაწყოები. დაუშვებელია ტევადობებში ადამიანებისათვის განკუთვნილი საძრომელებიდან კაბელების (სადენების) გატარება ან სხვა მასალების მიწოდება;
26. მოწყობილობათა მომსახურებისას ადგილებში, სადაც არ არის მოწყობილი სტაციონარული განათება, გამოყენებული უნდა იქნას გადასატანი (ხელის) ელექტროსანათები;
27. ხელით გადასატანი სანათი ხელსაწყოები უნდა იკვებებოდეს არაუმეტეს 42 ვ ძაბვის ქსელიდან. იმ ადგილებში, სადაც მომატებულია ტენიანობა, მტვრიანობა, მეტალის დამიწებულ ზედაპირებთან შეხების შესაძლებლობა და შექმნილია ელექტროდენით დაზიანების გაზრდილი საფრთხეები, სანათი მოწყობილობები უნდა იკვებებოდეს არაუმეტეს 12 ვ ძაბვის ქსელისაგან;
28. მიწისქვეშა ნაგებობებში და რეზერვუარებში მუშაობა აკრძალულია, თუ მასში წყლის დონე ძირიდან აღემატება 200 მმ-ს და ტემპერატურა 45°C. აკრძალულია სამუშაოების შესრულება ორთქლით შევსებულ მიწისქვეშა ნაგებობებში ან სარდაფებში მასში ჰაერის ტემპერატურის სიდიდის მიუხედავად;
29. გაზსაშიში სამუშაოების შესრულების დროს გადასატან სანათებად გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო არაუმეტეს 12 ვ ძაბვის სანათები. აკრძალულია სანათების ჩართვა და გამორთვა გაზსაშიშ ადგილებში, ასევე ღია ცეცხლის გამოყენება განათებისათვის; გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ისეთი ხელსაწყოები და სამარჯვები, რომლებიც გამორიცხავენ ნაპერწკლის წარმოქმნას;
30. გვირაბებისა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედაპირების ტორკრეტირება სამაგრის მიღმა ქანების მასივში ცემენტის დუღაბის დაჭირხვნა უნდა მოხდეს სპეციალური მექანიზმებით და მათი საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვით;
31. მილსადენებზე, აპარატებსა და დახურულ შენობებში, სადაც შესაძლებელია მავნე ნივთიერებების, ხანძარ და აფეთქებასაშიში ორთქლისა და აეროზოლის გამოყოფა, საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას გამოყენე-ბული უნდა იქნას მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, ასევე გადასატანი ხელის სანათი ხელსაწყოები 12 ვ ძაბვაზე აფეთქებაუსაფრთხო შესრულებით;
32. შენობის შიგნით და დახურულ რეზერვუარებში მავნე ნივთიერებების გამოყოფით შეღებვითი სამუშაოების წარმოება უნდა შესრულდეს მომდენ-გამწოვი ვენტილაციის პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შენარჩუნებას დასაშვებ ზღვრებში;
33. დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის ზედა ბიეფის ყველა უბანი ცურვისათვის ითვლება აკრძალულ ზონად;
34. წყალმოვარდნის პერიოდში სამუშაოები ნაგებობებზე უნდა წარიმართოს დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გათვალისწინებით;
35. ყველა მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებზე და გადაკვეთებზე, ასევე შენობიდან გამოსასვლელებზე დაყენებული უნდა იქნას მნათი საღებავებით შეღებილი ან განათებული ტაბლოები მიწის ზედაპირზე გამოსასვლელის მიმართულებისა და მანძილის ჩვენებით;
36. მექანიზებული საშუალებებით მიწის ჯებირებისა და კაშხლების შეკეთება უნდა წარიმართოს სამუშაოთა წარმოების პროექტის მიხედვით. მექანიზებული და სამშენებლო მანქანებისა და მექანიზმების გამოყენებით მიწის სამუშაოები უნდა შესრულდეს უსაფრთხო მეთოდებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები