ენქიდუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენქიდუ(შუამდ.) შუმერული ეპიური სიმღერებისა და აქადური ეპოსის გმირი. შუმერულ ტექსტებში იგი არის გილგამეშის ყმა, რომელიც თან ახლავს თავის ბატონს ყოველ ლაშქრობაში, როგორც ერთგული თანამგზავრი და მრჩეველი.

ბატონისადმი ერთგულებას ენქიდუ ქვესკნელშიც კი ჩაჰყავს, საიდანაც მუსიკალური საკრავები უნდა ამოუტანოს. შუმერულ ლეგენდებში არაფერია ნათქვამი მის წარმოშობაზე.

უფრო რელიეფურად და სრულყოფილად ენქიდუს სახე გამოკვეთილია აქადურ „გილგამეშიანში“, სადაც მკითხველის თვალწინ ჩაივლის მთელი მისი ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე. ღმერთების გადაწყვეტილებით იგი გააჩინა ქალღმერთმა არურუმ პირველგაჩენილი კაცის ყაიდაზე თიხისგან და ველური ჯოგების მწყემსად დაინიშნა. ეპოსში საგანგებოდ არის გახაზული მისი კავშირი გარეულ ცხოველებთან – იგი არ გამოირჩევა მათგან არც გარეგნობით (იგიც მათსავით ფაჩვნიერია) და არც ცხოვრების წესით (მათ მსგავსად ეწაფება წყალს, არ იცის ლაპარაკი და სხვ.). იგი გააჩინეს ურუქელთა თხოვნით გილგამეშის ენერგიის დასაოკებლად.

ენქიდუს ისტორია არის კაცობრიობის განვითარების ისტორია: იგი გაივლის კაცობრიობის ევოლუციის ეტაპებს, რაშიც ეხმარება მას ქალი, შამხათი, რომელიც გამოიტყუებს ველურად შობილ, ადამიანის მსგავს არსებას კაცთა საცხოვრისისკენ, – ჯერ მწყემსებთან ამყოფებს, ბოლოს კი ცივილიზებულ ურუქში შეიყვანს გილგამეშთან, სადაც იგი ეზიდება ქალაქური ცხოვრების ავ-კარგს.

ენქიდუ გადამწყვეტ როლს ასრულებს გილგამეშის პიროვნების ჩამოყალიბებაში, აკეთილშობილებს მის ბუნებას, უღვიძებს მას კეთილ საწყისებს, წარმართავს მის ენერგიას კეთილი საქმეებისაკენ (ისინი ერთად მიდიან ბოროტი ხუმბაბას დასამხობად და კედარის ტყის დასაპყრობად), ხოლო სიკვდილის შემდეგ დააფიქრებს ობლად დარჩენილ მეგობარს სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოებაზე, გააღვიძებს მასში მოაზროვნე პიროვნებას.

ეპოსისაგან დამოუკიდებლივ ენქიდუს ისტორიაში შეიძლება დავინახოთ მითოსი გარეული ჯოგების მოშინაურებისა. ენქიდუს უპირისპირდება უსახელო მონადირე, რომლის დაგებულ მახეებსაც იგი არღვევს და ხელს უშლის ნადირობაში. მონადირის მიზანია ენქიდუს, ვითარცა ჯოგის ბელადის, გამოტყუება და მოთვინიერება, რის შემდეგაც ადვილი გახდება ნადირობა და ველური ცხოველების ხელში ჩაგდება.

ენქიდუ, როგორც ნახევარ-კაცი, არ ჩანს შუმერულენოვან ტექსტებში, მაგრამ არქაული ხანის გლიპტიკაში ასახული ჩლიქებიანი და რქებდასხმული არსება თითქოს ეს სავარაუდებელი პროტოტიპი უნდა იყოს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები