ხანძთელი გრიგოლ
წმ. გრიგოლ ხანძთელი - კლარჯეთის სავანის აღმაშენებელი და არქიმანდრიტი დაიბადა 759 წ. იგი დიდგვაროვანთა შვილი იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს.
შემდგომ მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს.
გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თნამოსაგრე: დედის დისწული - საბა - იშხნის განმაახლებელი, ეპისკოპოსი თეოდორე - ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე - კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცე ბული“.
ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს აქაურ მოძღვარ აბბა გიორგისთან.
გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებასა და მდუმარებას.
ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს - ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდებოდა „ხელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაითა“. ბერმა ღირს მამას ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა.
ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთაგორიანი იყო, ნიადაგი კლდოვანი, მათ სამუშაო იარაღებიც კი ასრ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით, ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისათვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვიტკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.
ამ დროს კლარჯეთში მეფობდა ქართლიდან წამოსული აშოტ კურაპალატი, რომელიც ქართლის სამეფოდან გამოექცა მომძლავრებულ არაბებს. მან ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. წმ. აშოტმა სიყვარულით მიიღო გრიგოლ ხანძთელი, რომელიც წარუდგინა გაბრიელ დაფანჩულმა.
„აშოტმა შეწირნა დიდი და კარგი ადგილნი და შატბერდის ადგილი ხანძთის აგარაკად. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნასე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაიცა სახმარი მონასტერსა მისსა უხმდა, ყოველი უხუებით“ - წერს გიორგი მერჩულე.
არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარრეს ერის საუკეთესო შვილებმა.
წმ. გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. უკანდაბრუნებულმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, გულწრფელი ცრემლებით დაიტირა საქართველოსთვის შეწირული მეფე.
გრიგოლი დიდად ზრუნავდა თავისი მონასტრისათვის. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმიდის ლავრის ტიპიკონის გადმოწერა. მეგობარმა თხოვნა შეუსრულა.
გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის.
ღირსმა გრიგოლმა იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი, ვითარცა ნიშანსვეტი და წინასწარჭვრეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა.
ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმნათა ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღირსი გრიგოლი, რის დასამტკიცებლად ერთი ასეთი მაგალითიც კი კმარა: ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისათვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა, დადექ ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყოფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად“.
ღირს გრიგოლს უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან თავისი სულის განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტერში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ამ დღეს სანთლები აენთოთ და ელოცათ მისთვის.
ღირსი გრიგოლის მიცვალების დღეს მასთან მივიდნენ მეუდაბნოე მამები წმიდანისათვის პატივის მისაგებად და მისგან კურთხევის გამოსათხოვად.
გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წლის 5 ოქტომბერს.
წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.
თბილისის საამიროს დაარსების შემდეგ ქართლმა დაკარგა ქვეყნის უმთავრესი ცენტრის მნიშვნელობა. საჭირო იყო ქართლის მონაცვლე ცენტრის შექმნა, ე.ი. იმნაირი ცენტრის შექმნა, ჩამოყალიბება, რომელიც ქართლის მაგივრობას გაწევდა. ამის განხორციელება მიზანშეწონილი იყო არაბეთიდან შორს და ბიზანტიასთტან ახლოს, თანაც მიზანშეწონილი იყო ისიც, რომ დიდი პოლიტიკური მიზანდასახულობის მოძრაობა დაწყებულიყო სამონასტრო მოძრაობის სახით. ქართლის და სრულიად საქართველოს აღდგენის ნიშნით. სწორედ აქ ჩამოყაალიბდა ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც შემდეგ მთელი საქართველოს საუკუნეობრივი გამგებელი გახდა.
უფლის წინმძღოლობით მავალ წმ. გრიგოლს მისი ბიოგრაფი გიორგი მერჩულე ადარებს წმ. აბრაამს, წმ. იოანე ნათლისმცემელს და წმ. მოსეს. გრ. ხანძთელი პიროვნული მიზანმიმართულებითაც ემსგავსება აბრაამს. მერჩულეს კარგად ესმის, რომ გრიგოლი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი აღმშენებელიც უნდა იყოს ერისა, მისი უმთავრესი მისია არის ქართველი ერის წინამძღოლობა და მათი სასუფევლისაკენ წაყვანა ისევე, როგორც აბრაამი მიუძღოდა წინ ისრაელს.
ღირსი გრიგოლი იოანე ნათლისმცემელივით ყრმობიდანვე მარხულობდა, უარყოფდა ღვინოსა და ხორციან საჭმელს.
კაცთა შორის იოანეს ამსგავსებს გრიგოლს ხუედიოს დაყუდებულიც. იოანე ცნობილია უფლის წინამორბედად. წმ. გრიგოლის მართვა და ბაძვა იოანესათვის უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში უფლის ხელახალი დავანების წინამორბედი. მან თავის ძმობასთან ერთად უნდა გაწმინდოს ის გზა, რომელზეც უფალმა უნდა გამოიაროს. როგორც იოანე უქადაგებდა ისრაელიანებს, ისე უნდა უქადაგოს გრიგოლმა ქართველთ: „განამზადეთ გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“.
ასე რომ, ღვთისა და კაცის შემაკავშირებლები არიან ორივე. მურვან ყრუსგან შეჭირვებულ ქართველთ ესაჭიროებოდა სჯულის დამცველი და სულიერი სიმღერის აუცილებლობის მქადაგებელი. ამიტომ გრიგოლი აშოტ კურაპალატის თქმით, სჯულის დასაცავად მოვლენილი წინასწარმეტყველია, როგორც მოსე ებრაელთათვის.
გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლ ხანძთელს მოსეს ადარებს იმ უცნაური მადლის გამოც, რომელიც წმ. მამას ევლინებოდა ლოცვისას: იგი უცნაური ნათლით იმოსებოდა, შარავანდედად ჩანდა უფლის ეს ნათელი წმ. გრიგოლის თავზე და ნათდებოდა სენაკიც.
მთაზე ღმერთმა საღმრთო სჯული უბოძა მოსეს. სჯული სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველი იყო ზნეობრივი სჯული, რომლის არსიც 10 მცნებაშია მოცემული, მეორე - რიტუალური ხასიათისა იყო (მსხვერპლშეწირვა და ღვთისმსახურება). მესამე ნაწილი - სამართლებრივ მხარეს დაუთმო, მასშია მოცემული დანაშაულთა საზღაური. ასევე დაუდო სჯული წმ. გრიგოლმა თავის სულიერ შვილებს.
სჯულის ბოძება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც ებრაელი ერისათვის, ისე მთელი კაცობრიობისათვის, მათ შორის ქართველებისთვისაც.
გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა აშოტ კურაპალატი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ერთი ქალი და დედოფლისათვის აგებულ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა. ღირსი გრიგოლი არ შეეპუა მეფის მაღალ მდგომარერობას, იცოდა, რომ მეფის არასწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის და ეს ქალი დედათა მონასტერში აღკვეცა მონაზვნად. აშოტ კურაპალატმა უდრტვინველად მიიღო ღირსი მამის საყვედური და სასჯელი.
მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს (ზარმაცს) არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. მევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.
მოსე მიიცვალა 120 წლისა, თვალთ არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია.
გრ. ხანძთელი კი 102 წლისა გარდაიცვალა, მასაც თვალს არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია.
მისი ხსენების დღეა 5 (18) ოქტომბერი.
წმ. გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფიის მცირეოდენი გაცნობითაც კი ჭეშმარიტად მიგვაჩნია მერჩულეს სიტყვები, რომლითაც იწყებს წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას: „ გრიგოლ ხანძთელი იყო უდიდესი მოღვაწე ქართული ეკლესიისა, „ნეტართა შორის ბრწყინვალე, მადლით სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი, კეთილად გამგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქვეშემყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი“.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.