გოგოლაძე ვლადიმერ
ვლადიმერ გოგოლაძე — (დ. 1966 წლის 18 აგვისტო, თბილისი) სპორტული ტანმოვარჯიშე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), ევროპის ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1985 - მრავალჭიდი და ორძელი), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984 - თავისუფალი ვარჯიში და ღერძი) და ვერცხლის პრიზიორი (1984 - მრავალჭიდი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი (ღერძი), მეორე (მრავალჭიდი) და ორგზის მესამე (ტაიჭი, გუნდური ჩათვლა) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1985, 89) და ორგზის მესამე (1988) პრიზიორი. მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
თბილისში, პლეხანოვზე, რკინიგზელთა სახლის სხვენში ბავშვების სავარჯიშოდ მოწყობილ პატარა კუთხეს დარბაზი პირობითად ეთქმოდა – ტანვარჯიშის სტანდარტული ზომის ხალიჩას ბოლომდე ვერც გაშლიდი. ახალგაზრდა მწვრთნელმა არნოლდ კვეტენაძემ სწორედ აქ შეკრიბა თბილისის სკოლებში საგანგებოდ შერჩეული ბავშვები. მათ შორის იყო რვა წლის ვლადიმერ გოგალაძეც. ლადო მ-ე100 სკოლაში სწავლობდა. როგორც მისი ბევრი თანატოლი, მოუსვენარი, მკვირცხლი ბავშვი იყო, ერთ ადგილზე ვერ აჩერებდნენ. მშობლებმა ჯერ ცურვაზე მიიყვანეს, მერე მუსიკაშიც მოსინჯეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არნოლდ კვეტენაძე და მალევე ყველაფერი გაირკვა: ლადოს საქმე ტანვარჯიში იყო.
ორი თვე ივარჯიშა და უკვე ორმაგ სალტოს აკეთებდა. მწვრთნელს მშობლებისთვის უთქვამს, თუ მენდობით და ბოლომდე გამომყვებით, ლადოს ოლიმპიურ ჩემპიონს გავხდიო. ამ სიტყვებისთვის კვეტენაძეს ფიციც მოუყოლებია, მაგრამ მის ნათქვამს მაინც ეჭვით მოჰკიდებიან. არც ისე ხანგრძლივმა ვარჯიშმა კი შედეგად ის მოიტანა, რომ ლადო ეგრეთწოდებულ „მომავალ ვარსკვლავთა“ ტურნირზე ოდესაში მიიწვიეს, იქიდან კი – საკავშირო მოზარდთა ნაკრებში. ამ ნაკრების მწვრთნელს, ბორის მიხეევს განსაკუთრებით მოსწონებია ქართველი ბიჭუნას თავისუფალი ვარჯიში და არა მხოლოდ ეს. ლადო, რომ იტყვიან, ოჯახში გაზრდილი ბავშვი იყო – დამჯერი, წესიერი, დავალების უსიტყვოდ შემსრულებელი, ასეთებთან ურთიერთობა კი მწვრთნელებს უფრო ეიოლებათ. თუმცა, მერე და მერე, ლადომ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და იშვიათი მიზანსწრაფულობაც, რაც წარმატების მოსაპოვებლად ძალზე მნიშვნელოვანია, და არა მარტო სპორტში. რაც შეეხება ბუნებრივ ნიჭს, ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონმა რუსუდან სიხარულიძემ ასეთი რამ თქვა: „ლადო ტანვარჯიშისთვის იყო „აწყობილი.“ მაღალი ფეხები, გრძელი კისერი, მოქნილობა, კოორდინაცია. უბრალო ილეთებსაც მოხდენილად ასრულებდა, ხოლო მისი სამმაგი სალტო ნამდვილი საოცრება იყო.“ ლადოს სამმაგი სალტო და, საერთოდ, მისი შესრულებული თავისუფალი ვარჯიში მართლაც საუკეთესო იყო – ამას უკვე ლეონიდ არკაევი ამბობს, საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „გოგოლაძეს არსენალში უაღრესად რთული ილეთები ჰქონდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ ილეთებს ძალზე ლამაზად ასრულებდა. პირველად მან დაამუშავა ღერძზე რვაბრუნიანი კომბინაცია ცალი ხელით. ეს ზერთული ელემენტი იყო, სხვები იგივეს ორივე ხელით თუ ახერხებდნენ. ლადოს შეეძლო თავისი უნიკალური პროგრამით ნებისმიერი შეჯიბრება მოეგო. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ იოლი გამოსავალი იპოვა – ოთხ ბრუნზე მეტის შესრულება აკრძალა.“ არკაევი ძალიან მკაცრი, ჯიუტი კაცი იყო. საოლიმპიადო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა მხოლოდ შეჯიბრების წინა დღეს გამოაცხადა. უფრო ზუსტად, გუნდის ხუთი წევრის ვინაობა მანამდეც ყველამ იცოდა, მეექვსე წევრი კი ან ვალენტინ მოგილნი უნდა ყოფილიყო, ან – გოგოლაძე. საბოლოოდ, არჩევანი გოგოლაძეზე შეჩერდა. ეგ კი არა, საბჭოთა გუნდში პირველ ნომრად გამოსვლა სწორედ ქართველ ტანმოვარჯიშეს დაევალა, მაშასადამე, მთელი გუნდის ბედი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მის შედეგზე. ლადომ თავისი საქმე სრული ასი პროცენტით შეასრულა და თანაგუნდელებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.