ლაზური სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი (ილია ადამიას მიხედვით)

ლაზური სახლი − ლაზური ტიპის საცხოვრებელ სახლებს, რომლებშიაც უცხოვრიათ და ამჟამადაც ცხოვრობენ არა მარტო უძველესი ქართველური ტომის – ზანების, არამედ ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები − აჭარლები, „ლაზური სახლი” პირობითად ეწოდება, რადგან ამგვარ სახლებს წარსულში უმეტესად ლაზი ხელოსნები აგებდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ხელოსნები ყოველთვის მხოლოდ ლაზები იყვნენ.

ქართული საცხოვრებელი სახლის ეს ტიპი აჭარის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის სოფლების საცხოვრებელ ზონაში და, ნაწილობრივ, მესამე საცხოვრებელ ზონაში იყო გავრცელებული. ნიშანდობლივია, რომ პირველი საცხოვრებელი ზონის ტერიტორიაზე ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლები არსად არ გვხვდება, მაშინ, როცა ჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლები თითქმის სამივე ზონაში იყო წარმოდგენილი.

ლაზები თავიანთ საცხოვრებელ სახლებს „ოხოის” ეძახდნენ. ოხოი, იგივე ოხორი ლაზურად საცხოვრებელ სახლს ნიშნავს. მისი ადრინდელი მნიშვნელობით იგი ოჯახის აღმნიშვნელ სიტყვადაც არის ცნობილი. ლაზური სახლის გეგმის კომპოზიცია, მსგავსად აჭარული სახლისა, მართკუთხედს წარმოადგენდა ანდა კიდევ კვადრატს უახლოვდებოდა. ხშირად იგი ორ სართულად იყო აგებული და რთულ რელიეფში ჩამჯდარი. ოხორის (ოხოის) ქვედა სართული ისეთი სამეურნეო დანიშნულებისათვის იყო გამოყენებული, როგორიცაა მარანი, ხილის საშრობი, ბოსელი. მეორე სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა, რომელშიაც მთავარი ადგილი საოჯახო − საჯალაბო დარბაზს ეკავა. იგი ყველაზე ვრცელი იყო. მისი ფართი ოცდარვა-ოცდაათ კვადრატულ მეტრს აღწევდა. საოჯახო დარბაზს ყველგან თიხის იატაკი ჰქონდა, რომლის ერთ მხარეზე შუაცეცხლიკერა ანდა დიდი ტიპური ბუხარიოჯახ’ი იყო გამართული. თუ საოჯახო დარბაზში ორი კერა იყო მოწყობილი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ოხორი ორი ოჯახისაგან შედგებოდა. საოჯახო დარბაზს ჭერი არ ჰქონდა, ამიტომ კერის თავზე, პირდაპირ სახურავზე საფუტე ხვრელი − სარკუმე იყო დატოვებული. ტერმინი საფუტე ლაზურად კი − ოფუტე სიტყვა ფუტი’დანაა წარმოქმნილი, ასევეა, სარკუმე’ც რკუმა − კუმა, რომელიც ლაზურ-მეგრულადად „კვამლს” აღნიშნავს. სარკუმე’სთან უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვა სარკმელი’ც. ლაზური სახლის საოჯახო დარბაზში შესასვლელი ღია აივნიდან ანდა ზოგიერთ სახლებში − შუა დერეფნიდან იყო მოწყობილი, რომელსაც ნახევარ დერეფანს ეძახდნენ. ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი ხუთი-ექვსი და მეტი განყოფილებისაგან შედგებოდა. მრავალგანყოფილებიანი საცხოვრებელი სახლის გეგმის განვითარებას ორი სტადია ჰქონდა – სწორხაზობრივი და ცენტრალური. სწორხაზობრივად განვითარებული გეგმარება ევოლუციის პირველად სტადიას მიეკუთვნებოდა, რომელიც გეგმის კომპოზიციის წაგრძელებულ ფორმას წარმოშობდა, ხოლო საკუთრივ ლაზური საცხოვრებელი სახლის გეგმის კომპოზიცია ცენტრალური გეგმარების უძველეს ნიმუშს წარმოადგენდა. ამ კომპოზიციაში მთავარი ადგილი საოჯახო დარბაზს ისე ეკავა, რომ მის გარშემო ოთახები ცენტრალურად იყო განლაგებული. ლაზური სახლის გეგმის კომპოზიციის ცენტრალური გეგმარების სქემა ტიპური კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის გეგმის კომპოზიციის სტრუქტურას მოგვაგონებს.

აჭარაში მეორე საცხოვრებელი ზონა, პირველ საცხოვრებელ ზონასთან შედარებით, ხის მასალის სიუხვეს მოკლებული იყო, რადან ზონაში მისი დეფიციტურობა აშკარად შეიმჩნევა. ამიტომ იქ გავრცელებული სახლების თხელკედლიან კონსტრუქციებში საკედლე მასალად გაბრტყელებული რიყის ქვის ფერადი ჯიშები იყო გამოყენებული, რომლითაც აჭარის-წყლის, ჭოროხისა და ზღვის სანაპიროები საკმაოდ მდიდარი იყო. გამოირჩეოდა რიყის ქვისაგან ნაგები კედლების კონსტრუქციული სტრუქტურაც. ოთხკუთხოვანი კვეთის მქონე ხის ლარტყები ერთმანეთში ჭდობით იყო ჩამჯდარი, რომლის მეშვეობით კვადრატული ხვრელებისაგან შედგენილი ბადე იყო მიღებული. ხვრელთა ზომები რიყის ქვის ზომების მიხედვით იყო შერჩეული, დაახლოებით 18X18 სმ., 20X20 სმ. და 25X25 სმ. აღნიშნულ ხვრელებში სხვადასხვა ფერის რიყის ქვები იყო ჩასმული. ამგვარად, სხვადასხვა ფერის რიყის ქვებისაგან კედლის სიბრტყის მხატვრული დამუშავების მოზაიკური სახის უნიკალური ნიმუშები იყო მიღებული, რომლებიც მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლის ფასადი მარტივი კომპოზიციით ხასიათდებოდა, რომლის ელემენტები აჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლის მკვეთრი პროფილის მქონე ელემენტებს ძალზე ენათესავებოდა. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ აჭარული სახლის სილუეტი შედარებით დინამიური იყო. ამავე დროს აჭარული სახლის ექსტერიერი ტრადიციული ხუროთმოძღვრული სამკაულებით მორთული არ იყო, მაშინ, როცა ლაზური სახლების ფასადებზე, ჩუქურთმების მრავალფეროვანი არშიების მოტივები და ცალკეული ნიმუშები, რაც დღემდე ფრაგმენტების სახით კანტი-კუნტად შემორჩენილია, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული სამკაულებით ფასადის მორთვის ტრადიციას ამჟღავნებენ, რითაც აღნიშნული კომპოზიციები თავიანთი სიუჟეტითა და ხუროთმოძღვრული დამუშავების ტექნიკით კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის სივრცობრივ კომპოზიციებს უახლოვდება.


ლიტერატურა

ადამია, 1967; მგელაძე, შოშიტაშვილი, მიქელაძე, ტუნაძე, 2009.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები