მწყემსთა პოეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწყემსთა პოეზიაქართული ფოლკლორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაკადი. ყურადღებას იქცევს მრავალფეროვანი შინაარსითა და მაღალპოეტურობით. მწყემსთა პოეზიის ჩასახვა შინაურ ცხოველთა მოშენების და მომრავლების უხსოვარ დროს მიეკუთვნება. ხალხური შემოქმედების მრავალ ნიმუშს ქმნიდნენდა და კვლავაც ქმნიან მწყემსები. ისინი პოეტური ხალხია, მხატვრული სიტყვის ძალას მთელი გულით განიცდიან და მსმენელსაც განაცდევინებენ. მწყემსთა მნიშვნელოვანი ხაწილი მეცხვარეები არიან. საქართველოს სამწყემსავ პირუტყვთა შორის ცხვარს უპირატესი ადგილი უჭირავს. სწორედ ყველაზე მეტი ლექსიც ამ უეწყინარ ცხოველს ეძღვნება.

მწყემსური ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელი მარცხით და ხიფათით, ძნელად გადასალახავი გასაჭირითა და უბედური შემთხვევებით. ამის გარეშეც თვით მუშაობის პირობები მწყემსისა ერთობ ძნელია. იგი მუდამ გარეთ დახეტიალობს და მომთაბარე, ცხოვრებას ეწევა. მწყემსების ძნელბედობა, გულის ხვაშიადი კარგადაა დახატული მათსავე ლექსებში, ლირიკასა და ლირო-ეპიკაში. სოციალურ ურთიერთობათა ასახვის თვალსაზრისით მწყემსური პოეზია არ წარმოადგენს ერთიან ნაკადს. მასში გამოძახილი ჰპოვა ყველა ეპოქამ, ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა ძვრებმა. მწყემსთა პოეზიიისთვის დამახასიათებელია სიუჟეტიანობა. იშვიათია ლექსი, გარკვეულ ამბავს ან შემთხვევას რომ არ ემყარებოდეს. განსაკუთრებით გამოირჩევა მეკობრეობის ამსახველი ნაწარმოებები და ე. წ. „მკვდრის ლექსები“. გამომსახველობითი საშუალებების მდიდარ კომპლექსში სახეობრივი აზროვნების საფუძვლად ხშირადაა გამოყენებული შინაური და გარეული ცხოველები, აგრეთვე ფრინველები, სტიქიური ძალები.

მრავალ ლექსში გვხვდება პოეტური მეტყველების ისეთი ფართოდ გავრცელებული სახე, როგორიცაა განპიროვნება. გარე სამყარო მწყემსისადმი ინდიფერენტულად კი არ არის განწყობილი, არამედ ადამიანივით განიცდის მის ბედს თე უბედობას. აღსანიშნავია მხატვრული ხერხები, რომლებიც პროფესიონალიზმებს ემყარება და მწყემსთა მხატვრული აზროვნების ბუნებას ყველაზე უკეთ გვიჩვენებს.

ნ. შამანაძე

ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • ნ. შამანაძე, მეკობრეობის ასახვა მწყემსთა პოეზიაში ბათუმის ინსტიტუტის შრომები, ტ. III, 1964 წ., გვ. 104;
  • ნ. შამანაძე, მწყემსთა პოეზიის მხატვრული თავისებურებანი, ლიტ. ძიებანი, ტ. XV, 1963, გვ. 256.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები