ქართული ფოლკლორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ფოლკლორი – მრავალფეროვანი სიტყვიერი, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, გამომსახველობითი, საყოფიერო და რელიგიური შინაარსის ნაწარმოებთა დიდძალი მარაგი, რომელიც ქართველ ტომებს შეუქმნიათ ათასეული წლების მანძილზე და შემოუნახავთ ზეპირი ტრადიციების მეოხებით. ადრინდელი სინკრეტიზმის პერიოდიდან მოყოლებული ეს ძვირფასი კულტურა სამეურნეო-მატერიალური ცხოვრების შესაბამისად ზოგჯერ ნელი, ზოგჯერაც ნახტომების გზით ვითარდებოდა, აღწევდა მხატვრული სრულყოფის მაღალ ესთეტიკურ საფეხურს და ეროვნულ საუნჯედ ლაგდებოდა.

ქართული ფოლკლორის თითოეულ განაყოფს მისთვის დამახასიათებელი ნიშნეულობანი და სიმდიდრე გააჩხია. ქართული ფოლკლორი შეუდარებლად ხანგრძლივი წარსულის მქონეა, მისი მეცნიერული გამოკვლევის თვალსაზრისით მაღალ დონეს მიაღწია მემკრებლობითმა ფოლკლორისტიკამ, ყველა უბანზე შეგროვდა დიდძალი ფაქტიური მასალა, რომლის დამუშავება და პუბლიკაცია თანამედროვე მეთოდებითა და საშუალებებით წარმოებს. კლასიფიცირებული და გამოქვეყნებულია ათეულობით ტომი უნიკალური ტექსტების და ნოტებისა, სანახაობრივი და გამომსახველობითი ხელოვნების ფაქტებისა. საიმედოდ დოკუმენტირებული ძეგლების შესასწავლად ფართო კვლევა-ძიებაა გაჩაღებული, რომ სრულყოფილად იქნეს წარმოდგენილი ხალხის სულიერი მოძრაობა და მომავალ თაობათა ღირსსახსოვარი საუნჯე.

ქართული ფოლკლორის სიტყვიერი ნაწილი მაშინვე იწყებს ფორმირებას, როგორც კი ქართული სამეტყველო ენა ჩნდება და მკვიდრდება. ენის გარეშე სიტყვიერ ფოლკლორს არსებობა საზოგადოდ არ შეუძლია და ამ კანონს არც ჩვენი ისტორიის უუშორეს საფეხურზე ჰქონია გამონაკლისი. პირველი ნაბიჯები ამგვარი სიტყვათშემოქმედების და მხატვრული ქმნადობისა უცვლელი სახით მოღწეული არ არის. ამისდა მიუხედავად ჩვენ ზოგადად მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ მონადირეობის, მესაქონლეობის თუ მიწათმოქმედების ადრინდელი ეტაპების თანმხლებ ზეპირსიტყვიერებაზე, უმარტივეს მაგიურ თუ მითოლოგიურ წარმოდვენებზე, რომლებიც შემუშავებულ იქნა ბუნებისა და საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ. მზე და მთვარე, ვარსკვლავები, მაშინდელი გაგებით, ადამიანიკვით სულიერი არსებებია. ნათესაობა აქვთ ადამიანებთან, ხოლო უკანასკნელთაგან განსხვავებით ცაში ცხოვრობენ და ყოვლის შემძლენი არიან. ცხოველთა და მცენარეთა სამყარო ადამიანთა მიმართ ხან კეთილად განეწყობა, ხან კიდევ ბოროტ სახეს იღებს და მის დაღუპვას ლამობს. სიტყვიერი მაგია, ტაბუ და ფეტიშიზმი – ამგვარი ურთიერთობის ანარეკლია და ქართველთა ყოფას იმთავითვე თან სდევდა. ზესკნელ-ქვესკნელ-გარესკნელის დანახვა და დიფერენცირება სიტყვიერი შემოქმედების უძველესი ფენებიდან მომდინარეობს. წარმოდგენების ამგვარი კომპლქსი თანდათან საფუძვლად დაედო სიტყვიერი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს. ხელოვნების უადრესი სინკრეტიზმიდან სიტყვა, მუსიკა, მოქმედება და სანახაობა თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში გამოიყო და საკუთარი გზით იწყო სვლა მეტ-ნაკლები წარმატებებითა და დამოუკიდებლობით.

სიტყვა-აზრი სიტყვა-საქმე სიტყვა-მხატვრობა განუყრელ კომპლექსებად გვევლინებიან ადამიანთა თანამშრომლობის მთელ მანძილზე და განვითარების რთულ გზას გადიან. ძნელია იმის თქმა, თუ როდის გაფორმდა ზუსტად ზეპირსიტყვიერების ესა თუ ის ჟანრი, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქართულ ფოლკლორში ეპოსი, ლირიკა და დრამა მეტად შორეულ წარსულში ჩაისახა, და ინტენსიური განვითარება იწყო საზოგადოებრიე ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში.

ლიტერატურულ საფეხურს ქართულმა ცივილიზაციამ გვიან მიაღწია: მანამდე მას არსებობის ორჯერ მეტი ხანგრძლივობა ჰქონდა, ვიდრე დამწერლობის შემოღების შემდეგაა განვლილი. სულ მცირე ქართველთა ისტორიის ორი მესამედი უმწერლობის ხანაზე მოდის. ცხადია, ადრინდელი ისტორიის ამ დიდ მანძილზე ჩვენს ხალხს მხატვრული სიტყვიერების გარეშე არ შეეძლო ყოფნა. არათუ არ შეეძლო, მისთვის ეს აუცილებელიც იყო, როგორც სამეურნეო და სულიერი ცხოვრების მიღწევათა დაგროვების, გავრცელების და მემკვიდრეობით გადაცემის ძირითადი საშუალება. სწორედ ამ პერიოდში აღწევს ზეპირსიტყვიერება ფართო განშტოებას, ჟანრთა და გვართა სიუხვეს. იგი სრულ გაქანებას იღებს თავისუფალი შემოქმედების გზაზე, რადგან დამწერლობა ჯერჯერობით შემუშავებული არ არის და ხალხის მთელი სასიცოცხლო ძალები, მხატვრული პოტენცია, ფოლკლორს ემსახურება; მასში პოვებს უპირველეს გამოხატულებას. ამის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკლასო საზოგადოებაში, სახელდობრ წინაფეოდალურ სტადიაზე, ქართული დამწერლობის გაჩენამდე სიტყვიერი ფოლკლორული ჟანრები არანაკლებ მრავალრიცხოვანია, ვიდრე მომდევნო ჰერიოდში, როცა შემოქმედებითი ძალების გადაჯგუფება მოხდა და მისი თვალსაჩინო ნაწილი, შეიძლება უფრო მოქმედი და ნივთაერად უზრუნველყოფილი, ლიტერატურაში გადაბარგდა.

თუ ისტორიულ პერსპექტივებს და სხვა ერთა გამოცდილებას გავითვალისწინებთ, უნდა დავასკვნათ რომ დამწერლობამდეც (IV-V სს) ქართულ ფოლკლორში ადგილი ჰქონდა სიტყვიერი ხელოვნების გარკვეულ გვარებსა და ჟანრებს, მიახლოებით ეს სტრუქტურა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

I. ეპოსი, თავისი ჟანრებითა და სახეებით:

  • ამბავი-თქმულება (ისტორიული, ტოპონიმური, გმირული, სოციალური, უტოპიური);
  • მითი (კოსმოგონიური, ეტიოლოგიური; პოლითეისტური, მონოთეისტური);
  • გადმოცემა (კოსმიური, ეპონიმური, ტოპონიმური, ისტორიული, დემონოლოგიური, გმირული);
  • ლეგენდა (სარწმუნოებრივი, ზებუნებრივი, დემონოლოგიური);
  • ზღაპარი (ცხოველთა, საგმირო-ფანტასტიკური, ჯადოსნური, ნოველისტური);
  • სიმღერა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული);
  • ბალადა (მითოლოგიური, საგმირო, ისტორიული, სამიჯნურო, რელიგიური);
  • პოემა (სარწმუნოებრივი, ისტორიული, საგმირო, მეკობრული, მწყემსური);
  • შელოცვა (კოსმოგონიური, სამკურნალო, სამეურნეო);
  • ანდრეზი (საგვარეულო, საოჯახო, ინდივიდუალური);
  • სადიდებო (პოლითეისტური, მონოთეისტური);
  • წინასწარმეტყველება (კალენდარული, მეტეოროლოგიური, კოსმიური, სალაშქრო, მეკობრული, სარწმუნოებრივი, საყოფიერო);
  • ფიცი (სარწმუნოებრივი საყოფაცხოვრებო, სოციალური);
  • წყევლა (დემონოლოგიური, საყოფიერო, კულტურულ-ისტორიული);
  • იგავი (ცხოველთა, სოციალური);
  • ანეკდოტი (ეთნიკური, ისტორიული, საყოფაცხოვრებო).


II. ლირიკა, თავისი ჟანრებითა და სახეებით:

  • შრომის ლექსი (ურმული, გუთნური, თოხნური, სამკალი, კალოური, მთიბლური, საწყალზედო, სამონადირო, სამეთუნეო, ბარვისა);
  • კალენდარული ლექს-სიმღერები (ალილო, საახალწლო, სააღდგომო, ჭონა, საბერიკო, საყეენობო);
  • მაყრული (მგზავრული, სატრფიალო);
  • სწორფრული (წაწლობა, სწორფრობა, სადობილძმობილო).
  • სუფრული (დალოცვა, თამადური, მრავალჟამიერი);
  • ხმით ნატირალი ლექსები (მოთქმა, მოსაგონარი, ზრუნი, ზარი, სულთა გადასასვენებელი);
  • ეპიტაფია (ისტორიული, ფილოსოფიური);
  • ქება (ისტორიული, სატრფიალო, სარწმუნოებრივი, პერსონალური);
  • ელეგია (საყოფიერო, საოჯახო, პატრიოტული);
  • გაბაასება (კოსმოგონიური, ხილთა ქება, ქალვაჟიანი);
  • კაფია (ცალფა, ორფა);
  • გალექსება (ტერიტორიული, ტომობრივი, პერსონალური);
  • საგმირო ლექსი (ისტორიული, მხედრული, მეკობრულია;
  • შაირი (სატრფიალო, საგინგლაო, ფილოსოფიური);
  • აფორიზმი (ისტორიული, საყოფიერო, ფილოსოფიური);
  • ანდაზა (ფილოსოფიური, საზოგადოებრივ-ისტორიული);
  • სიტყვის მასალა (ისტორიული, საყოფიერო);
  • გამოცანა (მითოლოგიური, რეალისტური);
  • ზმა (ისტორიული, საყოფიერო).

III. დრამა, თავისი ჟანრებითა და სახეებით:

მისტერია (წარმართული, ქრისტიანული); სანახაობრივი მოქმედებანი (ფერხისა ბერიკაობა ყეენობა, ლაზარობა, სოციალური, სადღეობო): კომედია (სოციალური, საყოფაცხოვრებო); საკუთრივ დრამა (კოსმოგონიური, სოციალური).

უმრავლეს შემთხვევაში ფოლკლორული ჟანრი სუფთა სახით ნაკლებად გვხვდება; თითოეულ ნაწარმოებში თავს იჩენს მომიჯნავე ჟანრის ნიშნეულობა, მაგრამ ნიმუშების გამოყოფა-კლასიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ძირითად მაჩვენებლებსა და ტრადიციას აქვს. განსაკუთრებით ეს ითქმის ლირო-ეპიკურ ნაწარმოებთა ჯგუფზე. ფოლკლორული ჟანრი არ არის უცვლელი მოვლენა, მასზე გაქრობა-აღორძინების კანონი მოქმედებს. როცა ჟანრის ნიმუშები კლასიკურ დახეეწილობას აღწევენ, ისინი ეროვნულ საუნჯეში მკვიდრდებიან და მარადიულდებიან ჩაწერასთან ერთად.

ფოლკლორის ისტორია ისევე შესაძლებელია, როგორც მხატვრული შემოქმედების სხვა დარგებისა (ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა). ქართულ ფოლკლორს რთული ისტორია აქვს. ხალხური შემოქმედების ისტორია მასალას სხვადასხვა წყაროებიდან იღებს (დამწერლობა, არქეოლოგია, ეთნოგრაფია), მთავარი და განმსაზღლვრელი კი თვითონ სიტყვიერი ხელოვნების ფაქტებია, რომელთა შესწავლაც წარმოებს ისტორიული თვალსახრისით.

ქართულმა ფოლკლორმა განვითარების რამდენიმე საფეხური განელო. უძველესი ცნობები შემონახულია ანტიკური ხანის წერილობით თხზულებებში და არქეოლოგიურ ძეგლებზე, რომლებიც აღმოჩენილი არიან საქართველოს ტერიტორიაზე და ადგილობრივ ნაკეთობას წარმოადგენენ.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I-III, 1960-––72;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1975;
  • ქართული ფოლკლორი, მასალები და გამოკვლევები, I-III, 1964--69;
  • მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, თბ., 1971.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები