სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი
სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი – შეიარაღების ავტომატიზებული კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სახმელეთო და წყალზედა მიზნების აღმოჩენისთანავე დამრტყმელი საშუალებებით (სარაკეტო, საავიაციო) მათი დაუყოვნებლივ დაზიანებისათვის.
სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსში შედის: დაზვერვის და დამიზნების, დაზიანების (მაღალი სიზუსტის იარაღი), რადიოელექტრონული ჩახშობის, სანავიგაციო-დროებითი უზრუნველყოფის მართვის საშუალებები.
აშშ-ში შექმნილია სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი (1986) 500 კმ-მდე სიგანისა და სიღრმის ზოლში რადიოსალოკაციო ობიექტების დასაზიანებლად. მასში შედის:
- 10 სადაზვერვო და სარეტრანსლაციო თვითმფრინავი (მორიგე ცვლა – 3 თვითმფრინავი);
- მართვის სახმელეთო ცენტრი;
- სახმელეთო რადიოსანავიგაციო ქსელის 12 პუნქტი;
- დამრტყმელი თვითმფრინავებისათვის განკუთვნილი საბორტო მოწყობილობის 100 კომპლექტი და „ჰაერი-დედამიწა“ და „დედამიწა-დედამიწა“ მართვადი იარაღის 500-მდე კომპლექსი.
საბჭოთა კავშირში XX საუკუნის 60-იანი წლებში სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსი განკუთვნილი იყო წყალზედა ხომალდების დაჯგუფებების დასაზიანებლად. მასში საინფორმაციო-ტექნიკური კავშირებით ერთიანდებოდნენ წყალქვეშა ნავები დიდი სიშორის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებთან, ასევე სადაზვერვო თვითმფრინავის აღმოჩენისა და მიზანჩვენების რადიოლოკაციურ აპარატურასთან. ამ სახეობის სადაზვერვო-დამრტყმელი კომპლექსის მომდევნო თაობებში გაერთიანებულია წყალზედა ხომალდები და წყალქვეშა ნავები, საზღვაო კოსმოსური დაზვერვის და მიზანჩვენების სისტემითურთ, რომლებიც გამუდმებით აწარმოებენ წყალზედა ვითარების დაზვერვას მსოფლიო ოკეანის აკვატორიებზე.