ლამტვარალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლამტვარალი

ლამტვარალი - სვანური სახლის მაჩვიბის გასანათებელი საშუალება რომელსაც კიდებდნენ კერის თავზე, „შგილზე“. შედის სვანური კერის კომპლექსში.

გამოიყოფა მარტივი და რთული კონსტრუქციის ლამტვარალი. მარტივი კონსტრუქციის შედგება სამი ღერძისგან, რომლებიც აერთიანებს რკინის ორ მრგვალ დაბრტყელებულ რგოლს. ზედა რგოლი გუმბათისებური ფორმისაა. ქვედაზე კი რამდენიმე წვრილი რგოლი ისეა დარჩილული, რომ კვარი კარგად დაიდოს, ხოლო ნახშირი და ნაცარი კი ძირს ცვიოდეს. შუა ღერძზე ჯაჭვია მიბმული, რითაც ლამტვარალს შგილზე ჰკიდებდნენ.

რთული კონსტრუქციის ლამტვარალს რვა გარეთა ღერძი აქვს. ღერძები დაგრეხილია. სამი რგოლი ზევითაა და სამი ქვევით. შუა ღერძი ყველაზე გრძელია და გარეთა ღერძებამდე რკინის მრგვალი ჯოხებია გადებული. ღერძების გადაკვეთის ადგილები ზოომორფული ფიგურებითაა შემკული.

დასაკიდი ლამტვარალის გარდა სვანეთში დასადგმელი ლამტვარალიც გვხვდება, რომელსაც ძირითადად დროებით საცხოვრისში იყენებდნენ.

დასაკიდ ლამტვარალს სოფლის მჭედელი ამზადებდა: რკინას დაკვერავდნენ 70სმ–ის სიგრძის ოთხკუთხედებად („ლევთხუვე“) - 4 ან 5 ცალი სვეტებისთვის და ერთი რგოლისთვის („გირგველდ“). თანაბრად დაკვერილ რკინის ზოდს გაახურებდნენ, ერთ ბოლოს მუხრუჭით დაამაგრებდნენ, მეორეს მარწუხით დაატრიალებდნენ და დაგრეხდნენ. სვეტები უთუოდ დაგრეხილი უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მდიდრულად იყო შემკული ლამტვარალი, მით მეტად ფასდებოდა. უბრალო ლამტვარალის ფასი ერთი თხა იყო, მდიდრულად შემკულის კი - ერთი ძროხა.

ლამტვარალზე დასანათებ კვარს ოქტომბერ-ნოემბერში ამზადებდნენ. შემოდგომაზე დამზადებულ კვარს ცეცხლი, რომ კარგად მოჰკიდებოდა ახმობდნენ და მომავალ წელს იყენებდნენ. კვარი მზადდებოდა ფიჭვის ძირების და მორებისგან, მაგრამ ეს უკანასკნელი დაბალი ხარისხის იყო და მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა ოჯახს ფიჭვის ძირების საკმაო მარაგი არ ჰქონდა. ფიჭვის ძირის ამოთხრა მეტად შრომატევადი საქმე იყო და ამიტომ შრომის ორგანიზაციის კოლექტიურ ფორმას მიმართავდნენ. ზოგ დიდ ოჯახში კვარის 2-3 წლის მარაგი ჰქონდათ.

ფიჭვის მორის კვარი ნაკლებ სინათლეს გამოსცემდა, ფესვის კვართან შედარებით. ამიტომ ხშირად შერეულ კვარს ანთებდნენ მაჩუბი რომ ზომიერად განათებულიყო. საუკეთესო კვარს „ცუბ“-ს უწოდებდნენ.

დასანთებად კვარის დაპობა კაცის საქმე იყო, მისი სახლში შემოტანა კი ქალების და ბავშვების. ოჯახი კვარს ფრიად მომჭირნედ ხარჯავდა, ვინაიდან მისი დამზადებისათვის ხანგრძლივი შრომა იყო საჭირო.

ლამტვარალის შესამკობად გამოყენებული იყო შინაური და გარეული ცხოველების სტილიზებული გამოსახულებები, რაც ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. ეს ქმედებები მაგიური მნიშვნელობის იყო და ხალხის რწმენით ნაყოფიერება-გამრავლებასა და ოჯახის დოვლათიანობასთან იყო დაკავშირებული.

ლიტერატურა

მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961. ხ.ც.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები