ათონი (მთა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათონის მთა

ათონის მთა - მთა, რომელიც მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. ათონის მთაზე მონასტრების დაარსების შემდეგ იგი იწოდება წმინდა მთად. ათონის მიდამოები ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებითაა დამშვენებული. ირგვლივ ტყე აკრავს და თბილი, ჯანსაღი ჰავა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მის შემოგარენს.

ათონის მთის გაჩენაზე ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, თითქოს ამ ადგილზე ერთმანეთს ეხეთქებოდნენ საომრად აღძრული გიგანტები და ღმერთები. თრაკიელი გიგანტის მითიური სახელი ყოფილა ათოსი. (თრაკია ბულგარეთის ერთ-ერთი რეგიონია.) ამ მითის მიხედვით ბრძოლის მიზანი იყო ღმერთებსა და გიგანტებს შორის საზღვრების დადგენა. ათოსმა მოატეხა დედამიწას უზარმაზარი კლდე და ესროლა ზღვაში ამომართულ პოსეიდონს. ამ კლდით ზღვაში გაჩნდა ხმელეთი. ხმელეთს ათოსის პატივსაცემად ეწოდა ათონი, რომელიც ბერძნულად გამოითქმის როგორც ათოსი. ეგეოსის ზღვაში შეჭრილი მთიანი ნახევარკუნძული გაჩნდა- ვითარცა საზღვარი - გიგანტთა და ღმერთთა საბრძანებელთა შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, დაახლ. 44 წ. ათონის მთაზე იმყოფებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მან თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „დაე ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა მე ჩემი ძისა და ღმერთის მიერ. დაე დაივანოს მისმა მადლმა ამ ადგილას და აქ მცხოვრებლებზე.“

ამგვარად, ათონის მთა, ისევე როგორც საქართველო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია, რის გამოც მათ შორის ძველთაგანვე სულიერი კავშირი არსებობდა.

სავარაუდოდ ბერებმა ათონზე დასახლება დაიწყეს მე-7 საუკუნიდანვე, მაგრამ მძლავრი სამონასტრო მშენებლობა ათონზე მე-10 საუკუნიდან დაიწყო. ერთ-ერთი პორველი მონასტერი, რომელიც ნახევარკუნძულზე აშენდა, იყო ივერიის ქართული სავანე. ამჟამად ათონზე 20 დიდი მონასტერი, მრავალი სკიტი (მცირე მონასტერი) და ასეულობით განმარტოებული კელიაა. 20 მონასტრიდან 17 ბერძნულია, თითო-თითო მონასტერი აქვთ სერბებს, ბულგარელებსა და რუსებს. სხვა მართლმადიდებლური ერების წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი სკიტები. (სამწუხაროდ, ასეთი სკიტიც კი არა აქვთ ქართველებს. სხვადასხვა მონასტერში რამდენიმე ქართველი ბერი და მორჩილია).

ათონის მთა ავტონომიის უფლებით შედის კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში. ნახევარკუნძულზე შესვლა შეიძლება მხოლოდ სპეციალური ვიზით, რომელსაც საბერძნეთის საპატრიარქო გასცემს.

ქალებს ათონის მთაზე შესვლა ეკრძალებათ, ასევე აკრძალულია მდედრობითი სქესის ცხოველი და ფრინველიც კი.

წყარო

ბარბაქაძე ლია - ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,-თბილისი 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები