გამყრელიძე თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამაზ გამყრელიძე

თამაზ გამყრელიძე – (დ. 23 ოქტომბერი, 1929, ქუთაისი – გ. 10 თებერვალი, 2021) — ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (2005-იდან). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), სსრკ (ამჟამად რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979), ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1978); ევროპის მეცნიერებათა აკადემიის („აკადემია ევროპეა“) ნამდვილი წევრი (2006), ბრიტანეთის აკადემიის (1930) და ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის (1983) უცხოელი წევრი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1988); ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი (1986–87 – პრეზიდენტი), ბონისა (1994) და ჩიკაგოს (1995) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ინდო-გერმანული საზოგადოების (გფრ) საპატიო წევრი (1984), ჟურნ. „ვოპროსი იაზიკოზნანიას“ მთავარი რედაქტორი (1988–95).

დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით (1952). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა (აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი 1973–2005, შემდგომ – საპატიო დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე) და თსუ-ში (სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე 1966-იდან, გ. ახვლედიანის სახ. ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგე 1998-იდან).

გამყრელიძე თანაბარი წარმატებით მოღვაწეობდა როგორც თეორიული ენათმეცნიერების, ისე ქართველოლოგიისა და ინდოევროპეისტიკის სფეროებში.

გამყრელიძის ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ (1959). სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გ. მაჭავარიანთან ერთად შექმნილმა მონოგრაფიამ „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965), რომელშიც ახლებურადაა აღდგენილი საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები (გერმ. თარგმ. 1982). ნაშრომში „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა“ (1989, ი. ჯავახიშვილის სახ. პრემია, 1992, ინგლ. ენაზე, აშშ, 1995) ძვ. ქართული ანბანური დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების საკითხების შესწავლა ემყარება არა „გამოხატულების პლანის“ გარეგანი გამოვლინების განხილვას, არამედ „შინაარსის პლანის“ უფრო არსებით, შინაგან სტრუქტურულ მონაცემებს ძვ. სემიტური, ძვ. ბერძნული და ძვ. ქართული წერილობითი სისტემების სტრუქტურულ-ტიპოლოგიურმა შეპირისპირებამ გამოავლინა ქართული დამწერლობის დამოკიდებულება ძვ. ბერძნულ და არა ძვ. სემიტურ სისტემაზე, რომელსაც, ჩვეულებრივ, უკავშირებდნენ ძვ. ქართულ ასომთავრულ დამწერლობას. ნაშრომში განხილულია ძვ. ქართული წერის სტრუქტურული მახასიათებლები და გარკვეულია მისი ტიპოლოგიური ადგილი ადრექრისტიანული ხანის დამწერლობათა შორის (კოპტური, გოთური, ძვ. სომხური და ძვ. სლავური), რომლებიც შეიქმნა აღმოსავლეთ-ქრისტიანული კულტურულ სამყაროში. განსაკუთრებულია გამყრელიძის ღვაწლი შედარებითი ინდოევროპეისტიკის დარგში. ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ფონემური სისტემის კვლევისას გამყრელიძემ გარკვეულწილად დაასუსტა და შეავსო ფ. დე სოსიურის „სონანტური კოეფიციენტების“ კონცეფციის საფუძველზე შექმნილი ე. წ. „ლარინგალური თეორია“, რომელიც ეხება ინდოევროპულ ხმოვანთა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხანგრძლივ და რთულ პროცესს.

გამყრელიძის მიერ ე. ივანოვთან ერთად შემუშავებული „გლოტალური თეორია“ გვთავაზობს ინდოევროპულ თანხმოვანთა სისტემის პრინციპულად ახალ პარადიგმას ინდოევროპულ ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებაში. ეს ჰიპოთეზა არსებითად ცვლის ინდოევროპელ ტომთა მიგრაციის ტრადიციულ სურათს. ინდოევროპულ ფუძეენისა და პროტოკულტურის რეკონსტრუქციის მიზნით ჩატარებული ხანგრძლივი კვლევა-ძიება შეჯამებულია ორტომიან ნაშრომში „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები, ფუძე-ენისა და პროტო-კულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი“ (თბ., 1984, რუს. ენაზე, ე. ივანოვის თანაავტორობით და რ. იაკობსონის წინასიტყვაობით; ინგლ. ენაზე: ბერლინი–ნიუ-იორკი, 1994-95), ნაშრომს 1988 მიენიჭა ლენინური პრემია. 2003 თსუ-ში გამოიცა გამყრელიძის ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელო „თეორიული ენათმეცნიერების კურსი“ (თანაავტორებთან ერთად).

გამყრელიძის გამოკვლევაში „ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის პრობლემისათვის“ (1972) მოცემულია ახლებური ინტერპრეტაცია ენობრივი ნიშნის პირობითობისა და ნილს ბორის „დამატებითობის პრინციპის“ თვალსაზრისით.

XX ს. 80-იან წწ-ში გამყრელიძე იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სახალხო დეპუტატთა ყრილობების მონაწილე მოსკოვში, სადაც 1989 მკვეთრად კრიტიკული გამოსვლები ჰქონდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. იყო საქართველოს უზენაესი საბჭოსა და რამდენიმე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (1990-92: 1990. 2003), საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი.

გამყრელიძე არის ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (გფრ, 1989), ი. ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (თსუ, 1992) დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). 2000 მიენიჭა „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდება. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ჯ. გიუნაშვილი
ნ. გიოშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები