გლოვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლოვა - არის მძიმე დანაკლისზე უნებლიე ემოციური და ქცევითი რეაქცია. გლოვა უწყვეტი პროცესია, მაგრამ მეტი სიცხადისთვის ის შეიძლება სამ საფეხურად დაიყოს.

სარჩევი

პირველი საფეხურის

პირველი საფეხურის ხანგრძლივობა რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე შეიძლება იყოს. ამ დროს ვხედავთ უარყოფას, რაც ვლინდება ემოციური რეაქციის სისუსტეში („ემოციური სიჩლუნგე”). მას ხშირად თან ახლავს არარეალურობის განცდა. პიროვნება ბოლომდე ვერ აღიქვამს ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას. ის შეიძლება მოუსვენრად იყოს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თითქოს გარდაცვლილ ადამიანს ეძებს.

მეორე საფეხური

მეორე საფეხური რამოდენიმე კვირიდან დაახლოებით 6 თვემდე გრძელდება, თუმცა, შეიძლება ბევრად უფრო დიდხანს გასტანოს. ამ დროს ადამიანი წუხს, ტირის, მას ეუფლება მარტოობის განცდა და პერიოდულად გარდაცვლილი ადამიანი ძლიერ ენატრება. ამ საფეხურზე შფოთვა ჩვეულებრივი მოვლენაა. პიროვნება, რომელმაც დანაკლისი განიცადა, შფოთვიანი და მოუსვენარია, აქვს ცუდი ძილი, უჩივის უმადობას და შეიძლება პანიკის შეტევები ჰქონდეს. ბევრ ადამიანს აქვს დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ გარდაცვლილს საკმარისად კარგად ვერ მოუარა. ზოგიერთი ადამიანი განიცდის სიბრაზეს და საკუთარი დანაშაულის განცდის პროექციას ახდენს (მაგ., ადანაშაულებს ექიმებს ან სხვა ადამიანებს იმაში, რომ მათ მაქსიმალურად კარგად არ მოუარეს გარდაცვლილს). ბევრ მათგანს აგრეთვე ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს გარდაცვლილი ადამიანი მათ გვერდითაა. დაახლოებით ათიდან ერთს შეიძლება ხანმოკლე ჰალუცინაციებიც ჰქონდეს (Clayton, 1979). პიროვნება გამუდმებით იგონებს გარდაცვლილ ადამიანს და ხანდახან ამ მოგონებებს აკვიატებული ხატების სახე აქვს. ხშირია სოციალური ურთიერთობებისთვის თავის არიდება. გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს ფიზიკური ხასიათის ჩივილები (Parkes and Brown, 1972). დაქვრივებული ქალები უფრო ხშირად ითხოვენ სამედიცინო დახმარებას, ვიდრე ისინი, ვისაც დანაკარგი არ განუცდია (Stein and Susser, 1969).

მესამე საფეხური

მესამე საფეხურზე ეს სიმპტომები სუსტდება და ადამიანი ყოველდღიურ საქმიანობას უბრუნდება. პიროვნება თანდათანობით ურიგდება დანაკარგს და იხსენებს იმ სასიამოვნო წუთებს, რომლებიც გარდაცვლილ ადამიანთან ერთად გაუტარებია. ხშირად სიმპტომები ხელახლა იჩენს თავს, რაც გარკვეულ თარიღებთან არის დაკავშირებული (მაგ., გარდაცვალების დღე).

მართალია, ამ საფეხურების ცოდნა სასარგებლოა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალური რეაქციები არ არის ყოველთვის ერთნაირი და არც ერთი მახასიათებელი არ არის უნივერსალური (Schuchter and Zisook, 1993


ანომალიური ანუ პათოლოგიური გლოვა

გლოვა ანომალიურია, თუ ის უჩვეულოდ ინტენსიურია, გახანგრძლივებულია, დროში გადავადებული ან სახეშეცვლილია. პათოლოგიური ინტენსივობის კრიტერიუმები იგივეა, რაც დეპრესიული აშლილობის სიმპტომებისა. მიიჩნევა, რომ რეაქცია პათოლოგიური ხანგრძლივობისაა, თუ ის ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება. რეაქცია დაგვიანებულად მიიჩნევა, თუ ადამიანი არ გაივლის დარდის პირველ ეტაპს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებიდან ორი კვირის მანძილზე. დარდის ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია იმ სიტუაციებისა და ვითარებებისთვის მუდმივად თავის არიდება, რომლებიც სიკვდილს უკავშირდება.

პათოლოგიური ინტენსივობის დარდი

სიმპტომები ნორმალური დარდის კომპონენტებია. იმ ადამიანების 35%-ს, რომლებმაც მძიმე დანაკარგი განიცადეს, გლოვის რომელიმე ეტაპზე უვითარდება დეპრესიული აშლილობის სიმპტომები (Schuchter and Zisook, 1993). უმეტეს შემთხვევაში დეპრესიული აშლილობა ექვსი თვის მერე აღარ აღინიშნება, მაგრამ დაახლოებით 20%-ს ის დიდი ხნის მანძილზე შეიძლება შეუნარჩუნდეს. თუ იმ ადამიანების ერთ მესამედს, რომელმაც დანაკარგი განიცადა, რომელიღაც ეტაპზე დეპრესიული აშლილობის სიმპტომები აღენიშნება, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დადგენილი ზღვარი ზედმეტად დაბალია. თუმცა, დეპრესიული აშლილობის სიმპტომების მქონე ადამიანების შემთხვევაში უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მათ ჰქონდეთ ცუდი სოციალური ადაპტაცია, რომ ხშირად დადიოდნენ ექიმებთან და ავად მოიხმარდნენ ალკოჰოლს (Schuchter and Zisook, 1993). ამიტომ, ამ კრიტერიუმების გამოყენებასა და დეპრესიული აშლილობის დამატებითი დიაგნოზის დასმას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. როდესაც არსებობს ეჭვი დეპრესიულ აშლილობაზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რეტარდაციისა და თვითშეფასების ზოგადი დაქვეითების სიმპტომებს, რადგანაც ეს მახასიათებლები იშვიათად გვხვდება ჩვეულებრივი გლოვის დროს (Jacobs et al., 1989).






წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები