ეთნიხ-აგნიხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეთნჷხ-აგნჷხ-ი (აფხ. Иаҭных-Агных) – გუდაუთის რაიონის სოფ. კალდახვარაში მცხოვრები ამფარების საგვარეულოს მფარველი სული. როგორც ჩანს, იგი კავშირშია ზღვასთან (აფხ. ара – ზღვა, аныха – ხატი; ტერმინის პირველი ნაწილი გაუგებარია) და საგვარეულო ლოცვაც ზღვის ნაპირზე იმართება.

გადმოცემის თანახმად, ძველად ღრუბლის სახით მოვლენილ მრისხანე არსებას ამფარების გვარიდან ყოველწლიურად მიჰყავდა ზღვის ნაპირთან თავისი ფეხით მოსული ქალიშვილი. ბოლოს ერთ-ერთმა ამფარმა ეთნიხ-აგნიხს სთხოვა ადამიანის მსხვერპლი ციკნით შეეცვალა და გაენთავისუფლებია მისი გვარი ამ მძიმე ხარკისაგან. მანაც შეისმინა ეს თხოვნა. იმ დღიდან მოყოლებული ამფარების გვარი (ქალების გამოკლებით) ყოველწლიურად გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ზღვის ნაპირზე გადის და ეთნიხ-აგნიხს ციკანსა და ოთხკუთხა ფორმის უზარმაზარ ფეტვის პურს სწირავდა. ეს მსხვერპლშეწირვა თავისებური წესით სრულდებოდა: ციკანს დაკლავდნენ და სხვა ადგილზე გაატყავებდნენ, ხორცს ერთაგან დაჭრიდნენ და სხვაგან მოხარშავდნენ, ჭამითაც სხვა ადგილზე შეჭამდნენ. საინტერესოა, რომ მსხვერპლშეწირვის ასეთივე წესი ჰქონდათ ჩერქეზებსაც საქონლის მფარველი ღვთაების, ახინის, სახელზე გამართული დღესასწაულის დროს.

ეთნიხ-აგნიხის სახელზე ლოცულობენ მაშინაც, როცა ზღვისპირზე გარკვეული მიზეზით დიდხანს რჩებიან.

ზოგიერთი ავტორი, ცდილობს ეთნიხ-აგნიხი ზღვის მფარველ ღვთაებად წარმოგვიდგინოს, თუმცა ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას არსებული მასალა არ იძლევა. ამფარების საგვარეულო სალოცავის ზღვასთან კავშირი, როგორც ჩანს, აიხსნება ამ გვარის შესახებ არსებული გადმოცემით, რომლის თანახმად ამფარები შავი ზღვის გადაღმა მხრიდან არიან მოსულები.


ლიტერატურა

  • А. Чукбар. Эт-ных-Аг-ных // СЗМ. 1912. №7;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Ш.Д. Инал-ипа. Абхазы (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • მისივე. Вопросы этно-культурной истории абхазов. Сух., 1976;
  • В. Пачулиа. В краю золотого руна. М., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები